ეგვიპტე. ლგბტ პირების მიმართ არსებული დამოკიდებულება. აგვისტო, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს ერთსქესიანთა კავშირს დანაშაულად, პოლიციას აძლევს საშუალებას, ლგბტ პირები დააპატიმროს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „რელიგიური სწავლებების დარღვევა“; პატიმრობის ვადამ კი შესაძლოა 10 წელი შეადგინოს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, მსგავსი ბრალდებებით დაკავების 250 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა 2013 წლიდან მოყოლებული.

ხელისუფლება არ იყენებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირების დასაცავად. სამართლებრივი დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა არ აძლევს ლგბტ პირებს საკუთარი უფლებების საჯაროდ დაცვის საშუალებას. ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი სექსუალური ორიენტაციის გამო ოფიციალური ან პირადი დისკრიმინაციის შესახებ დასაქმების, განსახლების, მოქალაქეობის, განათლებასა თუ ჯანდაცვაზე წვდომის მიმართულებით. ასევე, ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯები შესაძლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2017 წელს მედიის უზენაესმა საბჭომ, რომელიც ნახევრად სამთავრობო უწყებაა, აკრძალა მედია საშუალება, რომელიც მხარს უჭერდა ლგბტ პირებს და მათ უფლებებს.

2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები ლგბტ პირების დაპატიმრებებისა და შევიწროვების შესახებ. შიში და დაპატიმრების რისკი ზღუდავს ღიაობას და ხელს უწყობს თვითცენზურის დაწესებას. უფლებადამცველი ჯგუფები და აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას პოლიციის მხრიდან ძალადობის, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის და დაპატიმრების თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამის გადახდის ან სხვა ლგბტ პირების იდენტიფიცირებაში დახმარების იძულების შესახებ.

ვრცელდებოდა სანდო ინფორმაცია, რომ ხელისუფლება იყენებდა სოციალურ მედიას, გაცნობის საიტებს და სატელეფონო აპლიკაციებს სექსუალური უმცირესობების და მათი შეკრების ადგილების ამოსაცნობად; გასული ორი წლის განმავლობაში მრავლად დაიხურა საჯარო ადგილები, სადაც ლგბტ პირების მიმართ მეგობრული ატმოსფერო სუფევდა.

2018 წლის იანვარში პოლიციამ ალექსანდრიაში 10 პირი დააპატიმრა გარყვნილებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით. პოლიციის ანგარიშში ეწერა, რომ ერთერთი პირი აქირავებდა ბინას მამაკაცებისთვის, რომლებიც „ეძებდნენ სიამოვნებას მამაკაცებისგან“.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება, მათ შორის სამედიცინო უწყებები, აიძულებდნენ პირებს ანალური გამოკვლევების ჩატარებას. კანონი უშვებს ასეთ პრაქტიკას გარყვნილების შემთხვევების დროს.[1]

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება აპატიმრებს და სისხლის სამართლის წესით დევნის ლგბტ პირებს მათი რეალური ან მიწერილი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. 2018 წლის თებერვალში დააპატიმრეს ორი მამაკაცი და ისინი დაადანაშაულეს „საჯარო უხამსობაში“. ბრალდებამ საბოლოოდ ისინი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც დააჯარიმა ლიცენზიის გარეშე წვეულების მოწყობისთვის. ასევე თებერვალში დააპატიმრეს და დააკავეს 9 მამაკაცი პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევისთვის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად რელიგიისა, გენდერისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა და სხვა განსხვავებულობისა. მიუხედავად ამისა, ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები, განსხვავებული კანის ფერის ხალხი და ლგბტ პირები არაპირდაპირი დისკრიმინაციის ობიექტები არიან და მათი პოლიტიკური ჩართულობა სხვადასხვა ზომით იზღუდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა კავშირი პირდაპირ არ არის აკრძალული, ლგბტ პირებს ადანაშაულებენ პროსტიტუციასა და გარყვნილებაში. მას შემდეგ რაც 2017 წელს, ერთერთ კონცერტზე, ცისარტყელის დროშა ააფრიალეს, ხელისუფლებამ ლგბტ პირების დარბევა დაიწყო; დააკავეს 60-მდე პირი. ვრცელდებოდა ინფორმაციები საპატიმროებში მათზე ძალადობის შესახებ. ბევრ მათგანს 6 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. ლგბტ პირების დევნა გრძელდებოდა 2018 წელსაც – პოლიცია იყენებდა გაცნობის აპლიკაციას (Grindr), რათა ამოეცნო გეი მამაკაცები და სხვადასხვა მედია საშუალება ავრცელებდა ისტორიებს ლგბტ პირების მიმართ მტრული დამოკიდებულების გასაღრმავებლად.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt, 13 March 2019

 (accessed on 7 August 2019)

[2] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Egypt [MDE 12/9916/2019], 26 February 2019

 (accessed on 7 August 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Egypt, 4 February 2019

 (accessed on 7 August 2019)