დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ოქტომბერი, 2019

საპროტესტო აქციები ერაყში – ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება ბაღდადში მოხდა, როდესაც დემონსტრანტები გადაკეტილ ტაჰრირის მოედანზე შესვლას ცდილობდნენ. ქვეყნის მთავრობამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაპირისპირებაში პროვოკატორები დაადანაშაულა.

ერაყის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკების მეორე დღეს კომენდანტის საათი ამოქმედდა. შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, სანამ ახალი ზომების შესახებ არ გახდება ცნობილი. კომენდანტის საათი, ბაღდადის გარდა, ერაყის კიდევ სამ ქალაქში გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო აქციები იმართება. დემონსტრანტები სამუშაო ადგილების სიმცირეს, კორუფციასა და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებენ. 2 ოქტომბრის მონაცემებით, ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 3 ოქტომბრის ღამეს შეტაკებების შედეგად კიდევ 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.[1]

5 ოქტომბრისთვის ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 3 000-ს აღემატება. ბაღდადში დიდი მოედნების ჩაკეტვის მიუხედავად, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მაინც გრძელდება. აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა. სატელევიზიო მიმართვაში ერაყის პრემიერმა ადელ აბდულ მადიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ესმის, მაგრამ ქვეყანაში არსებული პრობლემების „ჯადოსნური გადაწყვეტა“ არ არსებობს.[2]

საუდის არაბეთში ქალები ჯარში იმსახურებენ – საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს არმიის ყველა შენაერთში ექნებათ მუშაობის უფლება რიგითის, კაპრალის, უმცროსი და უფროსი სერჟანტის რანგში. ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში „ხედვა 2030“ ქალთა უფლებები მნიშვნელოვნად გაზრდილია.[3]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის კი ერთი ბავშვი. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული, თავდასხმის სამიზნე კი არმიის კუთვნილი ავტობუსი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

[1] BBC; Iraq protests: Curfew imposed in Baghdad amid widespread unrest; 3 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49909774

[2] BBC; Iraq protests: Death toll nears 100 as unrest enters fifth day; 5 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49946325?fbclid=IwAR3LGh2s3QVjeSGbiBf3Lq16qXtMdC_IDxYpyYJhMiSbENTVQWUTkB5u-ww

[3] Asharq Al-Awsat; Saudi armed forces allow female recruits in military posts; 3 October, 2019; available at: https://aawsat.com/english/home/article/1929461/saudi-armed-forces-allow-female-recruits-military-posts?fbclid=IwAR1i0vxcBgQlJUkM7tWZsiNN0pEbewSto8RALHvfeaYiLs3i2s6-ggJpk2E

[4] 1 TV News; Bomb hits Afghan army bus in Jalalabad, casualties reported; 6 October, 2019; available at: http://www.1tvnews.af/en/news/afghanistan/39786-bomb-hits-afghan-army-bus-in-jalalabad-casualties-reported