ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ საერთო ჯამში, ძალადობრივმა ინციდენტებმა ქალაქ ბაღდადსა და ე.წ „ბაღდადის ქამრის“ ზონაში იკლო 2017 წლის შემდეგ. 2018 წელს ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ და მათი აქტივობა ქალაქ ბაღდადსა და ქამრის ზონაში შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაჯგუფება ინარჩუნებს წარმომადგენლობას ქამრის ზონაში და აქვს უნარი განახორციელოს იერიშები. ბაღდადის პროვინცია ძირითადად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ის თავდაცვისა და სამართალდამცავ ფუნქციებს ინაწილებს სახალხო მობილიზაციის ძალებთან. წყაროების ცნობით სახალხო მობილიზაციის ძალები, პერიოდულად, ჩართულები არიან უსაფრთხოების ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებებში ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლის პროცესში.
ბაღდადის პროვინციაში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 392 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელთაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის ინტენსიურობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 7.4 იყო. 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 13.4 შეადგენდა (ინციდენტების რაოდენობა – 487). გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის მონაცემებით, 2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 1124 იყო (2017 წელს – 2975). სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სიკვდილით დასჯა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ადამიაში დაფიქსირდა (78), ასევე, რესაფაში, ტავრა 1 და ტავრა 2-ის ჩათვლით (77 ინციდენტი). სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ტარმიასა და მადაინში. 2018 წელს, ბაღდადში, ძალადობის უმეტესობა იყო პოლიტიკური ხასიათის, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის დაშინებები, შეიარაღებული შეტაკებები და მიზნობრივი მკვლელობები 2018 წლის არჩევნების კონტექსტში. კრიმინალური ხასიათის ძალადობა ძირითადად დაკავშირებული იყო დაჯგუფებებთან და მოიცავდა გატაცებებს, გამოძალვას, დაშინებას და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ასევე ადგილი ჰქონდა ძარცვასა და რეკეტს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იყენებდა მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მათ სამიზნეს წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობა ბაზრებში, ავტობუსებსა და მაღაზიებში. თემთა ლიდერები ასევე იყვნენ დაჯგუფების სამიზნეები, რაც ლიდერების მხრიდან არჩევნების მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული.
2018 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ბაღდადში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 604 140-დან (2016 წელი) 69 2014-მდე იყო შემცირებული. თავად ბაღდადის პროვინციიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც ძირითადად პროვინციის შიგნითვე იყვნენ გადაადგილებულნი შემცირებული იყო 8 550-დან 486-მდე.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ინდიკატორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ განურჩეველ ძალადობას ბაღდადში ადგილი აქვს, თუმცა არა მაღალი დონით, შესაბამისად, მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ელემენტის არსებობა საჭიროა, რომ დადგინდეს მყარი საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ პირი, ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი დირექტივის მე-15 მუხლის განმარტებით, სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ბაღდადის ქამრის ზონა“, განსაკუთრებით ტარმიას რაიონი, შედარებით, მეტად არის დაზარალებული განურჩეველი ძალადობით.
სურსათის უსაფრთხოება – ყველა საკვები საქონელი, რომელსაც მოსახლეობას აწვდის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ფართოდაა ხელმისაწვდომი ბაბილში, ბაღდადში, ნაჯაფში, ქადისიასა და სალაჰადინში; ასევე, კირკუკსა და ნინევაში.
განსახლება და თავშესაფარი – წყაროების ცნობით, ქვეყანაში განსახლების შესაძლებლობების დიდი დეფიციტია. ფასები გაზრდილია განსაკურებით იმ რეგიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. განსახლების საშუალებები ძირითადად არაფორმალურია და დაგეგმარების გარეშეა ნაშენები. ქირის ფასი უკიდურესად მაღალია ბაღდადში.
ჰიგიენა – 2010 წლის შემდეგ წყალზე წვდომა გაუმჯობესებულია, თუმცა ბევრი ერაყელი კვლავ დამოკიდებულია არაფორმალურ ჭებზე, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებასა და არასაიმედო მომარაგების სისტემაზე, რადგან ერაყის სასმელი წყალი განაგრძობს გაფუჭებას. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2.3 მილიონი ერაყელი წყალზე და სანიტარიაზე წვდომის საჭიროების წინაშეა. ქვეყნის სამხრეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, სადაც წყალზე წვდომა კვირაში 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველაზე ცუდი ვითარებაა ნინევასა და კირკუკში (კვირაში 3 დღე).
საბაზისო ჯანდაცვა – კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ძირითადი გარემოებები ბაღდადში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შეფასებით, არ გამორიცხავს ქალაქში განსახლების მიზანშეწონილობას. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური გარემოებები.[1]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონში, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს, ძირითადად სუნიტ არაბს, მოეთხოვება სპონსორის ყოლა ან ადგილობრივი საბჭოდან ან მუხტარისგან (სოფლის ლიდერი) დასტურის/რეკომენდაციის წერილის ქონა რათა მიიღოს განსახლების უფლება. დამატებით, ყველა რეგიონში, პირი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება. ბაღდადში განსახლებისთვის, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს ესაჭიროება ორი სპონსორი სამეზობლოდან, სადაც აპირებს განსახლებას და ადგილობრივი მუხტარის მხარდაჭერის წერილი.[2]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ 2018 და 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით ვითარების გამოსწორების პარალელურად, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მეტწილად სტაბილური გახდა ბაღდადშიც. 2018 წლის განმავლობაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აქტიური რჩებოდა „ქამრის ზონის“ პატარა ქალაქებში და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ახორციელებდა იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათი შესაძლებლობები, განახორციელონ ისეთი იერიში, რომელიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წლის დასაწყისში დაჯგუფება დიდწილად განდევნეს, იმის ფონზე, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გააფართოვეს საკუთარი კონტროლი „ქამრის ზონაზე“; ამან თავის მხრივ ინციდენტების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის აპრილში, დაჯგუფება ფიქრობდა თავისი მხარდაჭერის ზონის გაფართოებას ბაღდადის „ქამრის ზონის“ სამხრეთ-დასავლეთით. მაშინ, როცა ანგარიშები ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნავდნენ პოლიტიკური მოტივებით თუ გამოსასყიდის მისაღებად განხორციელებული გატაცებების შესახებ, 2018 და 2019 წლებში აღნიშნული მიმართულებითაც კლებას ჰქონდა ადგილი. ბაღდადში კვლავ ადგილი აქვს მაღალი პროფილის მქონე პირების მიზნობრივ მკვლელობებს.[3]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ერაყელთა საერთაშორისო დაცვის საჭიროების შესახებ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფართომასშტაბიანი ნგრევის, საბაზისო ინფრასტრუქტურის და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზიანის, საბაზისო სერვისებსა და შემოსავლის წყაროებზე წვდომის შეზღუდულობის, მიწებისა და სახლებში ნაღმების არსებობის, მიმდინარე ტერიტორიული დაძაბულობის, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული პირების მიმართ რეპრესიული აქტების და ლოკალიზებული არამდგრადი უსაფრთხოების გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ იმ პირთა დაბრუნებისგან, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ტერიტორიიდან არიან; ასევე, იმ ტერიტორიიდან, სადაც დაჯგუფებას ახლაც ჰყავს წარმომადგენლობა. გლუკი ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის სხვა რეგიონებში იმ პირთა იძულებით დაბრუნებას, ვინც დგას რისკის წინაშე, რომ ვერ შეძლებს განსახლებაზე წვდომას ან აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომ არ დარჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა საკუთარი წარმოშობის რეგიონში დაბრუნებისა. გლუკი აქვე აღნიშნავს, რომ მოსაზრება ეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც არ დადგინდა ლტოლვილის სტატუსით საერთაშორისო დაცვის საჭიროება.[4]
[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019
(accessed on 16 September 2019)[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: Iraq: Country of Origin Information on Access and Residency Requirements in Iraq: Ability of Persons Origination from Formerly ISIS-Held or Conflict-Affected Areas to Legally Access and Remain in Proposed Areas of Relocation, 25 April 2019
(accessed on 16 September 2019)[3] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 16 September 2019)[4] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 16 September 2019)