დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 აგვისტო, 2019

იემენის კრიზისი – იემენში შეტაკებისას 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 დაიჭრა. ინციდენტი ქალაქ ადენში მოხდა. ერთმანეთს ხელისუფლების მომხრეები და ამბოხებულები დაუპირისპირდნენ. საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, იემენის კლინიკებში 75 ადამიანი გადაიყვანეს, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.[1]

სამთავრობო ძალებთან რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ, ამბოხებულებმა საპორტო ქალაქ ადენზე კონტროლი დაამყარეს.[2]

სირიის კრიზისი – სირიის არმიამ სტრატეგიული ქალაქი ალ-ჰობაიტი დაიკავა. ქალაქი აჯანყებულების ყველაზე მსხვილიო ანკლავი იყო. ამბოხებულებმა ტერიტორიების დაკარგვა დაადასტურეს. ბრძოლისას, ორივე მხრიდან 100-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. სირიის არმიამ და მისმა მოკავშირე ძალებმა აჯანყებულების პოზიციაზე დაახლოებით 2 ათასი საჰაერო და საარტილერიო შეტევა განახორციელეს.[3]

ვენესუელის კრიზისი – ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისია ნიკოლას მადუროს კონტროლის ქვეშ არსებულმა საკონსტიტუციო ასამბლეამ ჩამოაყალიბა. გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 2019 წელს გაიმართოს. ხუან გუაიდოს განმარტებით, ამ ხერხით ნიკოლას მადურო ცდილობს ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაიბრუნოს.

ვენესუელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. ქვეყნები, რომლებიც ხუან გუაიდოს უჭერენ მხარს, ეროვნულ ასამბლეას ვენესუელის ერთადერთ დემოკრატიულ ორგანოდ მიიჩნევენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, ნიკოლას მადურომ ეროვნულ ასამბლეას ლეგიტიმურობა ჩამოართვა და მისი ფუნქციები რეჟიმის ერთგულ საკონსტიტუციო ასამბლეას გადასცა. ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და კანონის თანახმად 2020 წლამდე არ უნდა ჩატარდეს.

2015 წელს ვენესუელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარძლების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. შედეგად ეროვნულ ასამბლეაში, პირველად 16 წლის განმავლობაში მმართველობა ოპოზიციის ხელში გადავიდა. თუმცა ნიკოლას მადურო, უზენაესი სასამართლოს საშუალებით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.[4]

[1] France 24; Clashes kill six civilians in Yemen’s Aden; 8 August, 2019; available at: https://www.france24.com/en/20190809-clashes-kill-six-civilians-yemens-aden

[2] BBC; Yemen conflict: Southern separatists seize control of Aden; 11 August, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49308199

[3] Reuters; Syrian army takes strategic town from rebels in new advance; 11 August, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-northwest/syrian-army-takes-strategic-town-from-rebels-in-new-advance-idUSKCN1V1074

[4] 1TV; „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა; 13 აგვისტო, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/frans-presisi-informaciit-venesuelashi-saparlamento-archevnebis-tarighis-gansazghvristvis-specialuri-komisia-sheiqmna/