ირანი. დაქორწინებული ქალის მიერ ქვეყნის დატოვების უფლება. ივლისი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის თანახმად, ქორწინებაში მყოფ ქალებს, ირანის საზღვრებს გარეთ გასამგზავრებლად, ესაჭიროებათ ქმრის მიერ წინასაწარ გაცემული ნებართვა.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ირანში ქვეყნის უკანონოდ დატოვების საკითხთს ეხება, წერდა, რომ „მედია საშუალება Al-Monitor-ის 2014 წლის სტატიის მიხედვით, ქორწინებაში მყოფ ირანელ ქალებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გააჩნიათ მოქმედი პასპორტი – ქვეყნის დასატოვებლად ჭირდებათ ქმრის ნებართვა. ამას გარდა, პასპორტის ასაღებად ან მის განსაახლებლად, ასევე საჭიროა ქმრის ნოტარიული წესით დამოწმებული ნებართვა.”

დანიის და ნორვეგიის იმიგრაციის სამსახურების 2013 წელს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის საბოლოო ანგარიშში მოცემულია გასაუბრების მასალები ერთ-ერთ ირანელ ქალთან, რომელმაც მისიას განუცხადა, რომ „საზღვარგარეთ გამგზავრების დროს, მისი ქმარი შესაბამის ნებართვას ხელს აწერდა საჯარო ნოტარიუსის წინაშე…. იმ შემთხვევაში, თუ ქალი, ქმრის ნებართვის გარეშე, შვილებთან ერთად დატოვებს ქვეყანას, ეს მიჩნეულ იქნება, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლისსამართლებრივი სახის კანონდარღვევა. მაშინაც კი, თუ შვილებზე მეურვეობის უფლება მხოლოდ დედას გააჩნია, ქვეყნის დასატოვებლად მამის თანხმობა მაინც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში, თუ ქალი დაბრუნდება ირანში, მას ქვეყნის უკანონოდ დატოვების გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობის სახით, დაეკისრება ჯარიმა. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი არ შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა. მას ასევე მოუწევს საოჯახო სასამართლოში გამოცხადება, სადაც დაეკისრება პასუხისმგებლობა სამოქალაქო სამართლებრივი წესით. ამ შემთხვევაშიც, დაკისრებული სასჯელი ვერ იქნება პატიმრობა.“

იგივე წყაროს მიხედვით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2018 წლის შესაბამის ანგარიშში წერდა, რომ „ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებს სჭირდებათ სპეციალური ნებართვა, რათა დატოვონ ქვეყანა – მაგალითად, დაქორწინებულ ქალებს, რომელთაც ესაჭიროებათ ქმრის წინასწარი ნებართვა. მას შემდეგ, რაც ისინი აიღებენ სამგზავრო დოკუმენტს (პასპორტს), მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი, ქვეყნიდან გასვლის ნებართვა.“[2]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის და თავშესაფრის საკითხთა კვლევის და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2017 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ირანში დაქორწინებული ქალების მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ წერდა, რომ ქვეყანაშია არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ქმარი უფლებამოსილია, განსაზღვროს მისი ცოლისა და შვილების საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, მას ასევე შეუძლია, აუკრძალოს ზემოხსენებულ პირებს ირანის დატოვება.

კვლევაში ასევე მოყვანილია ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტირების ცენტრის (IHRDC) 2013 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც „ქორწინებაში მყოფ ირანელ ქალს, ჭირდება ქმრის თანხმობა, რათა მიიღოს პასპორტი, რომლის საფუძველზეც გაემგზავრება საზღვარგარეთ. შესაბამისად, ქმრებს შეუძლიათ მათ ეს ქმედება აუკრძალონ, თუ კი ისინი უბრალოდ ხელს არ მოაწერენ იმ საბუთებს, რომელთა საფუძველზეც ქალმა პასპორტის მისაღებად განაცხადი უნდა დაარეგისტრიროს. კერძოდ, 1978 წელს მიღებული ირანის საპასპორტო კანონის 18 მუხლის მიხედვით – „აღნიშნული მუხლის საფუძველზე, პასპორტი გაიცემა შემდეგ პირებზე:…… 3. ქორწინებაში მყოფ ქალებზე, მაშინაც კი, თუ ისინი 18 წელს მიუღწეველი პირები არიან –  ქმრების წერილობითი ნებართვის საფუძველზე…“.

ანგარიშში ასევე მოცემულია ბრიტანული გამოცემა Guardian-ის 2015 წლის სტატია, რომლის მიხედვითაც „ირანში, დაქორწინებულ ქალებს, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ჭირდებათ ქმრის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქორწინო კონტრაქტში ჩადებული პირობა საწინააღმდეგოს ითვალისწინებს. დღესდღეისობით, ბევრი, თანამედროვე ირანელი გოგონა სწორედ აღნიშნული პირობის გათვალისწინებით თანხმდება საქორწინო შეთავაზებაზე.“ [3]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Iran; published 13 March 2019; available at

[accessed 25 July 2019]

[2] UK Home Office – Country Policy and Information Note Iran: Illegal exit; published February 2019; available at

[accessed 25 July 2019]

[3] ACCORD  – Iran: Procedures for Married Women; published 12 June 2017; available at

[accessed 26 July 2019]