ეგვიპტე. კათოლიკე ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. აგვისტო, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის ამსახველ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანაგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად – ”რწმენის თავისუფლება არის აბსოლუტური” და ”რელიგიური რიტუალების ჩატარების თავისუფლება და ღვთიური (ან აბრაამისეული) რელიგიების მიმდევართათვის სალოცავი ადგილების დაწესება არის კანონით რეგულირებული.” კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეები „თანასწორნი არიან კანონის წინაშე“ და რომ აკრძალული და სისხლისამართლებრივი წესით დასჯადია დისკრიმინაცია და „სიძულვილის სტიმულირება“, რომელიც ემყარება „რელიგიას, რწმენას, სქესს, წარმოშობას, რასას ან რაიმე სხვა მიზეზს.“ ამას გარდა,  „ისლამი წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას… და ისლამური შარიათის პრინციპები კანონმდებლობის ძირითადი წყაროა.“ მთავრობა ოფიციალურად ცნობს სუნიტურ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს და მხოლოდ მათ მიმდევრებს აძლევს საშუალებას, საჯაროდ აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები.

რაც შეეხება რელიგიური დემოგრაფიის კუთხით სიტუაციას, ეგვიპტის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10 % არის ქრისტიანი, რომელთა მასიური უმრავლესობა (90 %) კოპტების მართლმადიდებლურ დენომინაციას განეკუთვნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად  ქრისტიანთა მიმართ სექტარული თავდასხმების შემდგომ, ძალადობის დამნაშავეების დევნისა და სათანადოდ დასჯის მაგირვად,  ხშირად, უბრალოდ სამთავრობო სხდომებს მართავდა, რაც იწვევდა კოპტი საზოგადოების წევრების მხრიდან უკმაყოფილებას. დეკემბერში, პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სექტარიანული ინციდენტების წინააღმდეგ ბრძოლის უზენაესი კომიტეტი“  რომელსაც დაევალა, შეიმუშავოს სტრატეგია, რათა თავიდან აცილებულ იქნას სექტარიანული ინციდენტები და მოხდეს მათი მოხდენისთანავე, დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. იანვარში Awqaf (ისლამური საკითხების) მინისტრმა გომარიამ დაადასტურა, რომ ეკლესიების დაცვა ”ისეთივე კანონიერი ვალდებულებაა, როგორც მეჩეთების დაცვა” და განაცხადა, რომ ეკლესიის მფარველობაში დაღუპული ადამიანებიც “მოწამეები“ არიან. 30 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით გატარებული მმართველობითი რეფორმების ფარგლებში, პრეზიდენტმა ალ-სისიმ დანიშნა ორი ქრისტიანი გუბერნატორი, მათ შორის, ქვეყნის პირველი ქრისტიანი ქალი გუბერნატორი. ალ-აჟარი (Al-Azhar), ისლამის გავრცელებისა და ისლამური დოქტრინის დამცველი ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტი, ატარებდა კონფერენციებს რელიგიათაშორისი დიალოგის შესახებ, ასევე, აკეთებდა განცხადებებს, რომელთა ფარგლებში გმობდა ექსტრემიზმს და ხელს უწყობდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულებას, 2 ნოემბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელები თავს დაესხნენ სამს ავტობუსს, რომელთაც ქრისტიანი პილიგრიმები გადაჰყავდათ ზემო ეგვიპტის რეგიონ მინში, ერთ-ერთ მონასტერში. შედეგად,  დაიღუპა 7; ხოლო დაშავდა – 19 ადამიანი. წლის განმავლობაში, თავდასხმები გრძელდებოდა  შეტევა გაგრძელდა ქრისტიანებსა და ქრისტიანების საკუთრებაში არსებულ ქოენაზე, აგრეთვე, ზემო ეგვიპტის რეგიონში მდებარე ეკლესიებზე. 26 მაისს, შვიდი ქრისტიანი დაშავდა სოფელ Shoqaf- ში, როდესაც ცდილობდნენ, მუსლიმი თავდამსხმელებისგან დაეცვათ ეკლესია. 14 იანვარს, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მოკლეს ადამიანი ჩრდილოეთ სინაში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ იგი ქრისტიანი იყო. EIPR-ის ცნობით, ჩრდილოეთ სინაში ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელებული რიგი შეტევების შედეგად, რომლებიც დაიწყო 2017 წლის იანვარში, რეგიონი 250-ზე მეტმა ქრისტიანმა ოჯახმა დატოვა. და ა.შ.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ  ვრცელ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ  „2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ქრისტიანთა უმრავლესობა მხარს უჭერდა პრეზიდენტ მორსის მთავრობის გადაყენებას  და მის ნაცვლად, ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი სისის არჩევას. ისინი ასევე მიესალმებოდნენ ქვეყანაში ზოგადი წესრიგის აღდგენას და აცხადებდნენ, რომ ეგვიპტის წინა ლიდერებთან შედარებით, ისინი გაცილებით უკეთ დაცულად გრძნობდნენ თავს პრეზიდენტის სისის მმართველობის ქვეშ. ქრისტიანულმა რელიგიურმა ხელისუფლება თანმიმდევრულად გამოთქვამდა მადლიერიებას სისის საზოგადოებისადმი მიმართვების  გამო, რომელშიც ის მოუწოდება ეგვიპტელებს, დაევიწყებინათ რელიგიური განსხვავებები და პირველ ადგილზე დაეყენებინათ  ეროვნული ერთიანობის გრძნობა.  2015 წელს, სისი გახდა ეგვიპტის სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელიც დაესწრო საშობაო მესას წმინდა მარკის ტაძარში.

კაირო და მას შემდეგ ყოველწლიურად დაესწრო. სისი აქტიურად ერთვებოდა ქრისტიანულ საზოგადოებასთან დაკავშირებულ პროცესებში, მაგალითად, მან რამდენჯერმე  გამოაცხადა ეროვნული გლოვის დღეები ან პირადად დაურეკა და მიუსამძიმრა კოპტური ეკლესიის ლიდერს, მას შემდეგ რაც  ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელდა რამდენიმე ფართომასშტაბიანი ტერაქტი. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ზოგადად ქრისტიანები კვლავ რჩებიან სისის ძლიერი მომხრეებად, თუმცა (სხვა ეგვიპტელების მსგავსად) მათ ამ თავდპირველ ენთუზიაზმზე ნეგატიური გავლენა იქონია ეგვიპტეში ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ  და მიმდინარე სოციალური სირთულეებმა.

რაც შეეხება ქრისტიანების მიმართ განხორციელებული ღია ძალადობის შემთხვევებს, ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა  კაიროში მდებარე წმინდა მარკოზის სახელობის ეკლესიაში მიმდინარე მესის დროს. შედეგად დაიღუპა 29, ხოლო დაშავდა 49 პირი.

2017 წლის თებერვალში ელ არიშში განხორციელებული ტერორისტული აქტის გარდა, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო 2017 წლის 9 აპრილს პალმის კვირის საეკლესიო მესის დროს  განხორციელებულ ორ მთავარ თავდასხმაზე. პირველი შეტევა მოხდა ტანტას ეკლესიასთან, დაიღუპა 27 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. ხოლო, მეორე ინციდენტს ადგილი ჰქონდა ალექსანდრიის საკათედრო ტაძარში.  შედეგად, მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 ადამიანი დაშავდა.

2017 წლის მაისში, მინში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ავტობუსში და მოკლა ის 29 ადამიანი, რომლებმაც უარი თქვეს რწმენის შეცვლაზე.

2018 წლის ნოემბერში შეირაღებული პირები ჩაუსაფრდნენ  სამ ავტობუსს, რომელთაც ქრისტიანი მომლოცველები გადაჰყავდათ კაიროს სამხრეთით მდებარე შორეული უდაბნოს მონასტერში.  დაიღუპა 7 და დაიჭრა 19 ადამიანი. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით,  ზემოაღნიშნული თავდასხმების გარდა, მათ მოახერხეს რამდენიმე ინციდენტის წინასწარი პრევენცია.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტეში ზოგადი თავისუფლებების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (რომელიც 2018 წელს მიმდინარე მოვლენებს ასახავს) წერდა, რომ „2014 წლის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით, ისლამი ქვეყნის ოფიციალურ რელიგიადაა გამოცხადებული, ხოლო 64-ე მუხლში ნათქვამია, რომ ”რწმენის თავისუფლება არის აბსოლუტური”. ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია, ხოლო კოპტი ქრისტიანები ქმნიან მნიშვნელოვან უმცირესობას. ამას გარდა, ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენიბით წარმოდგენილნი არიან  შიიტი მუსლიმები, არაკპოტური ქრისტიანული დენომინაციები და სხვა რელიგიური ჯგუფები. ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების ზოგჯერ ექვემდებარებოდნენ დევნასა და ძალადობას, ხოლო განსაკუთრებით კოპტების შემთვევაში ხშირად სახეზე იყო  იძულებითი გადაადგილების, ფიზიკური შეურაცხყოფის, დაბომბვების, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმებისა და, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქრისტიანული სალოცავი ადგილების ბლოკირების უამრავი შემთხვევა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერდა, რომ მთავრობა კვლავ უზღუდავდა ქრისტიანების თაყვანისცემის უფლებას როგორც კანონების დონეზე, ასევე – პრაქტიკაში. ამას გარდა, ხელისუფლებამ ვერ მოახერა რელიგიურ-სექტარიანულ მოტივით განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავე პირების დასჯა. 3730 სალოცავი ადგილიდან, რომლებმაც ეგვიპტის ახალი „ეკლესიების მშენებლობა-შეკეთების შესახებ“ კანონის თანახმად, განაცხადი შეიტანეს ეკლესიის რეგისტრაციაზე, ხელისუფლებამ მხოლოდ 588 დააკმაყოფილა. ასევე, წლის განმავლობაში, შესაბამისმა ორგანოებმა დახურეს სულ მცირე 4 ეკლესია, მათ შორის ზოგიერთი იმ მოტივით, რომ მათზე ადგილობივი მოსახლეობის მხირდან ხორციელდებოდა თავდასხმები. აპრილში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანმა ბენი სოუფის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ქრისტიანთა სახლები დაწვეს და, ასევე, სცადეს იქ მდებარე ეკლესიაზე თავდასხმა, უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს 20 ქრისტიანი პირი და დაადანაშაულეს თავდასხმასა და ” ძალადობის წაქეზებაში“. მოგვიანებით, ყველა პირი გაათავისუფლეს.

აგვისტოში, უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს ხუთი ქრისტიანი პირი ასუანის ერთ-ერთ სოფელში და დაადანაშაულეს  ”არალიცენზირებულ შენობაში რელიგიური რიტუალების გამართვაში“, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა გამართეს დემონსტრაცია, რათა გაეპროტესტებინათ ეკლესიაში ჩატარებული წირვა-ლოცვა. ხელისუფლებამ თავდამსხმელები და აღნიშნული ხუთი პირი მალევე გაათავისუფლა არაფორმალური შეთანხმების შემდეგ.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ეგვიპტეში ადამიანის უფლებების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ „ეგვიპტის ქრისტიანული საზოგადოება, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს მოიცავს და წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის უდიდეს ქრისტიანულ უმცირესობას, ათწლეულების განმავლობაში განიცდის როგორც კანონიერ, ასევე – სოციალურ დისკრიმინაციას. ხელისუფლება რეგულარულად ვერ ახერხებს, დაიცვას ქრისტიანები სექტარულ-რელიგიურად მოტივირებული თავდასხმებისგან და დასაჯოს აღნიშნულ თავდასხმებში დამნაშავე პირები. მაგალითად,  31 აგვისტოს სექტარული ძალადობის ამსახველ ერთ-ერთ ინციდენტში, შეიარაღებულმა ჯგუფმა ხუთი ადამიანი გაიტაცა და გაძარცვა მინას რეგიონის სოფელ დიმშუა ჰაშიმში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორები, რომ ქრისტიანი მოსახლეობა სოფელში ეკლესიის აშენებას გეგმავდა. ხელისუფლებამ დაზარალებულებზე ზეწოლა მოახდინა, რათა მთავრობის მიერ შუამავლობით მიღებული „შერიგება“-ზე დათანხმებულიყვნენ, რომელიც ერთი მხრივ, გამორიცხავდა დამნაშავეების პასუხისმგებლობას, ხოლო მოერე მხრივ, არ სთავაზობდა ქრისტიან პირებსა და მათ ოჯახებს არანაირ დაცვის მექანიზმს.[5]

[1] United States Department of State – 2018 Report on International Religious Freedom: Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade –  DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; available at

[accessed 22 August 2019]

[3] Freedom House – Freedom in the world 2018 – Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

[4] Amnesty International – HUMAN RIGHTS IN THE MIDDLE EAST AND NORTH AFRICA: REVIEW OF 2018 – Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

[5] Human Rights Watch – World Report 2019 – Egypt; available at

[accessed 22 August 2019]