დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ნოემბერი, 2019

ერაყში არსებული ვითარება – ერაყში სადამ ჰუსეინის გადაყენების შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ათობით ათასი ერაყელი ბაღდადის ცენტრში შეიკრიბა და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის გადაყენება მოითხოვა. პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ერაყის ადამიანის უფლებათა კომისიის ინფორმაციით, ერთ მომიტინგე ქალს ცრემლმდენი გაზის ქილა თავში მოხვდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 155-მა ადამიანმა მიიღო.[1]

მომდევნო დღეებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებმა ბაღდადისკენ მისასვლელი გზები გადაკეტეს. აქციის ეპიცენტრი ტაჰრირის მოედანზე იყო. არ მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებები, რადგან მომიტინგეებმა მათთან მისასვლელი გზები დაბლოკეს. აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სასწავლებლებში მჯდომარე აქციას მართავდნენ.[2]

3 ნოემბრის ღამეს დემონსტრანტებმა ქალაქ ქარბალაში ირანის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს. აქციის მონაწილეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ირანისგან ერაყის შიდა საქმეებში ჩარევის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მათ საკონსულოს შენობის ღობეზე გადაძრომა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ცეცხლი უსაფრთხოების ძალებმა გაუხსნეს, თუმცა ასევე ვრცელდება ცნობა შეიარაღებული პირის შესახებ, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ სროლა დაიწყო.[3]

აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ ერაყში გაანადგურა გვირაბების სისტემა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იყენებდნენ. 400 მეტრის სიგრძის გვირაბების ქსელი სამხედროებმა ერაყში, ნინევის პროვინციაში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ის ტერორისტების თავშესაფარი იყო. სამხედროებმა გვირაბებში საწოლები, გაზქურები და განათება აღმოაჩინეს.[4]

სირიის კრიზისი – სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ტალ აბიადში აფეთქებას სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები არიან. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აფეთქებაში ქურთულ დაჯგუფება YPG-ის ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ტალ აბიადიდან ქურთული დაჯგუფებების გასვლის შემდეგ ქალაქს თურქული ძალები აკონტროლებენ. ბოლო დღეების განმავლობაში ეს მეორე მსგავსი შემთხვევაა. 31 ოქტომბერს დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ქალაქ აფრინში 8 ადამიანი ემსხვერპლა.[5]

თურქულმა დრონებმა სირიის ქალაქ ტილ-ტემირთან მდებარე დასახლებაზე მიიტანეს იერიში. რამდენიმე თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაბომბა დასახლებული პუნქტი დაუდია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ის სირიელებიც ცხოვრობენ, რომლებსაც თურქეთის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ. ავიაიერიშის შედეგად შესაძლო ნგრევისა ამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულა.[6]

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ტაჰხარში მომხდარი აფეთქების შედეგად სკოლის 9 მოსწავლე დაიღუპა. ინციდენტი დარქადის რაიონში დილით მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

რომის პაპმა ეთიოპიაში ქრისტიანების მიმართ ძალადობა დაგმო – „ვწუხვარ იმ ძალადობის გამო, რომლის მსხვერპლიც ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გახდნენ. გამოვთქვამ მხარდაჭერას ამ ეკლესიის და მისი პატრიარქის, ჩემი ძმის აბუნა მათეს მიმართ და გთხოვთ ყველას, იქ მიმდინარე ძალადობის მსხვერპლთათვის ილოცოთ“, – ამ სიტყვებით მიმართა ფრანცისკემ ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ კათოლიკეებს. საპროტესტო აქციები ეთიოპიაში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც სამოქალაქო აქტივისტმა ჯავარ მოჰამედმა მთავრობა „შეთქმულებაში“ და მისი დაკავების მცდელობაში დაადანაშაულა. საპროტესტო გამოსვლებს ​მხარი დაუჭირეს ორომოების ეთნიკური ჯგუფის ახალგაზრდებმა, რომლის უფლებების გაზრდასაც ჯავარ მოჰამედი ითხოვს. რამდენიმე ქალაქში შეტაკებებმა ეთნიკური და კონფესიური ხასიათი მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტებს სულ მცირე 78 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა.[8]

თურქეთში 2 ოპოზიციური ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს – თურქეთში, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, უკვე დახურული ოპოზიციური გაზეთის „Taraf“ მთავარი რედაქტორი აჰმეთ ალტანი და ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი გაათავისუფლეს. გასული წლის ოქტომბერში ნაზლი ილიჯაკის, მეჰმეთ ალტანის და მისი ძმის, ასევე ჟურნალისტის, ოპოზიციური გაზეთის Taraf ყოფილი რედაქტორის, აჰმეთ ალტანის განაჩენი თურქეთის სასამართლომ ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ დარჩენილი სიცოცხლე ციხეში უნდა გაეტარებინათ. მათ სტამბოლის სასამართლომ 2018 წლის თებერვალში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტებს 2016 წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში ედებოდათ ბრალი. 2019 წლის ივლისში თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტების საქმეს „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ნაცვლად, „ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის“ კვალიფიკაცია მისცა და საქმე ხელახალი განხილვისთვის პირველ ინსტანციაში დააბრუნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სასჯელი შეუმსუბუქა.[9]

[1] Reuters; Iraqis pour into streets for biggest protest day since Saddam; By Ahmed Aboulenein, Raya Jalabi; 1st November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraqis-pour-into-streets-for-biggest-protest-day-since-saddam-idUSKBN1XB3X5

[2] იმედის ახალი ამბები; დემონსტრანტებმა ბაღდადისკენ მისასვლელი გზები დაბლოკეს; 3 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/120344/demonstrantebma-bagdadisken-misasvleli-gzebi-dablokes

[3] BBC; Iraq unrest: Protesters attack Iranian consulate in Karbala; 4 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50287644

[4] Fox News; Anti-ISIS coalition destroys terror group’s tunnel systems; By Melissa Leon; 2 November, 2019; available at: https://www.foxnews.com/world/anti-isis-coalition-destroys-terror-groups-tunnels-iraq

[5] BBC; Tal Abyad car bomb: At least 13 killed in Syrian border town; 2 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50275543

[6] AFN News; Aerial attack in a village of Til Temir; 5 November, 2019; available at: https://anfenglishmobile.com/rojava-syria/aerial-attack-in-a-village-of-til-temir-39061

[7] Pajhowk Afghan News; Twitter post from 1 November, 2019; available at: https://twitter.com/pajhwok/status/1190523398742560770

[8] Vatican News; Pope prays for Christians and other victims of violence in Ethiopia; 3 November, 2019; available at: https://www.vaticannews.va/en/pope/news/2019-11/pope-calls-for-prayers-for-ethiopian-christians.html

[9] იმედის ახალი ამბები; თურქეთში 2 ოპოზიციური ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს; 5 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/120485/turqetshi-2-opozitsioneri-jurnalisti-patimrobidan-gaatavisuples