ერაყი. 2019 წლის ოქტომბრის დემონსტრაციები. ნოემბერი, 2019

საპროტესტო აქციები ერაყში 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობას და კორუფციას აპროტესტებდა. ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება ბაღდადში მოხდა, როდესაც დემონსტრანტები გადაკეტილ ტაჰრირის მოედანზე შესვლას ცდილობდნენ. ქვეყნის მთავრობამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაპირისპირებაში პროვოკატორები დაადანაშაულა.

ერაყის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკების მეორე დღეს კომენდანტის საათი ამოქმედდა. შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, სანამ ახალი ზომების შესახებ არ გახდება ცნობილი. კომენდანტის საათი, ბაღდადის გარდა, ერაყის კიდევ სამ ქალაქში გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო აქციები იმართება. დემონსტრანტები სამუშაო ადგილების სიმცირეს, კორუფციასა და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებენ. 2 ოქტომბრის მონაცემებით, ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 3 ოქტომბრის ღამეს შეტაკებების შედეგად კიდევ 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.[1]

5 ოქტომბრისთვის ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 3 000-ს აღემატება. ბაღდადში დიდი მოედნების ჩაკეტვის მიუხედავად, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მაინც გრძელდება. აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა. სატელევიზიო მიმართვაში ერაყის პრემიერმა ადელ აბდულ მადიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ესმის, მაგრამ ქვეყანაში არსებული პრობლემების „ჯადოსნური გადაწყვეტა“ არ არსებობს.[2]

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, ფატალური შემთხვევების 70% თავსა და გულმკერდის არეში განხორციელებულმა გასროლებმა გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ. „კომიტეტმა დაადგინა, რომ ოფიცრებმა და მეთაურებმა ქვეშევრდომებზე კონტროლი დაკარგეს, რამაც ქაოსი გამოიწვია. სამართალდამცველებს ხელისუფლებისგან დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუღიათ“, – ნათქვამია ანგარიშში. საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 149 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა. მათი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ქვეყნის პრემიერმინისტრ ადელ აბდულ მადის ბრძანებით კომისია შეიქმნა.[3]

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, 25 ოქტომბერს, ანტისამთავრობო აქციები განახლდა. ერაყის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ჰაერში კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. 30-ზე მეტი დემონსტრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.[4] მოგვიანებით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო, რასაც სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა და 2 ათასამდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 სამართალდამცველია. არსებული ინფორმაციით, შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებში შეჭრა სცადეს.[5] აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებს ითხოვენ და კორუფციას აპროტესტებენ. ერაყის მთავრობა და გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.[6] 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის პრემიერმა ადელ აბდელ მაჰდიმ სპეცრაზმს ბაღდადის ქუჩებში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაშლა დაავალა. ელიტური კონტრტერორისტული სპეცრაზმის მეთაურმა პრემიერისგან მანიფესტანტების დაშლისთვის „ყველა აუცილებელი ზომის“ მიღების შესახებ დავალება მიიღო.[7] 29 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ქერბალაში, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.[8]

31 ოქტომბერს ერაყის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პრემიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება თუ პარლამენტი მისი შემცვლელის კანდიდატურაზე შეთანხმდება, რათა საკონსტიტუციო ვაკუუმი თავიდან იქნას აცილებული. მისივე თქმით, ახალი არჩევნები მხოლოდ მაშინ გაიმართება, რაც ახალი საარჩევნო კანონი დამტკიცდება. ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობასა და კორუფციას აპროტესტებს. ოქტომბრის ბოლო კვირის განმავლობაში, არეულობის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5 ათასზე მეტი დაშავდა.[9]

[1] BBC; Iraq protests: Curfew imposed in Baghdad amid widespread unrest; 3 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49909774

[2] BBC; Iraq protests: Death toll nears 100 as unrest enters fifth day; 5 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49946325?fbclid=IwAR3LGh2s3QVjeSGbiBf3Lq16qXtMdC_IDxYpyYJhMiSbENTVQWUTkB5u-ww

[3] Iraqi security forces killed 149 protesters, most by shot to head, chest: government inquiry; By Ahmed Rashed, Ahmed Aboulenein; 22 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraqi-security-forces-killed-149-protesters-most-by-shots-to-head-chest-government-inquiry-idUSKBN1X116T

[4] ABC News; Protests rattle the postwar order in Lebanon and Iraq; 26 October, 2019; available at: https://abcnews.go.com/International/wireStory/iraqi-police-fire-tear-gas-protesters-hit-baghdad-66519866

[5] Reuters; At least 40 killed as fresh protests engulf Iraq; 25 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/at-least-27-killed-as-fresh-protests-engulf-iraq-idUSKBN1X32SV

[6] BBC; Iraq protests: 40 dead as mass unrest descends into violence; 25 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50181212

[7] Reuters; Iraqi PM orders deployment of elite troops to end Baghdad protests – sources; 27 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests-cts/iraqi-pm-orders-deployment-of-elite-troops-to-end-baghdad-protests-sources-idUSKBN1X50KH

[8] Deutsche Welle; Iraq protests: Deadly clashes in Karbala; 29 October, 2019; available at: https://www.dw.com/en/iraq-protests-deadly-clashes-in-karbala/a-51030396

[9] Reuters; Iraqi PM will only resign if a replacement is found: president; 31 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests-president/iraqi-pm-will-only-resign-if-a-replacement-is-found-president-idUSKBN1XA215