ეგვიპტე. არარელიგიური პირების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის ამსახველ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანაგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად – ”რწმენის თავისუფლება არის აბსოლუტური” და ”რელიგიური რიტუალების ჩატარების თავისუფლება და ღვთიური (ან აბრაამისეული) რელიგიების მიმდევართათვის სალოცავი ადგილების დაწესება არის კანონით რეგულირებული.” კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეები „თანასწორნი არიან კანონის წინაშე“ და რომ აკრძალული და სისხლისამართლებრივი წესით დასჯადია დისკრიმინაცია და „სიძულვილის სტიმულირება“, რომელიც ემყარება „რელიგიას, რწმენას, სქესს, წარმოშობას, რასას ან რაიმე სხვა მიზეზს.“ ამას გარდა,  „ისლამი წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას… და ისლამური შარიათის პრინციპები კანონმდებლობის ძირითადი წყაროა.“ მთავრობა ოფიციალურად ცნობს სუნიტურ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს და მხოლოდ მათ მიმდევრებს აძლევს საშუალებას, საჯაროდ აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები.

რაც შეეხება რელიგიური დემოგრაფიის კუთხით სიტუაციას, ეგვიპტის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10 % არის ქრისტიანი, რომელთა მასიური უმრავლესობა (90 %) კოპტების მართლმადიდებლურ დენომინაციას განეკუთვნება. რაც შეეხება ათეისტებსა და კონვერტირებულ პირებს, მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს.

3 მაისს პოლიციამ დააპატიმრა ათეისტი ბლოგერი შერიფ გაბერი და დაკავებული ჰყავდა ოთხი დღის განმავლობაში. ხელისუფლებამ გაბერი დაადანაშაულა ისლამისა და შარიათის შეურაცხყოფაში, კომუნალური მშვიდობისთვის ხელისა შეშლასა ჩაშლაში და სხვა ბრალდებებში, რომლებიც ძირითადად გამომდინარეობს კონკრეტული ვიდეოების სერიიდან, რომელიც მან YouTube-ზე გამოაქვეყნა. პოლიციამ მანამდეც, რამდენჯერმე დააპატიმრა გაბერი მსგავსი ბრალდებით 2015 და 2013 წლებში. ოქტომბერში გაბერმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მას აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება და, რომ ხელისუფლებამ მას ბრალი წაუყენა კიდევ სამი დანაშაულისთვის და რომ აღნიშნულ ბრალდებებში შედის მკრეხელობა, რელიგიისადმი ზიანის მიყენება, ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერა და რელიგიური ექსტრემიზმი.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ  ვრცელ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ  “ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის 98 (F) მუხლის თანახმად, დასჯადია რელიგიის ექტრემისტული მიზნებისთვის გამოყენება და, ასევე, ზეციური რელიგიების (ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი) შეურაცხყოფა. აღნიშნული მუხლი, სასჯელის სახით ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას ითავლისიწნებს და მას ხშირად იყენებენ ათეისტების, ქრისტიანი კონვერტირებული პირებისა და ხელოვნების წინააღმდეგ.

ეგვიპტეში რელიგიის ცენტრალური როლი საზოგადოებაში იშვიათად თუ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ქვეყანაში ცხოვრება რელიგიური ტრადიციისგან თავისუფლად პრაქტიკულად შეუძლებელია. ეროვნულ პირადობის მოწმობებსა და შესაბამის ჩანაწერებში დაბადებისთანავე დაფიქსირებულია პირის რელიგიური იდენტობა. ეგვიპტეში ათეიზმის ამკრძალავი სამართლებრივი დებულება არ არსებობს, თუმცა, პრაქტიკაში სახელმწიფო მკაცრად ეწინააღმდეგება მას. გასული წლების განმავლობაში, ეგვიპტის ხელისუფლებამ ზემოხსენებული 98 (F) მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივ დევნას დაუქვემდებარა ბევრი ათეისტი, რომელთაც ბრალად დაედოთ ისლამის საჯარო კრიტიკა როგორც წერილობით, ასევე ელქტრონული (მაგალითად, Facebook პოსტების) ფორმის გამოყენებით. მაგალითად,  2017 წლის დეკემბერში 29 წლის მამაკაცი იყო დააკავეს და დაკითხეს ფეისბუქის გვერდის ადმინისტრირებისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, უწყობდა ხელს ათეიზმის პროპაგანდას. გაურკვეველია, დღეის მდგომარეობით, რჩება თუ არა აღნიშნული პირი პატიმრობაში. გარკვეული შეუსაბამობაა ათეისტების დევნის საკითხთან მიმართებით. ზოგჯერ ისინი ღიად გამოდიან ქვეყნის მთავარ  ტელევიზიებში, რომ განიხილონ რელიგიური თემები და ამას მთავრობის მხრიდან ზოგიერთ შემთხვევაში არანაირი რეაქცია არ აქვს.

ზოგადად, ათეიზმს აქვს მცირე მხარდაჭერა ეგვიპტურ სოციუმში, მიუხედავად პირის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. თვითგამოცხადებულ ათეისტებს მიმართ ხშირად ადგილი აქვს ფიზიკური თავდასხმებს და მოკვლის შესახებ მუქარებს და, სავარაუდოა, რომ მათ დაემუქრებათ პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას მიმართავენ.

როგორც მუსლიმურ, ასევე – ქრისტიანული ოჯახები და  ადგილობრივი თემები, დიდი ალბათობით, უარყოფენ გამოცხადებულ ათეისტებს.

დეპარტამენტის შეფასებით, ის პირები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ არარელიგიურნი არიან, დგანან სამთავრობო დისკრიმინაციის მაღალი რისკის ქვეშ, რადგან ზემოხსენებული სსკ კოდექსის 98 (F) მუხლი შესაძლებელია, მათზე გავრცელდეს. რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებას, ზოგადად, ეგვიპტეში ათეისტები განიცდიან ზომიერი დონის სოციალურ დისკრიმინაციას, რომელიც ხშირად დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და სოციო-ეკონომიკურ გარემოებებზე.  თვითგამოცხადებული ათეისტები სასოფლო, არაურბანულ და ღარიბ რეგიონებში, რომლებიც საშუალო დონის ურბანული რაიონებისგან განსხვავებით, უფრო კონსერვატიული ხასიათისაა, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების გაზრდილი რისკის წინაშე დგანან.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანაგრიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ „ ათეისტების და რელიგიური უმცირესობების მიმართ ხშირად ადგილი ჰქონდა სამართლებრივ დევნისა და ძალადობის ფაქტებს“.[3]

Human Rights Watch ეგვიპეტში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ „ქვეყანაში დაწყებული სადამსჯელო ღონისძიებათა ტალღა, ისეთი ჯგუფებთან ერთად, როგორიცაა – ლგბტი პირები და ხელოვნები, ასევე ეხებოდა სავარაუდო ან თვითგამოცხადებულ ათეისტებს“. ამას გარდა, „შესაბამისი სამთავრობო ორგანოები, „რელიგიის შეურაცხყოფის“ ბრალდების საფუძველზე, აგრძელებდნენ ისეთი პირების დაპატიმრებას, რომლებიც საკუთარ თავს ახასიათებდნენ, როგორც ათეისტი ან არარელიგიური.“[4]

[1] United States Department of State – 2018 Report on International Religious Freedom: Egypt; available at

[accessed 11 September 2019]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade –  DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; available at

[accessed 11 September 2019]

[3] Freedom House – Freedom in the world 2018 – Egypt; available at

[accessed 11 September 2019

[4] Human Rights Watch – World Report 2019 – Egypt; available at

[11 September 2019]