ერაყი. სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება ბაღდადში. ოქტომბერი, 2019

ერაყში სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური საზოგადოებაა თავმოყრილი. 2017 წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ერაყის მოსახლეობის 97% მუსლიმია; შიიტი მუსლიმები (ძირითადად არაბები, თუმცა მათ შორის თურქმენები, ფეილი ქურთები და სხვებიც არიან) 55-60%-ია. სუნიტების რაოდენობა 40%-მდეა; მათგანი სუნიტი ქურთების წილი 15%-ია, არაბები 24% და თურქმენები – 1%. შიიტები ძირითადად განსახლებულნი არიან ერაყის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, ასევე, უმრავლესობაში არიან ბაღდადში და საზოგადოებების დონეზე წარმოდგენილნი არიან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე. სუნიტები უმრავლესობაში არიან დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.[1]

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა ძირითადად სუნიტური რაიონები იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო სუნიტური მოსახლეობის, ძირითადად ტომების მობილიზება დაჯგუფებასთან საბრძოლველად. აღნიშნული მიმართულებით ყველაზე დიდი რეკრუტირება მოხდა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ტომთა სამობილიზაციო ძალებში. 2015 წლის დეკემბერში პრემიერმა აბადიმ 40 ათასი სუნიტი მებრძოლის სახალხო მობილიზაციის ძალებში ინტეგრირება მოახდინა. მათი უმრავლესობა განლაგებული იყო ანბარსა და ნინევაში; სხვა ნაწილი კი სალაჰადინსა და სხვა გამოთავისუფლებულ ზონებში.

სხვადასხვა ექსპერტი აღნიშნავს დემოგრაფიული ჰომოგენიზმის ზრდას სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, სუნიტი არაბების დაბრუნების დაბალ მაჩვენებელში, რომლებიც უფრთხიან თვითნებურ დაკავებებს და გამოძალვას.

2014-2017 წლებში დაფიქსირდა 74 შემთხვევა, როდესაც ძირითადად ერაყის უსაფრთხოების ძალები, ქურთული ძალები და სახალხო მობილიზაციის ძალები სჩადიოდნენ იძულებით გაუჩინარებებს. 2017 წლის განმავლობაში თითქმის ყველა შემთხვევაში ძალადობის ობიექტი სუნიტი არაბი მამაკაცები იყვნენ, რის საფუძველსაც წარმოადგენდა შეტაკებები „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რაც იწვევდა დაკავებებს, დაპატიმრებებს და გაუჩინარებებს.

„Human Rights Watch“-ის მოსაზრებით, ერაყში სუნიტი არაბების მიმართ არის ზოგადად გავრცელებული შეხედულება, რომ ისინი კვლავ რისკის მატარებლები არიან. მაგალითად, ბაღდადიდან სალაჰადინში, ანბარში, დიალასა და კირკუკში მგზავრობისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, სუნიტი არაბები დიდი რისკის წინაშე დგანან. ანბარში არის რამდენიმე საკონტროლო- გამშვები პუნქტი, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. სუნიტი არაბები უფრო დიდ პრობლემებს აწყდებიან იმ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, რომლებიც მცირე დასახლებებში ან ანბარსა და ჰავიჯაში მდებარეობს, ვიდრე ბაღდადში, სადაც პირი შეიძლება ნაკლებად ამოცნობადი იყოს. რისკის ხარისხი იმაზეცაა დამოკიდებული თუ რომელი ძალა აკონტროლებს ტერიტორიას.

ბაღდადის პროვინცია და ქალაქი ბაღდადი შერეული (ძირითადად, სუნიტური და შიიტური მოსახლეობით დასახლებული) რეგიონია, სადაც ასევე ცხოვრობენ ქრისტიანები. მიუხედავად უბნების უმეტესობის შერეული კომპოზიციისა, 2000-იანების კონფესიურმა ძალადობამ გამოიწვია ქალაქ ბაღდადის უფრო დიდი სეგრეგაცია და შიიტების დომინანტობა. 2014 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სუნიტების კონფესიური ნიშნით მკვლელობებს და ამაში უმეტესად შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებენ. თუმცა, ისეთი მასშტაბის კონფესიური ძალადობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2006-2007 წლებში, აღარ განმეორებულა არც 2014 წელს და არც შემდგომში. მიუხედავად ამისა, წყაროები 2014-2015 წლებში აღნიშნავდნენ სახალხო მობილიზაციის ძალების ჩართულობას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სუნიტების მკვლელობებში, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კონტექსტით ხდებოდა, მათ შორის ბაღდადის ე.წ. ქამრის ზონაში.

დაჯგუფებებს ბაღდადში სუნიტები და სხვა უმცირესობები ხშირად ადანაშაულებენ ისეთი სახის ძალადობაში, როგორიცაა სიკვდილით მუქარები, გატაცებები, მიზნობრივი მკვლელობები, ქონების კანონიერი მესაკუთრეებისგან მითვისება და სხვა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქმედებების სამიზნეები, მათივე თქმით, შიიტებიც არიან. სუნიტებს და ქრისტიანებს განსაკურებით ეშინიათ, რომ შიიტური დაჯგუფებების მხრიდან გამოძალვის, გატაცების ან ქონების ჩამორთმევის მსხვერპლნი გახდებიან; მათ კი ამის საწინააღმდეგოდ მოქმედების შესაძლებლობა არ აქვთ. ასაფეთქებელი ნივთიერებები ბაღდადში გამოიყენება როგორც კრიმინალური, ასევე პოლიტიკური მიზნებით და კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი სუბიექტების გამოვლენა სირთულეებთანაა დაკავშირებული. სახალხო მობილიზაციის ძალები მჭიდროდაა დაკავშირებული ბანდებთან და მათ შორის განსხვავების პოვნა, ხშირად, შეუძლებელია.[2]

ისტორიული დაძაბულობა ერაყელ სუნიტებსა და შიიტებს შორის, კვლავ არსებობს; ამავდროულად დაძაბულობა არსებობს სხვა ჯგუფებს შორისაც – არაბებსა და ქურთებს შორის, ერთ უმცირესობასა და სხვა უმცირესობას შორის და ა.შ. 2014 წლის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით სუბიექტების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა და მოიცვა ტომთა ძალები, დაჯგუფებები, ფედერალური და ადგილობრივი პოლიცია, სამხედრო ძალები და სხვა.

ერაყში რამდენიმე სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალების დაჯგუფება მოქმედებს, რომელთა შემადგენლობა 17-25 ათასია. მათი უმეტესობა 2014 წლის ბოლოს, ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა. რეკრუტირება მოხალისეობრივ საწყისებზე ხდება. ბევრი სახალხო მობილიზაციის ძალებს უერთდება უკეთესი ხელფასის გამო. სახალხო მობილიზაციის ძალები საკმაოდ გავლენიანი და პოპულარულები არიან მოსახლეობაში, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში მათი როლი განაპირობებს.

2018 წელს სახალხო მობილიზაციის ძალების 5 მთავარ სამიზნეს შეადგენდნენ: პოლიტიკური ოპონენტები (მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რადგან დაჯგუფებები იბრძვიან ფულისთვის, ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის და იერიშებს ახორციელებენ მეტოქეებზე, მათ შორის შიიტურ დაჯგუფებებზეც); საპასუხო იერიშები, რომელთა სამიზნეც ძირითადად სუნიტური საზოგადოება ხდებოდა; ერაყის სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც სახალხო მობილიზაციის ძალებს აკრიტიკებს; შიიტური მორალური ნორმების დამრღვევი პირები, ძირითადად, ლგბტ საზოგადოება, ქრისტიანები, ალკოჰოლით მოვაჭრეები (ხანდახან ასეთი ძალადობა შიიტური საზოგადოების დახმარებითაც ხდებოდა); სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები (ძირითადად გამოძალვის მიზნით). ერაყის ქურთისტანში ქურთული ძალების სამიზნეებს წარმოადგენენ პოლიტიკური და სოციალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები, ჟურნალისტები და დემონსტრანტი საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოხატავენ კრიტიკულ დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. ქურთული უსაფრთხოების ძალების სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ ის პირები, ვისზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში; ძირითადად, ასეთები იყვნენ სუნიტი არაბები.

ათასობით პირი, რომლებიც იყვნენ ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში, ერაყის მთავრობამ დააპატიმრა. იქიდან გამომდინარე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ძირითადად სუნიტური დაჯგუფება იყო, მოსახლეობის უმეტესობა სუნიტ არაბებს ექსტრემისტულ ჯგუფებთან დაკავშირებულად მოიაზრებს. 2014-2017 წლებში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც შურისძიების მოტივით, უსაფრთხოების ძალებმა ან მათთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს, გააქრეს ან მოკლეს სუნიტები.

დანიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ჯგუფი 2018 წლის ფაქტების მოძიების მისიის ანგარიშში წერს, რომ სუნიტი მამაკაცები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიებს ტოვებდნენ, გადიოდნენ უსაფრთხოების შემოწმებას საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ პირები, რომელთა სახელი ან მათი ოჯახის წევრების სახელები არის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა სახელების მსგავსი, ხდებიან სერიოზული ეჭვის ობიექტები და ისინი შეიძლება გახდნენ ძალადობის, დაკავების ან დაბრუნების აკრძალვის ობიექტები.

სუნიტი მუსლიმების მდგომარეობის შესახებ ბაღდადში, ლანდინფო წერს, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლისას, პირებს უწევთ საკუთარი პირადობის დადასტურება. გვარები და კლანური სახელები ხშირად ახდენს პირის ამა თუ იმ საზოგადოებრივი და გეოგრაფიული კუთვნილების იდენტიფიკაციას. სუნიტები შეიძლება თვითნებურად დაადანაშაულონ ექსტრემისტების მიმართ სიმპათიაში და შედეგად ისინი გახდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ბაღდადში მთავარ ქუჩებზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები არმიისა და პოლიციის კონტროლ ქვეშაა, ხოლო ვიწრო და პატარა ქუჩებზე განთავსებულ პუნქტებს დაჯგუფებები აკონტროლებენ.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არავის მიმართ არ არიან ტოლერანტული, გარდა საკუთარი ფუნდამენტალისტური იდეოლოგიისა. ამიტომ, დაჯგუფებამ არაერთი სუნიტური წმინდა რელიგიური ადგილი გაანადგურა. სუნიტი რელიგიური ლიდერები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დაჯგუფებას იყვნენ დევნის ობიექტები. „ისლამური სახელმწიფო“ ითხოვდა ტოტალურ დამორჩილებას რელიგიური ლიდერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რისკავდა, გამხდარიყო მკვლელობის ან საჯაროდ სიკვდილით დასჯის ობიექტი.

ერაყელთა უმეტესობის იდენტიფიცირება ხდება ტომობრივი კუთვნილების მიხედვით და იდენტობა სერიოზულ სოციალურ როლს თამაშობს საზოგადოებაში. ერაყის საზოგადოება ტომების, ოჯახსა და კლანზე დაფუძნებული კავშირების დიდი გავლენის ქვეშაა, განსაკუთრებით ანბარის, სალაჰადინის, კირკუკისა და ნინევის სუნიტურ ნაწილში; ისევე როგორც სამხრეთით, ბასრაში. ტომობრივი კულტურა და სახელმწიფოს შესაძლებლობის სიმწირე, ჩაერიოს საზოგადოებრივ სამართალში იწვევს იმას, რომ დავების გადაწყვეტაში, ტრადიციულ ლიდერებს და დადგენილ ნორმებს დიდი როლი აქვთ. ასეთი წესები კი განსაკუთრებით მკაცრი ქალებისთვისაა. ტომები ხშირად კარგად შეიარაღებულნი არიან და ხშირად მონაწილეობენ საზოგადოებას შორის კონფლიქტურ ვითარებებში, რომელიც ტომის წესების და ნორმების დარღვევის გამო წარმოიშვება. ეს იწვევს ხოლმე მკვლელობათა ჯაჭვს ტომებს შორის.[3]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სუნიტები ბაღდადში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხშირად ადანაშაულებენ მიზანმიმართულ ძალადობაში. სუნიტებს ძირითადად ეშინიათ გატაცების, გამოძალვის ან დაჯგუფებების მიერ ბაღდადში ქონების ჩამორთმევის. წყაროები განმარტავენ, რომ ძალადობის გამო პასუხიმგებლობის დაკისრება კონკრეტულ დამნაშავეებზე ბაღდადში რთულია და სამიზნეებზე თავდასხმის საბაბი ზოგჯერ პოლიტიკური, ხოლო ზოგჯერ კრიმინალური ხასიათისაა. მოქმედი პირების განსაზღვრა რთულია, სავარაუდოდ, ისინი ძირითადად შეიარაღებული დაჯგუფებები და ბანდები არიან; მათ შორის ძლიერი მსგავსების გამო კი, განსხვავება ხშირად შეუძლებელია.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ სუნიტების ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში დადანაშაულებამ შეიძლება მიიღოს, როგორც დევნის, ასევე დისკრიმინაციის ხასიათი და ინდივიდუალური შეფასებაა საჭირო იმის დასადგენად, დისკრიმინაციული ქმედებები უტოლდება თუ არა დევნას. ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ უბრალოდ ფაქტს, რომ პირი არის სუნიტი არაბი, არ მივყავართ დევნის საფუძვლიან შიშთან. ინდივიდუალური გარემოებები, როგორიცაა წარმოშობის რეგიონი, ტომური კუთვნილება, ოჯახის წევრების სავარაუდო კავშირები ისლამურ სახელმწიფოსთან, სახელი და ა.შ. მნიშვნელოვანია რისკების შეფასებისას.[4]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ საერთო ჯამში, ძალადობრივმა ინციდენტებმა ქალაქ ბაღდადსა და ე.წ „ბაღდადის ქამრის“ ზონაში იკლო 2017 წლის შემდეგ. 2018 წელს ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“  და მათი აქტივობა ქალაქ ბაღდადსა და ქამრის ზონაში შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაჯგუფება ინარჩუნებს წარმომადგენლობას ქამრის ზონაში და აქვს უნარი განახორციელოს იერიშები. ბაღდადის პროვინცია ძირითადად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ის თავდაცვისა და სამართალდამცავ ფუნქციებს ინაწილებს სახალხო მობილიზაციის ძალებთან. წყაროების ცნობით სახალხო მობილიზაციის ძალები, პერიოდულად, ჩართულები არიან უსაფრთხოების ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებებში ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლის პროცესში.

ბაღდადის პროვინციაში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 392 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელთაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის ინტენსიურობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 7.4 იყო. 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 13.4 შეადგენდა (ინციდენტების რაოდენობა – 487). გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის მონაცემებით, 2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 1124 იყო (2017 წელს – 2975). სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სიკვდილით დასჯა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ადამიაში დაფიქსირდა (78), ასევე, რესაფაში, ტავრა 1 და ტავრა 2-ის ჩათვლით (77 ინციდენტი). სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ტარმიასა და მადაინში. 2018 წელს, ბაღდადში, ძალადობის უმეტესობა იყო პოლიტიკური ხასიათის, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის დაშინებები, შეიარაღებული შეტაკებები და მიზნობრივი მკვლელობები 2018 წლის არჩევნების კონტექსტში. კრიმინალური ხასიათის ძალადობა ძირითადად დაკავშირებული იყო დაჯგუფებებთან და მოიცავდა გატაცებებს, გამოძალვას, დაშინებას და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ასევე ადგილი ჰქონდა ძარცვასა და რეკეტს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იყენებდა მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მათ სამიზნეს წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობა ბაზრებში, ავტობუსებსა და მაღაზიებში. თემთა ლიდერები ასევე იყვნენ დაჯგუფების სამიზნეები, რაც ლიდერების მხრიდან არჩევნების მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული.

2018 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ბაღდადში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 604 140-დან (2016 წელი) 69 2014-მდე იყო შემცირებული. თავად ბაღდადის პროვინციიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც ძირითადად პროვინციის შიგნითვე იყვნენ გადაადგილებულნი შემცირებული იყო 8 550-დან 486-მდე.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ინდიკატორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ განურჩეველ ძალადობას ბაღდადში ადგილი აქვს, თუმცა არა  მაღალი დონით, შესაბამისად, მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ელემენტის არსებობა საჭიროა, რომ დადგინდეს მყარი საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ პირი, ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი დირექტივის მე-15 მუხლის განმარტებით, სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ბაღდადის ქამრის ზონა“, განსაკუთრებით ტარმიას რაიონი, შედარებით, მეტად არის დაზარალებული განურჩეველი ძალადობით.

სურსათის უსაფრთხოება – ყველა საკვები საქონელი, რომელსაც მოსახლეობას აწვდის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ფართოდაა ხელმისაწვდომი ბაბილში, ბაღდადში, ნაჯაფში, ქადისიასა და სალაჰადინში; ასევე, კირკუკსა და ნინევაში.

განსახლება და თავშესაფარი – წყაროების ცნობით, ქვეყანაში განსახლების შესაძლებლობების დიდი დეფიციტია. ფასები გაზრდილია განსაკურებით იმ რეგიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. განსახლების საშუალებები ძირითადად არაფორმალურია და დაგეგმარების გარეშეა ნაშენები. ქირის ფასი უკიდურესად მაღალია ბაღდადში.

ჰიგიენა – 2010 წლის შემდეგ წყალზე წვდომა გაუმჯობესებულია, თუმცა ბევრი ერაყელი კვლავ დამოკიდებულია არაფორმალურ ჭებზე, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებასა და არასაიმედო მომარაგების სისტემაზე, რადგან ერაყის სასმელი წყალი განაგრძობს გაფუჭებას. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2.3 მილიონი ერაყელი წყალზე და სანიტარიაზე წვდომის საჭიროების წინაშეა. ქვეყნის სამხრეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, სადაც წყალზე წვდომა კვირაში 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველაზე ცუდი ვითარებაა ნინევასა და კირკუკში (კვირაში 3 დღე).

საბაზისო ჯანდაცვა – კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ძირითადი გარემოებები ბაღდადში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შეფასებით, არ გამორიცხავს ქალაქში განსახლების მიზანშეწონილობას. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური გარემოებები.[5]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონში, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს, ძირითადად სუნიტ არაბს, მოეთხოვება სპონსორის ყოლა ან ადგილობრივი საბჭოდან ან მუხტარისგან (სოფლის ლიდერი) დასტურის/რეკომენდაციის წერილის ქონა რათა მიიღოს განსახლების უფლება. დამატებით, ყველა რეგიონში, პირი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება. ბაღდადში განსახლებისთვის, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს ესაჭიროება ორი სპონსორი სამეზობლოდან, სადაც აპირებს განსახლებას და ადგილობრივი მუხტარის მხარდაჭერის წერილი.[6]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ 2018 და 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით ვითარების გამოსწორების პარალელურად, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მეტწილად სტაბილური გახდა ბაღდადშიც. 2018 წლის განმავლობაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აქტიური რჩებოდა „ქამრის ზონის“ პატარა ქალაქებში და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ახორციელებდა იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათი შესაძლებლობები, განახორციელონ ისეთი იერიში, რომელიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წლის დასაწყისში დაჯგუფება დიდწილად განდევნეს, იმის ფონზე, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გააფართოვეს საკუთარი კონტროლი „ქამრის ზონაზე“; ამან თავის მხრივ ინციდენტების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის აპრილში, დაჯგუფება ფიქრობდა თავისი მხარდაჭერის ზონის გაფართოებას ბაღდადის „ქამრის ზონის“ სამხრეთ-დასავლეთით. მაშინ, როცა ანგარიშები ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნავდნენ პოლიტიკური მოტივებით თუ გამოსასყიდის მისაღებად განხორციელებული გატაცებების შესახებ, 2018 და 2019 წლებში აღნიშნული მიმართულებითაც კლებას ჰქონდა ადგილი. ბაღდადში კვლავ ადგილი აქვს მაღალი პროფილის მქონე პირების მიზნობრივ მკვლელობებს.[7]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ერაყელთა საერთაშორისო დაცვის საჭიროების შესახებ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფართომასშტაბიანი ნგრევის, საბაზისო ინფრასტრუქტურის და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზიანის, საბაზისო სერვისებსა და შემოსავლის წყაროებზე წვდომის შეზღუდულობის, მიწებისა და სახლებში ნაღმების არსებობის, მიმდინარე ტერიტორიული დაძაბულობის, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული პირების მიმართ რეპრესიული აქტების და ლოკალიზებული არამდგრადი უსაფრთხოების გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ იმ პირთა დაბრუნებისგან, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ტერიტორიიდან არიან; ასევე, იმ ტერიტორიიდან, სადაც დაჯგუფებას ახლაც ჰყავს წარმომადგენლობა. გლუკი ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის სხვა რეგიონებში იმ პირთა იძულებით დაბრუნებას, ვინც დგას რისკის წინაშე, რომ ვერ შეძლებს განსახლებაზე წვდომას ან აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომ არ დარჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა საკუთარი წარმოშობის რეგიონში დაბრუნებისა. გლუკი აქვე აღნიშნავს, რომ მოსაზრება ეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც არ დადგინდა ლტოლვილის სტატუსით საერთაშორისო დაცვის საჭიროება.[8]

[1] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[2] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Security Situation; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[3] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[4] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 7 October 2019)

[5] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 16 September 2019)

[6] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: Iraq: Country of Origin Information on Access and Residency Requirements in Iraq: Ability of Persons Origination from Formerly ISIS-Held or Conflict-Affected Areas to Legally Access and Remain in Proposed Areas of Relocation, 25 April 2019

 (accessed on 16 September 2019)

[7] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 16 September 2019)

[8] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 16 September 2019)