დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 სექტემბერი, 2019

პაკისტანელ კაცს მოდელი დის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ვასიმმა აღიარა, რომ 2016 წლის 26 ივლისს საკუთარი და დაახრჩო, ვინაიდან ის მთელ ოჯახს არცხვენდა. კერძოდ, ის სოციალურ ქსელებში გარყვნილ ფოტოებს აქვეყნებდა. ვასიმის გარდა განაჩენი გამოუტანეს კიდევ 6 ადამიანს, მათ შორის რელიგიურ მოღვაწე მუფთი აბდულ ქავის. ბალოჩის ოჯახი მკვლელობაში სწორედ აბდულ ქავის ადანაშაულებდა, რომელმაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების გამო ​ქანდილ ბალოჩი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გააკრიტიკა.[1]

ვენესუელის კრიზისი – გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ვენესუელაში ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნას დაუჭირა მხარი. ჯგუფი ვენესუელაში სასამართლოს გარეშე დასჯის და წამების ფაქტებს, ასევე სხვა მძიმე დანაშაულებს გამოიძიებს. შესაბამის რეზოლუციას მხარი საბჭოს 47 ქვეყნიდან 19-მა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, 21-მა სახელმწიფომ კი თავი შეიკავა. ამასთან, დოკუმენტი ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჯგუფის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყოს. გაეროს ადამიანთა უფლების საბჭოში ვენესუელის წარმომადგენელმა ხორხე ალვარომ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფთან თანამშრომლობას არ აპირებს.[2]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთში, არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, საარჩევნო უბანთან აფეთქება მოხდა. ინციდენტი, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ყანდაარში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

28 სექტემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებში ყოველი ხუთი ამომრჩევლიდან მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მიიღო. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობის მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებშია.[4]

[1] BBC; Qandeel Baloch: Brother of murdered social media star jailed; 27 September, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-49848384?fbclid=IwAR1w4BxJKzwPpjCaXP1tjnizxYvUeAssW90nAvNq86DNi1H5L3li7C2TTis

[2] იმედის ახალი ამბები; გაერო ვენესუელაში ადამიანის უფლებათა დარღვევებს გამოიძიებს; 27 სექტემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/117530/gaero-venesuelashi-adamianis-uplebata-dargvevis-paqtebs-gamoidziebs

[3] Reuters; Explosion occurs near polling station in Afghan city of Kandahar; 28 September, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-election-blast/explosion-occurs-near-polling-station-in-afghan-city-of-kandahar-idUSKBN1WD048?il=0

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა; 29 სექტემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/117666/avganetis-saprezidento-archevnebshi-amomrchevelta-dabali-aqtivoba-dapiqsirda