ინდოეთი. მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულება. ნოემბერი, 2019

ა.შ.შ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ფაქტ-წიგნის მიხედვით, ინდოეთის პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილია Bharatiya Janata Party (BJP), რომელიც  აკომპლექტებს ინდოეთის მთავრობას. პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის ნარედრა მოდი.[1] მედია საშუალება AL-Jazeera მიხედვით, BJP წარმოადგენს მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიას, რომლის ძირითადი პოსპულატები ინდურ ნაციონალიზმს ეფუძვნება. სტატიის ავტორთა შეფასებით, არჩევნებში პარტიის ლიდერები, მეტი ხმების მოსაზიდად, მათ შორის, იყენებდნენ ანტი-მუსლიმურ რიტორიკას.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ინდოეთი არის სეკულარული სახელმწიფო, რომლის კონსტიტუციაც უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას. ზოგადად, აღნიშნული უფლება პრაქტიკაში დაცულია მთავრობის მიერ და რელიური მოტივით დისკრიმინაცია, მათ შორის – დასაქმების კუთხით, აკრძალულია.

მუსლიმები ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 14.2 %-ს შეადგენენ და მათი განსახლების ძირითადი არეალია  შტატები: უტტარ პრადეში; ბიჰარი; მაჰარაშტრა; დასავლეთი ბენგალი; ტელანგალა; კარნატაკა  და ქერალა. ამას გარდა, მუსლიმები შეადგენენ ჯამმუ და ქაშმირის შტატის 63 %-ს, რომელიც წარმოადგენს ინდოეთის ერთადერთ შტატს, სადაც ისინი უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი. ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, მუსლიმებს, ისევე როგორც კიდევ 5 სხვა ჯგუფს, რელიგიური უმცირესობის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ანგარიშის მიხედვით, ექსტრემისტი ჰინდუსი ჯგუფები, ზოგჯერ ახორციელედბდნენ თავდასხმებს უმცირესობის წარმომადგენლებზე (მეტწილად, მუსლიმებზე) იმ მოტივით, რომ არსებობდა ეჭვი, თითქოს აღნიშნულმა უმცირესობის წევრებმა დაკლეს ძროხა ან ვაჭრობდნენ საქონლის ხორცით. 2018 წლის ნოემბერის მდგომარეობით, ფიქსირდებოდა სულ 18 ასეთი თავდასხმა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმათა 73 %-ის შემთხვევაში, მსხვერპლი მუსლიმები იყვნენ. 2017 წელს 43 თავდასხმის შედეგად 108 ადამიანი დაზარალდა, აქედან 13 კი – გარდაიცვალა. დაზარალებულტა 60 %-ს მუსლიმები შეადგენდნენ. მაგალითად, 22 ივნისს  უტტარ პრადეშის შტატის პოლიციის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ დადგა გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი, მას შემდეგ, რაც მუსლიმი პირუტყვით მოვაჭრე, მათი მხრიდან დაკითხვის პროცესის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა. ამას გარდა, ჯჰარკჰანდის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 11 პირს, მათ შორის – BJP პარტიის მაღალჩინოსანს, მას შემდეგაც რაც დადგინდა, რომ მათ, იმ ვარაუდით, რომ ის საქონლის ხორცით ვაჭრობდა, მსხვერპლი სიკვდილამდე ცემეს.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ როგორც ფედერალური, ასევე – საშტატო მთავრობები, ზოგჯერ დგამდნენ გარკვეულ ნაბიჯებს, რაც გავლენას ახდენდა მუსლიმთა ყოფა-ცხოვრებაზე. მაგალითად, ფედერალური მთავრობა კვლავაც აწარმოებდა სამართლებრივ დავას ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, სადაც ითხოვდა, რომ მუსლიმურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჩამორთმეოდათ უმცირესობის სტატუსი, რომელიც მათი დასაქმებისა და სასწავლო პროგრამის შედგენის კუთხით დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ითხოვნდნენ ზოგიერთი მუსლიმური დასახლების ქალაქს სახელი გადარქმეოდა (მაგალითად, ქ. ალლაჰაბადი უნდა გამხდარიყო პრაიაგრაჯი). აქტივისტების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლისა და დაპირისპირებების გაღვივებისკენ იყო მიმართული. დეკემბერში, პარტია „შივ სენა“-მ გამოაქვეყნა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მთავრობას მოუწოდებდა ქვეყანაში მუსლიმთა მზარდი შობადობის რიცხვის შემცირებას ისეთი რეგულაციების საშუალებით, როგორიცაა „სავალდებულო ხასიათის ოჯახობრივი დაგეგმვა“ მხოლოდ მუსლიმებისთვის.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ინდოეთის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ნარედრა მოდის მემარჯვენე Bharatiya Janata Party პარტიის მმართველობის პერიოდში, არა-ჰინდუს მოსახლეობაზე რელიგიურად მოტივირებული თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის უმცირესობები – მეტწილად, მუსლიმები, დალიტთა კასტისა და ადივასისის ტომის წარმომადგენლები,  კანონის წინაშე უმრავლესობათან გათანარებული უფლებებით სარგებლობენ და, ზოგჯერ, მათ მიმართ „პოზიტიურ დისკრიმინაციისაც“ (Affirmative Action) აქვს ადგილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი გარკვეულწილად, მაინც მარგინალიზებულნი არიან ეკონომიკური და სოციალური კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში – ლოკ საბჰა, 24 მუსლიმია წარმოდგენილი.[4]

Human Rights Watch 2018 წლის 21 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ BJP პარტიის ზოგიერთი ლიდერი ხშირად ჩადიოდა სიძულვილის დანაშაულს და ცდილობდა, გაეღვივებინა ეთნიკური და რელიგიური შუღლი, უფრო ხშირად მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით, რომელთა ფარგლებშიც უსაფუძვლოდ ირწუმნებოდნენ, რომ მუსლიმი მამაკაცები იტაცებდნენ და იძულებით ქორწინდებოდნენ ჰინდუს ქალებზე, რათა ინდოეთი მუსლიმურ ქვეყნად გადაექციათ.[5]

იგივე Human Rights Watch 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2015 წლიდან 2018 წლის დეკემბერის ჩათვლით, ინდოეთის 12 სხვადასხვა შტატში,  საქონლის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობის გამო, სულ მცირე 44 გარდაიცვალა, რომელთაგან 36 მუსლიმი იყო. ანგარიშის მიხედვით, პრემიერ მინისტრი ნარედრა მოდი 2018 წლის აგვისტომდე თავს იკავებდა აღნიშნულ საკითხზე აზრის ღიად დაფიქსირებისგან და აშკარად არ გმობდა ზემოხსენებულ ქმედებებს. თუმცა, საბოლოოდ, მან განაცხადა, რომ „მიუხედავად მოტივისა, ლინჩის წესით ადამინის მოკვლა გაუმართლებელია“ და, რომ „აღნიშნული ქმედებები ცუდ გავლენას ახდენს ცივილიზებულ საზოგადოებაზე“.[6]

გერმანული მედია საშუალება DandC 2019 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ინდოეთის ეკონომიკის შემცირების პარალელურად, ქვეყანაში ფიქსირდება ისლამოფობია, რომელიც თავსებადია მმართველი პარტიის იდეოლოგიასთან, რომლის მიხედვითაც მულტი-კულტურული ინდოეთი ერთიან, ჰინდუსთა სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს. ყველაზე მეტად, აღნიშნულმა პოლიტიკამ გავლენა იქონია ორ შტატზე, ქაშმირსა და ასსამზე. სტატიაში ძირითადად საუბარია კაშმირში გამკაცრებულ სამხედრო რეჟიმზე, შტატისთვის სპეციალური სტატუსის ჩამორთმევაზე, დაკავებულ დემონსტრანტებზე და ოპოზიციურად განწყობილ პირებზე, ასსამში 1.9 მილიონი პირის არალეგალურ მიგრანტად გამოცხადებაზე და ა.შ. სტატიის ავტორის შეფასებით, ინდოეთის მთავრობა აღნიშნული ნაბიჯებით ცდილობს, ინდოეთში მცხოვრები მუსლიმებისთვის „შიშის კლიმატი“ შექმნას.[7]

[1] CIA World Factbook – India; last updated on October 26 2019; available at https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/in.html [accessed 5 November 2019]

[2] Al Jazeera – article “What you need to know about India’s BJP’; published 23 may 2019; available at  https://www.aljazeera.com/news/2019/05/india-bjp-190523053850803.html [accessed 5 November 2019]

[3] United States Department of State – 2018 Report on International Religious Freedom: India; published 21 June 2019; available at

[accessed 7 November 2019]

[4] Freedom House – Freedom in the World: India; published 4 February 2019; available at

[accessed 6 November 2019]

[5] Human Rights Watch – Holding Killers to Account for Hate Crimes in India; available at https://www.hrw.org/news/2018/03/21/holding-killers-account-hate-crimes-india [accessed 6 November 2019]

[6] Human Rights Watch – Violent Cow Protection in India; published 18 February 2019; available at https://www.hrw.org/report/2019/02/18/violent-cow-protection-india/vigilante-groups-attack-minorities [accessed 6 November 2019]

[7] DandC – article of 15 October 2019; available at https://www.dandc.eu/en/article/spite-indias-constitution-modi-government-adopting-aggressive-anti-muslim-policies [accessed 7 November 2019]