დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აგვისტო, 2019

სუდანის კრიზისი – სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის“ საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაზე ხელმოწერის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 3 აგვისტოს მხარეების მიერ პარაფირებული დოკუმენტი ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის ძირითად პრინციპებს აყალიბებს. გარდამავალი პერიოდის შემდეგ ძალაუფლება მთლიანად სამოქალაქო ძალების ხელში უნდა გადავიდეს. ამასთან ერთად, მხარეების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკური შეთანხმების საბოლოო ვარიანტს, რომელშიც გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ძირითადი დებულებებია გაწერილი. დოკუმენტის პროექტზე შეთანხმებას მხარეებმა ივლისში მიაღწიეს.

სუვერენულ საბჭოში, რომლის შექმნაზეც მხარეები ივლისში შეთანხმდნენ, 11 სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენელი შევა. 5 მათგანს სამხედრო საბჭო, 5-ს ალიანსი „თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის“ აირჩევს, კიდევ ერთი კანდიდატურა კი ორივე მხარის მიერ იქნება შეთანხმებული. სუვერენული საბჭო სულ მცირე 3 წელი იარსებებს, რის შემდეგაც გარდამავალი სამხედრო საბჭო დაიშლება.

სუდანში პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავდა.[1]

ვითარება ავღანეთში – ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ 17 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქორწილში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. „ჩვენმა მებრძოლმა აბუ ასილ ალ-პაკისტანიმ დარბაზში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და ურწმუნოთა გარემოცვაში თავის აფეთქება შეძლო“, – ნათქვამია ტერორისტების განცხადებაში. ქაბულის დასავლეთ ნაწილში, შიიტების ქორწილში მომხდარ აფეთქებას 63 ადამიანი ემსხვერპლა, 182-მ კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მომხდარი დაგმო და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.[2]

სირიის კრიზისი – სირიის ჯარის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ ამბოხებულთა დაჯგუფებები პროვინცია იდლიბში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ჰან შეიჰუნს ტოვებენ. ტერიტორიას ქალაქის სამხრეთით სირიის პრეზიდენტის ბაშრ ასადის ჯარი სრულად აკონტროლებს. 19 აგვისტოს სირიულმა და რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა თურქულ სამხედრო კოლონაზე, რომელიც სავარაუდოდ ჰან შეიჰუნისკენ მიემართებოდა. 5 წლის მანძილზე ჰან შეიჰუნს ამბოხებულები აკონტროლებენ. ქალაქი იდლიბის ერთერთ მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მდებარეობს, რომელიც დამასკოსა და ალეპოს აკავშირებს. 2017 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ქალაქში 80 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მაშინ გაერომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის სახელმწიფო ჯარს დააკისრა. სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში 2011 წლიდან გრძელდება.[3]

[1] იმედის ახალი ამბები; სუდანში სამხედროებმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი; 17 აგვისტო, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/114191/sudanshi-samkhedroebma-da-opozitsiam-sakonstitutsio-deklaratsias-moatseres-kheli

[2] Reuters; Islamic State claims Afghan wedding blast as families bury the dead; By Abdul Qadir Sediqi; 17 August, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/islamic-state-claims-afghan-wedding-suicide-blast-that-killed-63-idUSKCN1V70K6

[3] BBC; Khan Sheikhoun: Syria rebels pull out of key town after five years; 20 August, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49404741