ერაყში მიმდინარე მოვლენები – სამკვირიანი პაუზის შემდეგ, 25 ოქტომბერს, ანტისამთავრობო აქციები განახლდა. ერაყის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ჰაერში კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. 30-ზე მეტი დემონსტრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.[1] მოგვიანებით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო, რასაც სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა და 2 ათასამდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 სამართალდამცველია. არსებული ინფორმაციით, შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებში შეჭრა სცადეს.[2] აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებს ითხოვენ და კორუფციას აპროტესტებენ. ერაყის მთავრობა და გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.[3] 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის პრემიერმა ადელ აბდელ მაჰდიმ სპეცრაზმს ბაღდადის ქუჩებში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაშლა დაავალა. ელიტური კონტრტერორისტული სპეცრაზმის მეთაურმა პრემიერისგან მანიფესტანტების დაშლისთვის „ყველა აუცილებელი ზომის“ მიღების შესახებ დავალება მიიღო.[4] 29 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ქერბალაში, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.[5]
31 ოქტომბერს ერაყის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პრემიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება თუ პარლამენტი მისი შემცვლელის კანდიდატურაზე შეთანხმდება, რათა საკონსტიტუციო ვაკუუმი თავიდან იქნას აცილებული. მისივე თქმით, ახალი არჩევნები მხოლოდ მაშინ გაიმართება, რაც ახალი საარჩევნო კანონი დამტკიცდება. ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობასა და კორუფციას აპროტესტებს. ოქტომბრის ბოლო კვირის განმავლობაში, არეულობის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5 ათასზე მეტი დაშავდა.[6]
სირიის კრიზისი – „სირიის დემოკრატიული ძალები“, რომლის ძირითად ნაწილსაც ქურთი მებრძოლები შეადგენენ, თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მანძილზე გადაადგილებას დათანხმდნენ. ქურთების გადაწყვეტილებას სირიის მთავრობა მიესალმება. დამასკოში აცხადებენ, რომ ახლა თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს.[7] ქურთების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ, 30 ოქტომბრიდან, თურქეთმა რუსეთთან ერთად სასაზღვრო ზოლზე ერთობლივი პატრულირება დაიწყო.[8] მომდევნო დღეს, თურქეთის საზღვართან ახლოს მომხდარ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონში, ქალაქ აფრინში მოხდა, სადაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.[9]
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალ-ბაღდადმა თავი აიფეთქა და შედეგად თავისი სამი შვილიც მოკლა. ტრამპის განცხადებით, ალ-ბაღდადმა დევნის დროს, გვირაბში აიფეთქა თავი. მისივე თქმით, გვირაბი ჩამოიშალა და ალ-ბაღდადის სხეული დანაწევრდა.[10] ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა დაჯგუფებამაც დაადასტურა.[11]
უკრაინის კრიზისი – უკრაინის სახელმწიფო ჯარმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანის პროცესი დაიწყეს. აღნიშნული ფაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ დაადასტურა. „დასახლება ზოლოტოეში ძალების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა მან. ძალების გაყვანას ოქტომბრის დასაწყისში ხელმოწერილი „შტაინმაიერის ფორმულა“ ითვალისწინებს. შეთანხმების პირობების შესრულებას ეუთო შეამოწმებს. „შტაინმაიერის ფორმულა“ დონბასში კონფლიქტის დარეგულირების კომპლექსურ გეგმას წარმოადგენს, რომელიც რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე ეუთოს მონიტორინგით არჩევნები გაიმართება. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ეს სტატუსი დროებითი იქნება, ეუთოს მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ კი სტატუსი მუდმივი გახდება. უკრაინაში დოკუმენტის მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. შედეგად 13 000 ადამიანი დაიღუპა, 40 000 კი დაიჭრა.[12]
ბანგლადეშის სასამართლომ გოგოს ცოცხლად დაწვის საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა – 19 წლის გოგო ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. საქმეზე ბრალდებულებს შორის სკოლის დირექტორიც არის. გამოძიება ყველა მათგანისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდა. 12-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. 27 მარტს ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორმა კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა. უამრავი სხვა ბანგლადეშელი გოგოსგან განსხვავებით, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და ყველაფერი სამართალდამცველებს უამბო. იმავე დღეს პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ. მიუხედავად ამისა 6 აპრილს, ინციდენტიდან 11 დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რათა გამოცდა ჩაებარებინა. ერთერთმა თანასკოლელმა ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც 4-5 თანასკოლელი მას საჩივრის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქვეყნის მთავარი პროკურორის განცხადებით, მკვლელებს თვითმკვლელობის ინსცენირება სურდათ, თუმცა მათი წასვლის შემდეგ ნუსრათმა უცხო პირებისთვის მომხდარის მოყოლა მოასწრო. როდესაც ნუსრათი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმებმა მას სხეულის 80%-ის დამწვრობა დაუდგინეს და ნუსრათის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ნუსრათმა ძმის მობილურ ტელეფონზე განცხადების ჩაწერა მოასწრო. ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა.[13]
ირანში ქურდობისთვის გასამართლებულ კაცს თითები მოკვეთეს – სასამართლოს განაჩენი ჩრდილოეთ პროვინცია მაზანდარანის ერთერთ ციხეში აასრულეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, კაცი 28 ქურდობაში ცნეს დამნაშავედ. მისი ვინაობა არ საჯაროვდება. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Amnesty International“ ფაქტი დაგმო და მომხდარს „წამების ამაზრზენი ფორმა“ უწოდა. თუმცა, ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ამპუტაცია ქურდობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ისლამური რესპუბლიკის კანონის თანახმად, ქურდობის პირველი შემთხვევა მარჯვენა ხელის ოთხი თითის ამპუტაციით ისჯება.[14]
[1] ABC News; Protests rattle the postwar order in Lebanon and Iraq; 26 October, 2019; available at: https://abcnews.go.com/International/wireStory/iraqi-police-fire-tear-gas-protesters-hit-baghdad-66519866
[2] Reuters; At least 40 killed as fresh protests engulf Iraq; 25 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/at-least-27-killed-as-fresh-protests-engulf-iraq-idUSKBN1X32SV
[3] BBC; Iraq protests: 40 dead as mass unrest descends into violence; 25 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50181212
[4] Reuters; Iraqi PM orders deployment of elite troops to end Baghdad protests – sources; 27 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests-cts/iraqi-pm-orders-deployment-of-elite-troops-to-end-baghdad-protests-sources-idUSKBN1X50KH
[5] Deutsche Welle; Iraq protests: Deadly clashes in Karbala; 29 October, 2019; available at: https://www.dw.com/en/iraq-protests-deadly-clashes-in-karbala/a-51030396
[6] Reuters; Iraqi PM will only resign if a replacement is found: president; 31 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests-president/iraqi-pm-will-only-resign-if-a-replacement-is-found-president-idUSKBN1XA215
[7] Reuters; Syrian Kurdish forces say leaving Turkish border area, Damascus welcomes move; 27 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey/syrian-kurdish-forces-say-leaving-turkish-border-area-damascus-welcomes-move-idUSKBN1X60H3
[8] Deutsche Welle; Turkey, Russia to begin joint patrols in Syria; 30 October, 2019; available at: https://www.dw.com/en/turkey-russia-to-begin-joint-patrols-in-syria/a-51046965
[9] იმედის ახალი ამბები; სირიაში თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა; 31 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/120134/siriashi-tavdaskhmas-8-adamiani-emskhverpla
[10] BBC; Abu Bakr al-Baghdadi: IS leader dead after US raid in Syria; 28 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-us-canada-50200339
[11] Reuters; Islamic State vows revenge against U.S. for Baghdadi killing; 31 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-baghdadi-confirmation/islamic-state-confirms-its-leader-baghdadi-is-dead-groups-news-agency-amaq-idUSKBN1XA25A
[12] BBC; Ukraine conflict: Front-line troops begin pullout; 29 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-europe-50221995
[13] BBC; Nusrat Jahan Rafi: Death penalty for 16 who set student on fire; 24 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50138990?fbclid=IwAR103bFzYHZJnNAdqMAiAMCrcdx3G8ctvUxpsiMHoxNd8cwQrTSY9XeHzR0
[14] BBC; Iran cuts off man’s finger for theft; 25 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50179741