დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ოქტომბერი, 2019

ერაყში არსებული ვითარება – აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარისკაცებს, სავარაუდოდ დასავლეთ ერაყში გაგზავნის. ქვეყნის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს. მისივე განცხადებით, სირიიდან 1000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება. აშშ-მა ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანა თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.[1]

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, ფატალური შემთხვევების 70% თავსა და გულმკერდის არეში განხორციელებულმა გასროლებმა გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ. „კომიტეტმა დაადგინა, რომ ოფიცრებმა და მეთაურებმა ქვეშევრდომებზე კონტროლი დაკარგეს, რამაც ქაოსი გამოიწვია. სამართალდამცველებს ხელისუფლებისგან დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუღიათ“, – ნათქვამია ანგარიშში. საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 149 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა. მათი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ქვეყნის პრემიერმინისტრ ადელ აბდულ მადის ბრძანებით კომისია შეიქმნა.[2]

ერაყის ფედერალური პოლიციის ორი გენერალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა თავდასხმას ემსხვერპლა. ტერორისტებმა ​გენერლების კორტეჟს ჩასაფრება ​მოუწყვეს. ბაღდადიდან 125 კილომეტრში გზაზე, რომლითაც გენერლები გადაადგილდებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გარდაცვლილთა შორის არიან ფედერალური პოლიციის მე-4 ბრიგადის მეთაური, გენერალი ალი ალ-ლამი, ბრიგადის გენერალი მუჰამედ ალაუი და მათი დაცვის ხუთი წევრი. პოლიციის მაღალჩინოსნების გარდაცვალება შინაგან საქმეთა მინისტრმა იასინ ალ-იასირიმ დაადასტურა.[3]

სირიის კრიზისი – რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა, სადაც აქამდე ამერიკული ბაზა იყო დისლოცირებული. რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედროები სირიელ და თურქ ჯარისკაცებს შორის არსებულ „გამყოფ ხაზთან“ პატრულირებენ. სირიაში რუსეთის სპეციალური დესპანი კი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებს. კრიტიკოსების განცხადებით, სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანამ თურქეთს „მწვანე შუქი აუნთო“. რუსეთი ბაშარ ასადისა და შესაბამისად სირიის სამთავრობო ძალების მთავარი მოკავშირეა.[4]

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში შევიდა. სირიელმა სამხედროებმა როგორც კობანი, ასევე მისი შემოგარენი დაიკავეს. მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სირიული ტანკები ქალაქ რაქაში შედიან.[5]

ქურთი მებრძოლები და სამოქალაქო პირები სირიის ქალაქ რას ალ აიანს, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ტოვებენ. ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთი მეთაურის რედურ ხალის თქმით, ქურთი მებრძოლები ევაკუაციის შემდეგ „უსაფრთხო ზონიდან“ 120 კილომეტრში განთავსდებიან.[6]

სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც. „ხალხთა დემოკრატიის პარტია“ თურქეთში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სირიაში სამხედრო ინტერვენციას აკრიტიკებს. პარტიაში სამხედრო ოპერაციას „შეჭრად“, „აგრესიად“ და „ოკუპაციის მცდელობად“ აფასებენ. თურქეთის მთავრობა „ხალხთა დემოკრატიის პარტიას“ აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოლიტიკურ ფრთად განიხილავს. თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია.[7]

ავღანეთში არსებული ვითარება – ნანგარჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯავ დარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარასკევის ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთში სახურავი ჩაინგრა. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაშავდა 32 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[8]

ვარდაკის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი პროვინციის ცენტრში, ქალაქ მაიდანშაჰრში მოხდა. დანაღმული მანქანა გზაზე გუბერნატორის კორტეჟის გადაადგილების დროს აფეთქდა. თავად გუბერნატორი მუზაფარუდინ იემენი არ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[9]

15 სამართალდამცველი ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმას ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ინციდენტი კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას თალიბანის 8 მებრძოლი დაიღუპა.[10]

ნიგერიაში ნაწამები სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს – რეიდის შედეგად ნიგერიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით ისლამური სკოლა-ინტერნატიდან 147 ნაწამები მოსწავლე გაათავისუფლა. გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის 22 გოგო და 125 ბიჭია. მოსწავლეებს კედლებზე ჯაჭვებით აბამდნენ, სცემდნენ და სექსუალურად ავიწროებდნენ. ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ბოლო თვის განმავლობაში ნიგერიის ჩრდილოეთით ეს უკვე მეოთხე მსგავსი ოპერაციაა. მანამდე სამართალდამცველებმა ერთერთი სკოლიდან 67 მოსწავლე გაათავისუფლეს. ყველაზე მასშტაბური ოპერაციის შედეგად კი სექტემბრის ბოლოს 500-მდე ბიჭი და კაცი გადაარჩინეს. ჯამში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა.[11]

[1] Reuters; All U.S. troops withdrawing from Syria expected to go to western Iraq: Pentagon chief; By Idrees Ali; 20 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-usa/all-u-s-troops-withdrawing-from-syria-expected-to-go-to-western-iraq-pentagon-chief-idUSKBN1WZ01S

[2] Iraqi security forces killed 149 protesters, most by shot to head, chest: government inquiry; By Ahmed Rashed, Ahmed Aboulenein; 22 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraqi-security-forces-killed-149-protesters-most-by-shots-to-head-chest-government-inquiry-idUSKBN1X116T

[3] იმედის ახალი ამბები; „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ორი ერაყელი გენერალი მოკლეს; 22 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/119444/islamuri-sakhelmtsipos-tsevrebma-ori-erakeli-generali-mokles

[4] იმედის ახალი ამბები; რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა; 16 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/118951/rusetis-armia-siriis-qalaq-manbijshi-shevida

[5] იმედის ახალი ამბები; სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან ქალაქ კობანიში შევიდა; 16 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/119000/siriuli-jari-turqetis-sazgvartan-qalaq-kobanishi-shevida

[6] France 24; Kurds begin evacuation from besieged Syrian border town; 20 October, 2019; available at: https://www.france24.com/en/20191020-kurds-begin-evacuation-from-besieged-syrian-border-town

[7] Anadolu Agency; Turkey: 24 remanded for smearing Syria operation; 16 October, 2019; available at: https://www.aa.com.tr/en/operation-peace-spring/turkey-24-remanded-for-smearing-syria-operation/1615756

[8] BBC; Afghanistan mosque bombing kills 62 worshippers; 18 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50099109

[9] TOLO News; Governor of Wardak survives car bomb; 20 October, 2019; available at: https://tolonews.com/afghanistan/spokesman-governor-wardak-survives-car-bomb

[10] Los Angeles Times; Taliban storm checkpoint, kill 15 policemen, Afghan official says; 22 October, 2019; available at: https://www.latimes.com/world-nation/story/2019-10-22/taliban-kill-policemen-afghanistan-checkpoint

[11] Reuters; Police free nearly 150 from school in northern Nigeria; 19 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-captives/police-free-nearly-150-from-school-in-northern-nigeria-idUSKBN1WY0N2