დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ოქტომბერი, 2019

სირიის კრიზისი – თურქეთის ავიაციამ სირიის პროვინცია ჰასეკში ქურთების დაჯგუფებების ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა. მანამდე SDF-მა განაცხადა, რომ აშშ-მა შეთანხმება დაარღვია და თურქეთიდან სამხედრო ძალები სირიის ჩრდილოეთით გადაიყვანა. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები სირიის ჩრდილოეთით ტერიტორიას ტოვებენ, სადაც თურქეთი ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავს. თურქეთის ავიაციამ მიიტანა იერიში ქურთების ბაზაზე პროვინცია ჰასაკთან, ქალაქ ალ-მალიკიაში სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ქურთული დაჯგუფებები სირიიდან ამერიკული ჯარის გასვლას ღალატად მიიჩნევენ. თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ასე ვაშინგტონმა თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზა გაუთავისუფლა.[1]

ავიაიერიშის შემდეგ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ექსპერტები თურქეთსა და ქურთულ ძალებს შორის პირდაპირ დაპირისპირებას ვარაუდობენ. ანკარა კი აცხადებს, რომ მათი მიზანი ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი უსაფრთხო ზონის შექმნაა, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე დაადასტურა. როგორც მის განცხადებაში წერია, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ თურქეთი სირიის ეროვნულ ჯართან ერთად ახორციელებს.[2]

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ შეტევის გაძლიერების გამო მოსახლეობა ჩრდილოეთ სირიაში სახლებს ტოვებს. თურქულმა ჯარებმა სასაზღვრო ქალაქებს რას ალ-აინს და თელ აბიადს ალყა შემოარტყეს. თურქული მედიის ცნობით, სირიის მხრიდან თურქეთის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია, დაშავდა 70.[3]

სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების შემდეგ სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა. საკუთარი სახლების დატოვება 200 000 ადამიანზე მეტს მოუწია. ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებები ქალაქ რას ალ-აინში მიმდინარეობს. თურქეთი ამტკიცებს, რომ ქალაქი დაიპყრო, თუმცა ქურთული ძალები ამას უარყოფენ. თურქულმა მხარემ ბრძოლების შედეგად 1 ჯარისკაცის სიკვდილი და სამის დაჭრა დაადასტურა. სირიის სახელმწიფო ჯარმა, რომელიც ოპერაციაში თურქეთთან ერთად მონაწილეობს 4 დღის განმავლობაში 49 მებრძოლი დაკარგა. ამასთან, პარასკევს თურქულმა ავიაციამ სირიაში დარჩენილ ამერიკელი სამხედროების ბაზას საარტილერიო იერიში მიიტანა. ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს. ინციდენტი ქალაქ კობანთან მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. თურქეთის მტკიცებით, მათი ჯარი საპასუხო იერიშს აწარმოებდა და დაბომბვა აშშ-ისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ შეწყვიტა. თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 399 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. პენტაგონი ანკარას ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.[4]

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ასობით უცხოელი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ბანაკიდან გაიქცა. ამის შესახებ ქურთმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. მათი განცხადებით, დაკავებულები თავს დაესხნენ აინ ისას იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებს მაშინ, როდესაც ბანაკის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. გასულ კვირას თურქეთმა სირიაში ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორიების მიმართულებით შეტევები დაიწყო. გაეროს ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში სახლი იძულებით 130 ათასმა ადამიანმა დატოვა და მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. რაც შეეხება ბანაკიდან გაქცევის დეტალებს, მას ჯერ ბოლომდე არ ახმაურებენ – მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით 100-მდე ადამიანმა დატოვა ბანაკი, ქურთების ოფიციალური პირების თქმით კი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების სულ ცოტა 800 დაკავებული ნათესავი გაიქცა ბანაკიდან.[5]

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან თურქულმა ძალებმა „ქურთისტანის დემოკრატიული კავშირის“ (PYD), „ქურთული თავდაცვითი ერთეულების“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 525 ტერორისტი გაანეიტრალა. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა.[6]

სირიის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, თურქეთის საჰაერო დარტყმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი სამოქალაქო პირი. ავიაიერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. ორგანიზაციის დირექტორის რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ავიაიერიშის სამიზნე ერთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანთა ჯგუფი გახდა, რომლებიც ქალაქ რას-ელ-აინში ქალაქ ქამიშლიდან მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ, ვინაიდან თურქეთის ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უტევენ. ჯგუფთან ერთად რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტიც იმყოფებოდა. „ჩვენ ქურთ კონვოისთან ერთად ვიყავით, როდესაც ის თურქი სამხედროებისა და მათი მოკავშირეების სამიზნე გახდა“, – განაცხადა ფრანგული მედია გამოცემის რეპორტიორმა.[7]

სირიელი ქურთების თვითმმართველობის ინფორმაციით, მათ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თურქეთთან საზღვარზე ბაშარ ასადის მთავრობა დამატებით ძალებს გაგზავნის. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს. „განადგურებულია თურქეთის არმიის 7 ტანკი, მოკლულია 75 თურქი ჯარისკაცი და შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლი, კიდევ 19 დაიჭრა“, – ნათქვამია ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში.[8]

მას შემდეგ რაც სირიის ხელისუფლება ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ დახმარებაზე დათანხმდა, სირიის სამთავრობო ძალები ქვეყნის ჩრდილოეთით გაემართნენ. სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, ქვეყნის სამხედრო ძალები ქალაქ რას-ელ-აინსა და მანბიჯში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, ორშაბათს შევიდნენ. თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ თურქეთი არ აპირებს სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყარო“ შეწყვეტას, სანამ სამხედროები დასახულ მიზანს არ მიაღწევენ.[9]

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს. მანამდე დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. მისივე თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ტრამპი თურქ კოლეგას ტელეფონით უკვე ესაუბრა და სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერება მოსთხოვა.[10]

[1] იმედის ახალი ამბები; თურქეთმა სირიაში ქურთები ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა; 8 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/118314/turqetma-siriashi-qurtebis-bazaze-aviaierishi-miitana

[2] BBC; Turkey launches ground offensive in northern Syria; 9 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49983357

[3] BBC; Turkey Syria offensive: Tens of thousands flee homes; 10 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50008418

[4][4] BBC; Turkey Syria offensive: Fierce battle rages in Ras al-Ain; 12 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50025727

[5] BBC; Turkey-Syria offensive: Hundreds of IS relatives escape camp; 13 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50029540

[6] იმედის ახალი ამბები; თურქეთის აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა; 13 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/118749/turqeti-atskhadebs-rom-525-teroristi-gaaneitrala

[7] Reuters; Fourteen killed after Turkish strike in Ras al Ain; 13 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey-strike/fourteen-killed-after-turkish-strike-in-ras-al-ain-idUSKBN1WS0HL?il=0&fbclid=IwAR0ysK2n95HGQFl6v-jVMM13oJed_vgutiqzRNgrzdvUqPv0_BV4YRPtb4I

[8] BBC; Turkey-Syria offensive: Kurds reach deal with Syrian army; 14 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50036901

[9] BBC; Turkey-Syria offensive; Assad’s army enters Manbij; 14 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50039106

[10] U.S. Department of the Treasury; Treasury Designates Turkish Ministries and Senior Officials in Response to Military Action in Syria; 14 October, 2019; available at: https://home.treasury.gov/news/press-releases/sm792