დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ნოემბერი, 2019

სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 25 ნოემბერს დაიწყება – გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გეირ პედერსენმა სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველი შეხვედრა დადებითად შეაფასა. პედერსენმა განაცხადა, რომ შეხვედრები მოსალოდნელზე უკეთესად წარიმართა, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა ძალიან მტკივნეული იყო. მისივე თქმით, დელეგატებმა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ტერორიზმის თემებზე ისაუბრეს. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი 25 ნოემბერს დაიწყება. სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველი შეხვედრა ჟენევაში, 30 ოქტომბერს დაიწყო. კომიტეტში 150 დელეგატია, რომლებიც სირიის მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ. მათ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია უნდა შექმნან. საკონსტიტუციო კომიტეტი სექტემბერში შეიქმნა. 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ეს სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული პირველი შეთანხმებაა. კონფლიქტს 370 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5,6 მილიონი კი ლტოლვილი გახდა.[1]

დონბასში ძალების გაყვანის ბოლო ეტაპი დაიწყო – უკრაინის სახელმწიფო ძალებმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონბასში ძალების გაყვანის პროცესი სოფელ პეტროვსკოესთან დაიწყეს. მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, ეს ბოლო წერტილია, რომელშიც ძალების გაყვანა უნდა მოხდეს. პროცესს ეუთოს წარმომადგენლები აკვირდებიან. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ძალების გაყვანა უახლოეს მომავალში დასრულდება. ძალების გაყვანის პროცესი ფრონტის ხაზზე 29 ოქტომბერს, სოფელ ზოლოტოესთან დაიწყო. აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. შედეგად 13 000 ადამიანი დაიღუპა, 40 000 კი დაიჭრა.[2]

ავღანეთი დაკავებულ ტერორისტებს თალიბანის მძევლებზე გაცვლის – ასე ქვეყნის მთავრობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს. ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი ქაბულში, ავღანეთის ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ, როცა 2016 წელს ისინი „თალიბანის“ მებრძოლებმა გაიტაცეს. 2017 წელს დაჯგუფებამ მათი მონაწილეობით ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც პროფესორები აშშ-ის პრეზიდენტს მათი გათავისუფლების სანაცვლოდ „თალიბანთან“ მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვდნენ. „თალიბანი“ და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის“ მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ავღანეთის მთავრობა „თალიბანსა“ და აშშ-ის შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.[3]

ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა – წინასწარი ცნობით, დაიღუპა 7 ადამიანი და კიდევ 7 დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქება ადგილობრივი დროით, დილის 07:30-ზე მოხდა, როდესაც ქუჩაში ცოტა ხალხი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

საუდის არაბეთმა ანტი-ფემინისტური ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადა – საუბარია სოციალური ქსელში (Twitter) გამოქვეყნებულ რგოლზე, სადაც ფემინიზმი, ჰომოსექსუალიზმი და ათეიზმი სახიფათო და ექსტრემიზმის შემცველ იდეებად სახელდება. სააგენტო საუდის არაბეთის მოქალაქეებს ამ კონცეფციების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ვიდეო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რის შემდეგაც სააგენტომ ოფიციალური განმარტება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, რგოლში რამდენიმე შეცდომაა და მისმა ავტორებმა დაკისრებულ დავალებას თავი სათანადოდ ვერ გაართვეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება საუდის არაბეთის ადამიანის უფლებების კომისიამაც გაავრცელა. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფემინიზმი დანაშაული არ არის, თუმცა ჰომოსექსუალიზმსა და ათეიზმზე კომენტარს არ აკეთებენ. ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“, ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.[5]

[1] Reuters; First Syria talks in more than a year better than expected but no handshake; By Emma Farge, Babak Dehghanpisheh; 8 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-un/syrian-talks-to-reconvene-in-geneva-on-november-25-u-n-envoy-idUSKBN1XI1IP

[2] Reuters; Ukraine, Russian-backed rebels begin Donbass village withdrawal; 9 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-withdrawal/ukraine-russian-backed-rebels-begin-donbass-village-withdrawal-idUSKBN1XJ07M

[3] BBC; Afghanistan announces Taliban prisoner swap to free hostages; 12 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50386284

[4] იმედის ახალია ამბები; ავღანეთის შსს-ის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა; 13 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/121098/avganetis-shsss-shenobastan-apetqebas-mskhverpli-mohkva

[5] BBC; Saudi Arabia apologizes for video labeling feminism as extremism; 13 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50401311უკრაი