დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 სექტემბერი, 2019

ვითარება ავღანეთში – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა. „დღეს ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტს და „თალიბანის“ ლიდერებს უნდა შევხვედროდი. თუმცა მას შემდეგ რაც ყალბი ბერკეტების შესაქმნელად მათ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეხვედრები და მოლაპარაკებების პროცესი გავაუქმე. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარი პოზიცია გაამყარო? მათ არ იცოდნენ, რომ ყველაფერს აფუჭებდნენ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ცეცხლს ვერ წყვეტ და 12 უდანაშაულო ადამიანს კლავ, სავარაუდოდ, არ ხარ უფლებამოსილი შინაარსობრივი შეთანხმების შესახებ სალაპარაკოდ. კიდევ რამდენიმე წელი უნდა იომონ?“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.[1] ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მოძრაობა თალიბანმა განაცხადა, რომ შტატები ბევრს დაკარგავს და ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ამერიკელი შეეწირება.[2]

11 სექტემბრის წლისთავზე ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა. შენობაში ამოქმედებული განგაშის სიგნალი ახლომდებარე კვარტლებშიც ისმოდა. ცნობები მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან შესაძლოა „თალიბანი“ იდგეს, რომელიც აშშ-ს ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო დაემუქრა.[3]

სირიის კრიზისი – თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ომისგან დაზარალებულ ნაწილში ამერიკელ სამხედროებთან ერთად პატრულირებას იწყებენ, რათა ერთობლივად ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გასწვრივ „უსაფრთხო ზონა“ შექმნან. სააგენტოს ცნობით, თურქული დროშებით ავტომობილები ამერიკელებს თურქეთის ქალაქ აკჩაკალეს აღმოსავლეთით, სირიის საზღვრამდე 15 კილომეტრში შეუერთდნენ, ეს ადგილი სირიის ქალაქ თელ-აბიადთან ახლოს მდებარეობს. სახმელეთო პატრულირებას დამასკო აპროტესტებს. თურქეთის პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდეტთან უთანხმოების შემდეგ ნატოს მოკავშირეების მიმართ ნდობის შესუსტებასთან დაკავშირებით აქვს განცხადებები გაკეთებული. მისი თქმით, თურქეთი არ იზიარებს ვაშინგტონის ზოგიერთ პოზიციას და უარყოფს კონფლიქტურ ზონაში „ტერორისტული ორგანიზაციების“ ხელშეწყობას. ერდოღანს თურქეთის საზღვრებთან ქურთების სამხედრო ძალების გადაადგილება არ მოსწონს, ქურთებს კი, რომლებსაც მხარს ბოლო ოთხი წელია აშშ უჭერს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერიტორია უკავიათ, რომელსაც მანამდე „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.[4]

ქალაქ ალბუ ქამალის მახლობლად განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 18 ირანელი მებრძოლი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა იერიში, თუმცა, ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებს ხშირად ისრაელი უტევს. მსგავსი ოპერაციების მიზნად ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ ირანული შეიარაღების გადაცემის აღკვეთა სახელდება. მომხდარიდან რამდენიმე საათში დამასკოდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ისრაელის ჯარში აცხადებენ, რომ რაკეტებმა ისრაელის ტერიტორიამდე ვერ მიაღწია. ქვეყანაში ასევე განაცხადეს, რომ მომხდარში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ადანაშაულებენ, თუმცა პასუხისგებლობას სირიის მთავრობას აკისრებენ.[5]

იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშების გამო საავადმყოფოები მიწის ქვეშ ფუნქციონირებს. ამის შესახებ სიუჟეტი „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტმა მოამზადა. სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო ავია დარტყმების სამიზნე სამედიცინო დაწესებულებებიც იყო, რაც ომის დანაშაულია. მედიკოსები იძულებულები გახდნენ მიწის ქვეშ ჩასულიყვნენ, რათა გადარჩენილიყვნენ. როგორც BBC-ის ჟურნალისტი კვენტინ სომერვილი სიუჟეტში ამბობს, ორი კვირის წინ კონკრეტულ ადგილზე ავია დარტყმების სამიზნე საავადმყოფო იყო. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმა მართალია ომის დანაშაულია, თუმცა ეფექტური გზაა ირგვლივ მდებარე ტერიტორიის დასაცლელად, რადგან ახლა ყოფილი საავადმყოფოს ნანგრევების ირგვლივ უკვე აღარავინ არის. აპრილის შემდეგ იდლიბში 40 სამედიცინო დაწესებულება გახდა ავია დარტყმების სამიზნე. თუმცა არსებობს რამდენიმე საავადმყოფო, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს, რათა ექიმებმა თავის გადარჩენა და სხვების დახმარება ისევ შეძლონ. გაერო აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებისა და რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები მომაკვდინებელ კამპანიას აწარმოებენ, რომლის სამიზნეც საავადმყოფოები ხდება.[6]

დამასკოში, ომის დაწყების შემდეგ პირველად, საერთაშორისო ქსელის 2 სასტუმრო გაიხსნება. ფრანგული ჯგუფი „Louvre Hotels Group“ სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 სასტუმროს გახსნის. ხუთვარსკვლავიანი „Royal Tulip Semiramis“ და ოთხვარსკვლავიანი „Golden Tulip Mazzeh“ მუშაობას 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყებენ, მას შემდეგ რაც მათთვის განკუთვნილი შენობების აღდგენა დასრულდება. ეს არის პირველი დასავლური სასტუმროების ქსელი, რომელიც სირიაში 2012 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ შევა. „Louvre Hotels Group“ მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ქსელია. მას 54 ქვეყანაში 1500-ზე მეტი სასტუმრო ეკუთვნის. 2015 წლიდან მას ჩინელი ინვესტორები მართავენ. 2010 წელს სირიას 8,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, 2018 წელს კი მხოლოდ 1,8 მილიონი.[7]

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ასადმა ყველა დამნაშავე შეიწყალა, რომელთა მიმართაც 2019 წლის 14 სექტემბრამდე იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამნისტია შეეხოთ ასევე სიკვდილმისჯილებს, რომელთაც განაჩენი შეუცვალეს და უვადო პატიმრობაში დატოვეს. ბაშარ ასადის განკარგულების თანახმად, სრულად მოეხსნათ პატიმრობა განუკურნებელი სენით შეპყრობილ პატიმრებს, რომელთაც 75 წელი შეუსრულდათ. ამნისტია შეეხებათ მიმალვაში მყოფ პირებს, იმ შემთხვევაში თუ სამი თვის ვადაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდებიან.[8]

ირანელი ფეხბურთის გულშემატკივარი ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ ცეცხლი წაიკიდა, გარდაიცვალა – ქალმა თეირანში ფეხბურთის მატჩზე დასწრება გადაწყვიტა და ამისთვის კაცის სამოსში გამოეწყო, თუმცა ის იცნეს და დააკავეს. შემთხვევა მარტში მოხდა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, გასულ კვირას დაგეგმილი იყო ამ საქმის სასამართლო პროცესი, თუმცა გადაიდო, ქალმა სწორედ ამის შემდეგ წაიკიდა ცეცხლი. ირანის ხელისუფლება ქალებს სტადიონებზე დასწრებას უკრძალავს. ამ ქალის შესახებ სოციალურ ქსელში ჰეშთეგი შეიქმნა სახელწოდებით „Blue Girl“ (ლურჯი გოგო), ლურჯი კი იმიტომ რომ ეს ფერი ქალის საყვარელი საფეხბურთო კლუბის „ესტეგლალ თეირანის“ ფერია.

ქალმა ციხეში სამი დღე გაატარა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს და 6 თვე სასამართლო პროცესს ელოდებოდა. მაგრამ როდესაც გასულ კვირაში სასამართლოში გამოცხადდა, მას აცნობეს, რომ მოსამართლე ოჯახთან დაკავშირებული საქმის გამო პროცესს ვერ წაიყვანდა. ქალი მოგვიანებით სასამართლოში ტელეფონის წასაღებად დაბრუნდა. ამ დროს, როგორც მედია წერს, ქალმა შემთხვევით ყური მოჰკრა საუბარს და გაიგო, რომ მას 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ წაიკიდა ქალმა ცეცხლი სასამართლოს შენობასთან, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი კვირის შემდეგ მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.[9]

[1] სოციალური ქსელი „ტვიტერი“; აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდი; 2019 წლის 7 სექტემბრის პოსტი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://twitter.com/realDonaldTrump/status/1170469618177236992

[2] BBC; Afghan peace deal: Taliban says US has most to lose from cancelled talks; 8 September; 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-49628290

[3] AP; Rocket blast at US embassy in Kabul on 9/11 anniversary; By Cara Anna; 11 September, 2019; available at: https://www.apnews.com/3bdfd6bdd52a4f5f9ec7bfc383ee487c?fbclid=IwAR2QuiWQrD6DaRFtQmbt0f1OGHeeMOMLLA-Z5sZc9p-y8F4-iviQjvSpjf4

[4] Reuters; Turkish military enters Syria to begin joint US safe zone patrol; By Murad Sezer; Rodi Said; 8 September, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey/turkish-military-enters-syria-to-begin-joint-u-s-safe-zone-patrol-idUSKCN1VT05H?il=0

[5] BBC; Syria war: Air strikes hit Iranian-backed forces near Iraq border; 9 September, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49633146

[6] BBC; Syria war: Idlib’s secret hospitals hiding from air strikes; 12 September, 2019; available at: https://www.bbc.com/news/av/world-middle-east-49669939/syria-war-idlib-s-secret-hospitals-hiding-from-air-strikes

[7] Le Monde; Une societe francaise s’apprete a ouvrir deux hotels a Damas; 13 September, 2019; available at: https://www.lemonde.fr/international/article/2019/09/13/une-societe-francaise-s-apprete-a-ouvrir-deux-hotels-a-damas_5510133_3210.html

[8] SANA; President al-Asad issues legislative decree stipulation for granting amnesty for crimes committed before 14 September, 2019; 15 September, 2019; available at: https://www.sana.sy/en/?p=173348

[9] BBC; Iran’s “Blue Girl” dies after setting herself on fire; 10 September, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49646879