ნიგერია. ქრისტიანების მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2019

ნიგერიის მოსახლეობა დაახლოებით 200.3 მილიონია. ქვეყნის მოსახლეობის 49.3% მუსლიმი, ხოლო 48.8% ქრისტიანია. დანარჩენი 2% ან სხვა რელიგიური კუთვნილებისაა ან საერთოდ არ მიაკუთვნებს თავს რომელიმე რელიგიას. ბევრი ნიგერიელი, ქრისტიანობასა თუ ისლამთან ერთად, მკვიდრი რწმენების მიმდევარია.

ნიგერიის კონსტიტუცია უკრძალავს როგორც ფედერალურ, ასევე შტატების მთავრობებს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას; აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის არჩევის, აღმსარებლობის, პროპაგანდისა და შეცვლის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ფედერალური მთავრობა ხშირად ვერ ახერხებს რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციას ან შემდგომ ეფექტურ რეაგირებას, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიაში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ 2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ინციდენტების შესახებ, რომლებიც აღვივებდა ძალადობას სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის, ძირითადად, მუსლიმ მწყემსებსა და ქრისტიან ფერმერებს შორის. წყაროების მტკიცებით, ძალადობის მოტივი რელიგია მხოლოდ ნაწილობრივაა და სხვა ფაქტორები, როგორიცაა ეთნიკური კომპონენტი, კორუფცია, კრიმინოგენული ვითარება და კონფლიქტი საძოვრების გამო, არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ისინი ვერ იღებენ სათანადო დაცვას ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებით ცენტრალურ რეგიონებში, სადაც ეთნიკური დაძაბულობაა. ფერმერებსა და მწყემსებს შორის დაპირისპირებისას, მუსლიმი მწყემსები ამტკიცებენ, რომ მათ ვერ იპოვეს სამართალი, როდესაც მათი წევრები მოკლეს ან მათი ცხოველები მოიპარეს მწყემსთა საზოგადოებამ; მათივე მტკიცებით, დაუსჯელობამ გამოიწვია ასეთი ინციდენტების გამეორება. თავის მხრივ, ფერმერები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაერია, როდესაც მწყემსთა საზოგადოება მათ სოფლებს დაესხა თავს.

ქრისტიანთა ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში უარს აცხადებს რელიგიური უმცირესობებისთვის სალოცავების მშენებლობაზე ნებართვის გაცემაზე. წყაროების მტკიცებით, 2018 წლის განმავლობაში არ ყოფილა ქრისტიანთა იძულების ფაქტები, გამოეყენებინათ შარიათის სასამართლოები. როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები აცხადებენ, რომ კონკრეტული ადმინისტრატორები სხვადასხვა შტატში სახელმწიფოს მიერ მართულ უნივერსიტეტებსა და ტექნიკურ სკოლებში უარს ეუბნებიან კონკრეტულ პირებს ჩარიცხვასა და ხარისხის მიღებაზე მათი ეთნიკურობის თუ რელიგიის გამო. ქრისტიანი მოძღვარი იობედან ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ ჩააბარონ უნივერსიტეტებში, სადაც უმეტესობა მუსლიმები არიან, მათ არ აქვთ საშუალება ისწავლონ უფრო პრესტიჟულ სპეციალობებზე, როგორიცაა ინჟინერია, მედიცინა, ფინანსები და სამართალი. მუსლიმი ლიდერი სამხრეთით მდებარე კადუნას შტატიდან კი ამტკიცებს, რომ შტატში ყველა სახელმწიფო პოზიცია ქრისტიანებისთვისაა დაჯავშნული. 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქრისტიანები დააკავეს მუსლიმთა ქრისტიანობაზე კონვერტაციის გამო.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ წერს, რომ ნიგერიის კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია რელიგიის თავისუფლება და ზოგადად რელიგიის თავისუფლება დაცულია მთავრობის მხრიდანაც. თუმცა, ზოგიერთ სახელმწიფო ინსტანციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული რელიგიურ აქტივობებზე და შემოაქვს დომინანტური რელიგია. არასახელმწიფო აქტორები ასევე ზღუდავენ რელიგიის თავისუფლებას. ბოკო ჰარამი განზრახ ესხმის თავს ქრისტიანებსა და ზომიერად განწყობილ მუსლიმებს და მათ სალოცავებს. თემური დაპირისპირებები მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ათწლეულებია გრძელდება და ხშირად იწვევს მსხვერპლსა და იძულებით გადაადგილებას.[2]

წყაროები რელიგიური მოტივით ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ განიხილავენ. ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ 2009 წლამდე „ბოკო ჰარამის“ მთავარ სამიზნეს ქრისტიანები არ წამოადგენდნენ. მაგალითად, 2003 წლის 24 დეკემბერს (შობის ღამეს) განხორციელებული თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე არანაირ კავშირში არ ყოფილა რელიგიურ სიმბოლიზმთან. მიდგომა შეიცვალა 2009 წლის შემდეგ, როდესაც დაჯგუფებამ „ამბოხებიდან ტერორიზმისკენ“ დაიწყო ტრანსფორმაცია. აღნიშნულ გარდაქმნას მკვლევარები ხსნიან „საერთაშორისო აუდიენციის“ ყურადღების მიქცევის სურვილით. დასავლეთის მედია, უპირველესად, ქრისტიანებზე თავდასხმას უფრო დაუთმობს ყურადღებას, ვიდრე ისლამური სექტის შიგა ბრძოლას. ასეა თუ ისე, ამჟამად „ბოკო ჰარამი“ თავს მიიჩნევს გლობალური წმინდა ომის ნაწილად, როდესაც თავს აჩვენებს ქრისტიანი აგრესორებისგან მუსლიმების დამცველად. 2014 წელს „ბოკო ჰარამის“ სამიზნე უფრო ხშირად ეკლესიები იყო, ვიდრე მეჩეთები. წყაროები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ „ბოკო ჰარამი“ ქრისტიანობას მჭიდროდ აკავშირებს დასავლეთთან, ქვეყნის სეკულარულ მთავრობასა და ნიგერიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ადგილობრივი გავლენის მოპოვების პროცესში მისი მეტოქეები არიან. 2014 წლის თებერვალში დაჯგუფებამ 106 ქრისტიანი მოკლა იზგეში (კამერუნის საზღვართან ახლოს). წყაროების თანახმად, ტერორისტებმა გააცალკევეს მუსლიმები და ქრისტიანები და ქრისტიანები იქვე დახოცეს. 2016 წლის 4 აგვისტოს აბუ მუსაბ ალ-ბარნავიმ, რომელიც თავს „ბოკო ჰარამის“ ახალ ლიდერად მოიხსენიებდა, ფიცი დადო, რომ ამიერიდან მისი სამიზნე იქნებოდნენ ქრისტიანები და ეკლესიები და დასრულდებოდა იერიშები მეჩეთებსა და რიგით მუსლიმებზე. ეს იყო უდიდესი ცვლილება ნიგერიელი ექსტრემისტების სტრატეგიაში, რომელთაც მეჩეთებზე თავდასხმებისას, გაცილებით მეტი მუსლიმი ჰყავდათ მოკლული, ვიდრე ქრისტიანი.

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ბოკო ჰარამს“ 250 ქრისტიანი ჰყავდა მოკლული. აღნიშნული მაჩვენებელი 2 450 შეადგენდა 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის.

ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან, მუსლიმებისთვის მოქმედებს შარიათის კანონები; შარიათის კანონები, ასევე, გამოიყენება იმ არა მუსლიმთა მიმართ, ვინც სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ დავას აწარმოებს მუსლიმებთან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შტატებში, სადაც შარიათია გამოცხადებული, რელიგიური უმცირესობები განიცდიან დისკრიმინაციას და არიან მძიმე სასჯელების მსხვერპლნი. იმ შტატებში, სადაც ამის დისკრეცია არსებობს, საერთო სამართლის სასამართლოები განიხილავენ არა მუსლიმების და ასევე იმ მუსლიმების საქმეებს, რომლებიც არ ირჩევენ შარიათის სასამართლოებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ქრისტიანულ ჯგუფებს აღარ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, ჩრდილოეთ შტატებში არა მუსლიმთა შარიათის სასამართლოში მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადების შესახებ. წყაროების ცნობით, ქრისტიანთა უმრავლესობამ ისწავლა, რომ მათ აქვთ უფლება უარი თქვან შარიათის სასამართლოში გამოცხადებაზე და იყენებენ ამ უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად გადაწყვეტენ ასეთ სასამართლოებში მისვლას.

დავათა კონსტრუქციული გადაწყვეტის აფრიკული ცენტრის თანახმად, 1999 წლის შემდეგ, ნიგერიის ყველაზე სერიოზული რელიგიურად მოტივირებული კონფლიქტები დაკავშირებულია „ბოკო ჰარამთან“. დაჯგუფება ცდილობს ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთში შარიათზე დაფუძნებული მმართველობა დანერგოს. გარდა „ბოკო ჰარამისა“, ქრისტიანული ორგანიზაციები და თემების ლიდერები მუდმივად აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ლიდერები ცდილობენ ქვეყნის ისლამიზაციას. ამის დასტურად, მათ შორის, მოჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას მისცემს ეკლესიების კონტროლის საშუალებას, რადგან ეკლესიები, რეგისტრაციის სტატუსით, არასამთავრობო ორგანიზაციების კატეგორიის ქვეშაა. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მტკიცებით, აღნიშნული აქტის ნამდვილი მიზანი ნიგერიაში ისლამის გავრცელებაა.[3]

ნიგერიის კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას და აღიარებს რელიგიის არჩევისა და შეცვლის თავისუფლებას. ქვეყნის მოსახლეობა თითქმის თანაბრადაა გაყოფილი ქრისტიანებად და მუსლიმებად. წყაროები ქრისტიანების მიმართ ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ასახელებენ. დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშია აქტიური. ბოლო პერიოდში ნიგერიის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ რეგიონებშიც საგრძნობლად სუსტდება „ბოკო ჰარამის“ პოზიციები. ქრისტიანები დისკრიმინაციასა და მათი უფლებების დარღვევებს, ძირითადად, ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებში უჩივიან. ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ და იქ შარიათის კანონები მოქმედებს. ცენტრალური შტატები შერეული რელიგიური კომპოზიციისა. სამხრეთ შტატებში კი უმრავლესობას ქრისტიანები წარმოადგენენ.

[1] USDOS – US Department of State: 2018 Report on International Religious Freedom: Nigeria, 21 June 2019

 (accessed on 12 September 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Nigeria, 4 February 2019

 (accessed on 12 September 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Nigeria; Targeting of individuals, November 2018

 (accessed on 12 September 2019)