ერაყი. ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივის მიზანშწონილობა. აგვისტო, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამ პროვინციას აერთიანებს: ერბილი, სულეიმანია და დაჰუკი. ქალაქი ერბილი ერბილის პროვინციის დედაქალაქი და ერაყის რიგით მეოთხე ქალაქია სიდიდის მიხედვით; ერბილი, ასევე, ყველაზე დასახლებული ქალაქია ქურთისტანის რეგიონში. ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებს წარმოადგენენ პეშმერგა და სადაზვერვო სამსახური (Asayish), ასევე ქურთისტანის მმართველი პარტიების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული დაჯგუფებები – KDP აკონტროლებს დაჰუკსა და ერბილს, ხოლო PUK სულეიმანიას.

საერთო ჯამში, კონფლიქტის მასშტაბი ერბილის პროვინციაში კვლავ დაბალია. 2018 წელს ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 15 ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას პირზე 1.3-ია. ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა, ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა სორანისა და კოისნიაქის რაიონებში. ინციდენტების უმეტესობა 2018 წლის განმავლობაში იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება.

ერბილი ერთადერთი პროვინციაა ქურთისტანში, სადაც შიგა გადაადგილება და დაბრუნება დაფიქსირდა. გადაადგილებას ადგილი ჰქონდა მახმურის რაიონიდან, რომელიც სადავო ტერიტორიად მიიჩნევა. ერბილი იძულებით გადაადგილებული პირების დიდ რაოდენობას (211920 პირი) მასპინძლობს. დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შემდეგ, ერბილი საბრძოლო ნარჩენებით დაბინძურდა – სახნავი და საძოვარი მიწების 15-17% ნაღმების გამო არ არის ხელმისაწვდომი.

საერთო ჯამში, ინდიკატორების გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ განურჩეველი ძალადობა ერბილის პროვინციაში ისეთ დაბალ დონეზეა, რომ ზოგადად პირისთვის არ არის რისკი, რომ იგი პირადად გახდეს განურჩეველი ძალადობის მსხვერპლი მაკვალიფიცირებელი დირექტივის მეთხუთმეტე მუხლის მიმართებით.

ერბილის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საგზაო გადაადგილება ერაყში კვლავ სახიფათოა ბომბების, მანქანებზე თავდასხმების, ცრუ საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და ძარცვის ფაქტების გამო. მიუხედავად ამისა და საერთაშორის აეროპორტის არსებობის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ მოგზაურობის უსაფრთხოების სტანდარტის მოთხოვნები, ზოგადად, დაცულია ბაღდადთან, ბასრასა და ერბილთან მიმართებაში. გარკვეული პროფილის პირებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვინც შეიძლება მიჩნეული იყოს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებულად, გათვალისწინებული უნდა იქნას ინდივიდუალური გარემოებები.

უსაფრთხო ადგილამდე გადაადგილებისას, წესით, არ უნდა არსებობდეს სამართლებრივი ბარიერები, რადგან ერაყელები სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით და პრინციპში, არანაირი სამართლებრივი ბარიერი ერაყელებისთვის გადაადგილების, მათ შორის ბაღდადში, ბასრასა და ერბილში გადაადგილებისთვის არ არსებობს.

2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერბილის პროვინციაში შესვლისთვის აღარ არის საჭირო სპონსორობა. გარკვეული ადმინისტრაციული შეზღუდვები და მოთხოვნებია დაწესებული მათთვის, ვინც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა. ასეთი პირობებით, განსაკურებით სუნიტი არაბები და თურქმენი მამაკაცები ზიანდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები ზოგადად ხელმისაწვდომია, ერაყელი დევნილებისთვის საკვები მაინც მაღალ პრიორიტეტად რჩება. იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებთა მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალია და ისინი მგრძნობიარენი არიან საკვების უსაფრთხოების მიმართ. ერბილი გამოირჩევა საკვებზე მაღალი ფასებით. ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტის პიკის პერიოდში ერბილში კლება დაიწყო ქირის ფასმა.

კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.

ზემოაღნიშნულისა და პირის ეთნიკური და რელიგიური წარსულის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ ბაღდადში, ბასრასა და ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივა მიზანშეწონილი იქნება მარტოხელა შრომისუნარიანი მამაკაცისა და დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ბავშვები, აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და რაიმე მხრივ არ არიან მოწყვლადები. ასევე, წყარო ასკვნის, რომ შიგა გადაადგილების ალტერნატივა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ჰყავთ, მათ შორის მხარდაჭერის ქსელის არ არსებობის პირობებშიც, თუ ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებასთან დაკავშირებული ვითარება გარკვეულწილად მძიმეა, მაინც შესაძლებელია პირმა მიიღოს საბაზისო საარსებო წყარო, განსახლება, თავშესაფარი და ძირითადი ჯანდაცვა. სხვა პროფილის პირებს, ზოგადად, ასეთ სერვისებზე წვდომისთვის მხარდაჭერის ქსელის არსებობა სჭირდებათ.[1]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში შიგა გადაადგილების მიზანშეწონილობის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ერაყის ქურთისტანში შედარებით სტაბილურია, თუმცა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმების რისკი კვლავ არსებობს.

გლუკი წერს, რომ სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს რეგიონის შესაძლებლობების ზღვარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაკადისა და შერყეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მზარდი სიღარიბის და კლებადი ჰუმანიტარული დახმარების გამო. დიდი რაოდენობით დევნილების არსებობა, ძირითადად ურბანულ ზონებში, გავლენას ახდენს სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე, ზრდის შეჯიბრს დასაქმების კუთხით და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების სტანდარტს.

იძულებით გადაადგილებული პირები საუბრობენ დასაქმების კუთხით არსებულ სიძნელეებზე. ბევრი მათგანი მხოლოდ შემთხვევით სამუშაოს პოულობს და ამის გამო რეგულარული შემოსავლის გარეშეა. იძულებით გადაადგილებული პირები ძნელად პოულობენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მათი ცხოვრების, ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავს. არაბი დევნილები ასევე აღნიშნავენ ნეგატიურ შეხედულებებსა და ენობრივ ბარიერს დასაქმების კუთხით. საჯარო სექტორი, რომელიც ქურთისტანში დასაქმების კუთხით დომინანტი სფეროა, ზოგადად, არ არის ღია არა-ქურთი მოსახლეობისთვის სხვა რეგიონებიდან. პატრონაჟისა და ნეპოტიზმის მიმდინარე პრაქტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებისას, ამიტომ ისინი, ვინც წარმოშობით ქურთისტანიდან არ არიან, უთანასწორო პირობებში იმყოფებიან. საარსებო წყაროების შეზღუდულობის გამო ბევრი იძულებულია ნეგატიური პრაქტიკა გამოიყენოს თავის სარჩენად, მათ შორის ვალების აღება, ბავშვებისა და იძულებითი ქორწინება და ბავშვთა შრომა.

ქირის ფასი კვლავ იზრდება და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ვერ ახერხებს მზარდ ფასებთან გამკლავებას. ამიტომ, ბევრი იძულებული ხდება მძიმე საცხოვრებელ პირობებში განაგრძოს არსებობა. ქურთისტანში არ არის საკმარისი რაოდენობის სკოლა, რათა ყველა იძულებით გადაადგილებული პირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. გლუკის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებიდან იხურება არაბულენოვანი სკოლები, რომლებიც სპეციალურად დევნილებისთვის 2014 წელს გაიხსნა. გლუკის ინფორმაციით, 1800 იძულებით გადაადგილებულ მასწავლებელს უკვე მოსთხოვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ წარმოშობის რეგიონებში დაბრუნება. არაბულენოვანი ბავშვების, განსაკუთრებით მოზრდილი ასაკის, ქურთულ სკოლებში გადაყვანა ენობრივი ბარიერის გამო შეუძლებელი იქნება.

ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გლუკი მიიჩნევს, რომ შიგა გადაადგილება ერაყის ქურთისტანში, ზოგადად, მიზანშეწონილი არ არის; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოხდება დადასტურება იმისა, რომ პირს ექნება წვდომა სათანადო თავშესაფარზე (იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა ბანაკები და არაფორმალური დასახლებები ასეთად არ მიიჩნევა), საარსებო სერვისებზე (სასმელი წყალი, ჰიგიენა, ელექტროენერგია, ჯანდაცვა და განათლება) და საარსებო წყაროებზე.[2]

[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 5 August 2019)

[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 5 August 2019)