ერაყი. განათლების ხელმისწვდომობა ერბილში. სექტემბერი, 2019

დაწყებითი განათლება სავალდებულოა ერაყის ყველა მოქალაქე ბავშვისთვის (ერაყის ქურთისტანში სწავლა სავალდებულოა 15 წლის ასაკამდე). მოქალაქეებისთვის სწავლა უფასოა. გოგონათა თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე კვლავ წარმოადგენს გამოწვევას, განსაკუთრებით პერიფერიულ და არა უსაფრთხო რაიონებში. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის უკანასკნელ ანგარიშში ერაყის შესახებ ნათქვამია, რომ განახლებული და სანდო ინფორმაცია სასწავლებლებში ჩარიცხვის, დასწრებისა და დასრულების შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი.[1]

2017 წლის მაისში გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი ერაყში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, დაწყებითი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ წერდა. ფონდის ინფორმაციით, ზრდა შეადგენდა დაახლოებით 4.1%-ს წლიურად. 2015-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების ყველა დონეზე 9.2 მილიონი სტუდენტი ირიცხებოდა. იგივე წყარო, ასევე, ყურადღებას ამახვილებდა გენდერულ პრობლემებზე განათლების კუთხით. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, მაგალითად სალაჰადინსა და დიალაში, სასკოლო ასაკის ბავშვთა 90% საგანმანათლებლო სისტემის მიღმა იყო დარჩენილი. 2015-2016 წლებში ერაყი თავისი ბიუჯეტის 5.7%-ს ხარჯავდა განათლებაზე, რაც შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. საჯარო განათლებაში შეზღუდულმა რესურსებმა შედეგად მოიტანა განათლების ხარისხის დაცემა და მასწავლებელთა პოზიციებზე შენარჩუნების მაჩვენებლების შემცირება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბავშვები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის ბარიერებს განათლებაზე წვდომის კუთხით; მათ შორის იყო იერიშები სკოლებზე, მასწავლებლებსა და სასწავლო პერსონალზე. სხვა ბარიერები მოიცავდა ახლოს მდებარე სკოლების ნაკლებობას, სკოლების დევნილთა თავშესაფრებად ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავების ცენტრებად გამოყენებას; ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას. იგივე წყაროს ცნობით, 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკოლა ხელახლა გაიხსნა და განაგრძო ფუნქციონირება, დაახლოებით 1.2 მილიონი ბავშვი მთელი ერაყის მასშტაბით რჩებოდა სკოლის მიღმა.[2]

2018 წლის იანვარში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად იძულებითმა გადაადგილებამ ნეგატიური გავლენა იქონია განათლებაზე და იძულებით გადაადგილებული ბავშვების მინიმუმ 70%-მა სასწავლო წელი გამოტოვა. იგივე წყარო 2018 წლის თებერვალში წერდა, რომ ერაყის სკოლების თითქმის ნახევარს სჭირდება შეკეთება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიული დამარცხების შემდეგ და რომ, დაახლოებით, სამი მილიონი ბავშვის განათლების პროცესი შეფერხდა.

ერაყში მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რომლებიც განთავსებულნი არიან თავშესაფარში, სახელმწიფო სახლებში და ბავშვთა სახლებში, გარანტირებულია დაცვა, მათ შორის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და განათლებაზე. განათლებაზე წვდომა შეზღუდულია განსაკურებული საჭიროებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. განათლებაზე წვდომის კუთხით დისკრიმინაციას განიცდიან, ასევე, ქალები. სოციალურმა, რელიგიურმა და პოლიტიკურმა ზეწოლამ მნიშვნელოვნად შეზღუდა არჩევანის თავისუფლება აკადემიური და კულტურული მიმართულებით.[3]

მასწავლებლები დიდი ხანია აწყდებიან მუქარებსა და ძალადობას ან სხვა სახის ნეგატიურ შედეგებს იმის გამო, რომ ასწავლიან ისეთ საგნებს ან საკითხებს, რომლებიც ძლევამოსილი სახელმწიფო ან არა სახელმწიფო აქტორებისთვის დავის საგანს წარმოადგენს. ქვეყნის ოფიციალური სასწავლო გეგმა ხშირად კლასში იცვლება რელიგიური ან კონფესიური შეხედულებების შესაბამისად. უნივერსიტეტის სტუდენტების პოლიტიკურმა აქტივობამ, შეიძლება, ისინი დაშინების ან შევიწროვების ობიექტებად აქციოს.[4]

ერაყელი ოჯახები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირების გამო, რაც, როგორც წესი, დაკავშირებულია მათ გვართან, ტომობრივ კავშირებთან ან წარმოშობის რეგიონთან, ვერ გადიან უსაფრთხოების შემოწმებას, რათა მიიღონ პირადობის დამადასტურებელი ბარათი ან სხვა სახის დოკუმენტაცია. აღნიშნული იწვევს მათი სხვადასხვა უფლების, მათ შორის, განათლების უფლების შეზღუდვას.[5]

2.5 მილიონზე მეტი ბავშვი საჭიროებს განათლებაზე წვდომას. ქვეყანაში კონფლიქტური მდგომარეობის შედეგად სკოლები განადგურდა და ბევრ სკოლას უწევს ორმაგი ან სამმაგი დატვირთვით მუშაობა. დევნილი ბავშვების 50%-ს დევნილთა ბანაკებში არასათანადო წვდომა აქვთ განათლებაზე. დაახლოებით, 3.2 მილიონი ბავშვი არა რეგულარულად ან საერთოდ ვერ დადის სკოლაში.[6]

არასამთავრობო ორგანიზაცია „The Borgen Project“ 2018 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერაყში განათლება სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დახმარების თავიდან აცილება არ ხდება. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მხარდაჭერა ერაყის მიმართ განათლების კუთხით მნიშვნელოვანია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სკოლების მშენებლობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეკეთება უკვე არსებულ სკოლებში, 50 ათასზე მეტი მასწავლებლის გადამზადება, მილიონობით ბავშვის სასკოლო ნივთებით მომარაგება და ბევრი სხვა სახის პოზიტიური ჩარევა. 2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდი 682 ათას ბავშვს დაეხმარა განათლებაზე წვდომის კუთხით.

სტატიაში, ასევე, საუბარია ერაყში განათლების კუთხით არსებულ პრობლემებზე. სტატიის ავტორი წერს, რომ კონფლიქტმა ქვეყანაში შეამცირა დასწრების მაჩვენებელი. „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობებმა ერაყის საგანმანათლებლო სისტემა მოშალა. იმ დროს, როდესაც დაჯგუფება ერაყში კონტროლირებად ტერიტორიებს ფლობდა, დაიხურა ბევრი სკოლა და შენობების გამოყენება ხდებოდა სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის უსაფრთხო სახლებად ან რადიკალური სწავლებებისთვის. ამან გამოიწვია ის, რომ ყოველი ერთი სკოლა ხუთიდან გახდა უფუნქციო. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ბევრია გასაკეთებელი სიტუაციის გამოსასწორებლად; მაგალითად, დაჯგუფების მიერ სკოლების დახურვამ გამოიწვია ის, რომ ბევრ ბავშვს ორი სასწავლო წლის გამოტოვება მოუხდა; ახლა საჭიროა მათი დახმარება, რომ ისინი სასწავლო პროგრამას წამოეწიონ.

სტატიის ავტორი წერს, რომ ერაყში განათლება ყოველთვის არ იყო პრობლემატური და რომ კონფლიქტებმა თავისი უარყოფითი კვალი დატოვა განათლების სისტემაზე. ავტორის შეფასებით, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდისა და სხვა ორგანიზაციების მიზანია ერაყის განათლების სისტემის ფეხზე წამოყენება; თუმცა, ბევრია გასაკეთებელი იქამდე, რომ განათლების სისტემა დაუბრუნდეს იმ დონეს, რაც იყო ისლამური ოქროს ეპოქაში, როდესაც ბაღდადი გლობალური ინტელექტუალიზმის ეპიცენტრს წარმოადგენდა.[7]

2019 წლის 17 თებერვალს ერაყში მასწავლებლებმა გაფიცვა მოაწყვეს.  ისინი სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო სისტემის დონის გაუმჯობესებას და მასწავლებლების ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაფიცვა ბაღდადისა და სხვა პროვინციების დაწყებითი და საშუალო განათლების დაწესებულებების მასწავლებლებმა მოაწყვეს. გაფიცულების თქმით, ერაყში განათლების პროცესი სერიოზულად შეფერხდა და საჭიროა ხარისხის გაუმჯობესება. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს სათანადო რაოდენობის დაფინანსება განათლების სამინისტროსთვის ვითარების გამოსასწორებლად.[8]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq, 13 March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq, 13 March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[4] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019

 (accessed on 13 March 2019)

[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Iraq, 17 January 2019

 (accessed on 13 March 2019)

[6] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[7] The Borgen Project; Top 10 facts about education in Iraq; By Daniel Lehewych; 10 August, 2018; available at: https://borgenproject.org/education-in-iraq/ [accessed 14 March 2019]

[8] Xinhua; Iraqi teachers on strike over deteriorated educational system; 17 February; 2019; available at: http://www.xinhuanet.com/english/2019-02/17/c_137829072.htm [accessed 14 March 2019]