რუსეთი. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური პარტიები. ნოემბერი, 2019

რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული პარტია „იაბლოკო“ ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მონაწილეობდა ყველა საპარლამენტო არჩევნებში (7 მოწვევა). 2003 წლამდე პარტია პარლამენტში წარმოდგენილი იყო ფრაქციით, ხოლო 2007 წლამდე ცალკეული დეპუტატებით. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტში პარტია წარმოდგენილი არ ყოფილა. პარტია 1993 წელს გრიგორი ავლინსკის, იური ბოლდირევისა და ვლადიმერ ლუკინის მიერ შეიქმნა. „იაბლოკოს“ იდეოლოგია სოციალური ლიბერალიზმი, სოციალ-დემოკრატია, პროგრესივიზმი, პრო-ევროპულობა და მწვანე პოლიტიკაა.

პარტიის პოზიცია სხვადასხვა აქტუალური საკითხის მიმართ ხშირად განსხვავდება მმართველი ძალების პოზიციისგან. პარტია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია – 2013 წელს, როდესაც ქვეყნის შსს მინისტრმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, სიკვდილით დასჯა აღდგეს, პარტიამ მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა და მისი გადადგომის მოთხოვნით კამპანია წამოიწყო. პარტია „იაბლოკო“ არაერთხელ გამოსულა ლგბტ საზოგადოების უფლებების დასაცავად. 2011 წლიდან პარტიაში ფუნქციონირების ანტი-კორუფციული ცენტრი, რომლის მიზანია ხელისუფლების პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, კორუფციის აღმოფხვრის მიზნით. პარტიამ გააკრიტიკა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მოქმედებები უკრაინაში. „იაბლოკომ“ დაგმო „სპრავედლივაია რასიას“ კანონპროექტი, უკრაინის თანხმობის გარეშე, რეფერენდუმის გზით, ყირიმის მიერთების შესახებ. 2014 წლის 14 მარტს პარტია გამოვიდა ლოზუნგით „არა ომს“ და დაგმო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიალისტური კურსი.[1]

პოლიტიკური პარტია „სპრავედლივაია რასია“ ოფიციალურად რეგისტრირებული მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა, რომლის იდეოლოგიაც სოციალ-დემოკრატიასა და მოდერნიზებულ სოციალიზმს ემყარება. პარტია დაარსდა 2006 წელს. პარტიის დამფუძნებლები იყვნენ პარტიები: „როდინა“, „პენსიონერების პარტია“ და „სიცოცხლის პარტია“ („სპრავედლივაია რასია“ „სიცოცხლის პარტიის“ პირდაპირი მემკვიდრეა). პარტიის თავმჯდომარე და ლიდერია სერგეი მირონოვი. 2015 წლის მონაცემებით, პარტია თითქმის სრულად (86.4%) ფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან.

დაარსების შემდეგ, პარტიამ ყველა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, პარტია აქტიურად იყენებდა ე.წ. მატარებლის ტექნოლოგიას – პარტიას სიაში შეყავს ცნობილი სახეები, რომლებიც არ აპირებენ დეპუტატობას და არჩევისთანავე უარს აცხადებენ მანდატის მიღებაზე და საბოლოოდ, პარლამენტში შედიან ნაკლებად ცნობილი თანაპარტიელები, რომლებიც მათ ანაცვლებენ სიაში. აღნიშნულ მეთოდს მმართველი პარტია გაცილებით ხშირად მიმართავს. 2007 წელს დეპუტატის მანდატზე უარი 9 არჩეულმა კანდიდატმა, ხოლო 2011 წელს 4-მა თქვა. 2007 წელს პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 7.74% (მეოთხე ადგილი) მიიღო და პარლამენტში 38 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქცია ჩამოაყალიბა. ფედერალურ სიას მაშინ სათავეში თავად სერგეი მირონოვი და სვეტლანა გორიაჩევა ედგა. 2011 წელს პარტიამ ხმათა 13.24% (მესამე ადგილი) დააგროვა და მეექვსე მოწვევის პარლამენტში 64 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქცია შექმნა. 2016 წელს პარტიამ კვლავ მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა ამჯერად ხმათა 6.22%-ით და ფრაქციის შემადგენლობაში 23 დეპუტატი შევიდა.

რუსი პოლიტოლოგი რ. მუხამეტოვი პარტიის „სპრავედლივაია რასია“ ფედერალურ ხელისუფლებასთან დამოკიდებულების ქრონოლოგიის აღწერაში ამბობს, რომ 2006-2010 წლებში პარტია კონსტრუქციულ ოპოზიციას წარმოადგენდა. ამ პერიოდში პარტიის პოზიცია იყო „სახელისუფლებო პარტია ნომერი ორი“. 2010-2012 წლებში პარტია რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენდა. 2012 წლიდან დღემდე ის სრულად ლოიალურია ფედერალური ხელისუფლების მიმართ. პარტიიდან არაერთხელ გარიცხეს ის წევრები, რომლებიც ოპოზიციურ იდეებს უჭერდნენ მხარს.[2] [3]

კომუნისტური პარტია „რუსეთის კომუნისტები“ ოფიციალურად დარეგისტრირებული მემარცხენე პოლიტიკური პარტიაა. პარტია 2009 წელს შეიქმნა. 2009-2012 წლებში მოქმედებდა როგორც არა-კომერციული ორგანიზაცია. პარტიის ლიდერია მაკსიმ სურაიკინი. პარტიის იდეოლოგია სოციალიზმს, კომუნიზმს, მარქსიზმ-ლენინიზმსა და სტალინიზმს ეფუძნება. პარტია მაღალი მხარდაჭერით არ სარგებლობს და არ არის წარმოდგენილი ბოლო მოწვევის პარლამენტში. ადგილობრივ ხელისუფლებაში ჰყავს 7 წარმომადგენელი (საერთო რაოდენობა 3994).

„რუსეთის კომუნისტების“ პარტია შეიქმნა როგორც „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ ალტერნატივა. პარტია ხშირად აკრიტიკებს „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ ლიდერს გენადი ზიუგანოვს და მიიჩნევს, რომ მისი მეთაურობით პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს. „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიამ“ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა „რუსეთის კომუნისტებისთვის“ აღნიშნული სახელისა და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აეკრძალათ, რადგან აღნიშნული ძალიან მსგავსი იყო კომუნისტური პარტიის სახელისა და სიმბოლიკის, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“ „რუსეთის კომუნისტებს“ იდეების მოპარვასა და მათი მოქმედი ხელისუფლებისთვის გაზიარებაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთი მემარცხენე პოლიტიკური პარტია „რუსეთის გაერთიანებული შრომის ფრონტი“ პარტია „რუსეთის კომუნისტებს“ კრემლის ტექნოლოგიურ პროექტს უწოდებს, რომელიც აქცენტს აკეთებს მემარცხენე პოპულიზმზე.[4] [5]

პოლიტიკური პარტიის „სახალხო პარტია რუსეთის ქალებისთვის“ ისტორია 2007 წლის 31 მარტიდან იწყება, როდესაც ჩატარდა დამფუძნებელი კრება. წესდება და პროგრამა პარტიამ 2012 წლის 22 აპრილს დაამტკიცა. პარტიის ლიდერი იყო გალინა ხავრაევა.

2012-2019 წლებში პარტიას არცერთხელ მიუღია მონაწილეობა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში (მინიმუმ ერთხელ მონაწილეობა დაარსებიდან 7 წლის განმავლობაში სავალდებულოა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით). ორჯერ მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მეთაურთა არჩევნებში (სავალდებულო მონაწილეობა – 9), 8-ჯერ მონაწილეობდა ფედერაციის სუბიექტების საკანონმდებლო კრების არჩევნებში (სავალდებულო მონაწილეობა – 17) და 14-ჯერ მონაწილეობდა სუბიექტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში (სავალდებულო მონაწილეობა – 43). არჩევნებში არასაკმარისი რაოდენობით მონაწილეობის გამო, 2019 წლის 14 ივნისს, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ პარტიის ლიკვიდაცია გამოაცხადა.[6] [7]

„ცვლილებების პარტია“ რუსეთის ფედერაციის არა-რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. პარტიის თავმჯდომარეა რუსეთის ფედერაციის დუმის ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი. პარტია 2013 წლის მარტში შეიქმნა – სამოქალაქო ინიციატივის სახელწოდებით. აღნიშნული სახელი 2018 წლის ივნისში შეიცვალა და პარტიას ეწოდა „ცვლილებების პარტია“. პარტიის განახლება დაიწყო 2017 წლის ბოლოს, როდესაც პარტიაში ქსენია სობჩაკი მივიდა, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. 2019 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ სობჩაკმა პარტიის დაფინანსება შეწყვიტა, რისი მიზეზიც გუდკოვთან კონფლიქტი დასახელდა. პარტიის განახლება არაოფიციალური ხასიათისაა, რადგან „სამოქალაქო ინიციატივა“ ოფიციალურად სახელის შეცვლას 2018 წლის ზაფხულიდან ცდილობს, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ თხოვნას არ ამტკიცებს.[8] [9] [10]

„როდინა“ რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად რეგისტრირებული ნაციონალისტურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტიაა. 2003-2004 წლებში პარტია „საარჩევნო ბლოკი – სახალხო-პატრიოტული კავშირი როდინას“ სახელით ფუნქციონირებდა (დაარსდა 2003 წლის 14 სექტემბერს). 2006 – 2012 წლებში პარტია გაუქმებული იყო და ხელახლა აღდგა 2012 წლის 29 სექტემბერს. ამავე წლის 21 დეკემბერს პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში. პარტიის დამაარსებელი და არაოფიციალური ლიდერია დმიტრი როგოზინი. პარტიის ოფიციალური ლიდერია ალეკსეი ჟურავლიოვი, რომელიც მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2005-2006 წლებში პარტია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა და საბოლოოდ როგოზინი იძულებული გახდა, პარტია დაეტოვებინა. მისი თქმით, მას ულტიმატუმი წაუყენეს – პარტია არსებობას შეძლებდა მხოლოდ მისი წასვლის შემთხვევაში. 2006 წლის 25 მარტს როგოზინმა ოფიციალურად დატოვა პარტია და პოსტი ალეკსანდრ ბაბაკოვს გადააბარა. 2006 წლის ივლისში ბაბაკოვმა, „რუსეთის სიცოცხლის პარტიის“ ლიდერთან, სერგეი მირონოვთან ერთად განაცხადა, რომ აპირებდა მემარცხენე ძალების (კომუნისტების გამოკლებით) გაერთიანებას და ასე შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, სადაც იქნებოდნენ ერთერთი სისტემური პარტია მმართველ „ედინაია რასიასთან“ ერთად. ახალი გაერთიანების იდეოლოგიური პლატფორმა იყო მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კურსის მხარდაჭერა. 2006 წლის 28 ოქტომბერს პარტია „როდინა“ ოფიციალურად შევიდა „სპრავედლივაია რასიას“ შემადგენლობაში. თავდაპირველი სახელწოდება იყო „სპრავედლივაია რასია: როდინა / პენსიონერები / სიცოცხლე“, შემდეგ კი მხოლოდ „სპრავედლივაია რასია“.

პოლიტიკური პარტიის „როდინა“ აღდგენის გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2011 წლის 21 სექტემბერს გამართულ კრებაზე, სადაც დმიტრი როგოზინმა „სპრავედლივაია რასია“ პარტიის „როდინა“ რეიდერულ მითვისებაში დაადანაშაულა. 2017 წლის ივლისში, პეტერბურგში გამართულ კრებაზე პარტიამ „როდინა“ გადაწყვიტა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღებდა მონაწილეობას და მხარს დაუჭერდა მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.[11] [12] [13]

[1] რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული პარტია „იაბლოკო“; ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.yabloko.ru/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[2] პოლიტიკური პარტიის „სპრავედლივაია რასია“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.spravedlivo.ru/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[3] „სპრავედლივაია რასია“ და ძალაუფლება: ურთიერთობის განვითარების ეტაპები; რ. მუხამეტოვი; სტუდია ჰუმანიტატისი; 2015 წელი; გვერდები 7-14;

[4] პოლიტიკური პარტიის „რუსეთის კომუნისტები“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://komros.info/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[5] პოლიტიკური პარტიის „რუსეთის გაერთიანებული შრომის ფრონტი“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; „პოლიტიკურ პანელზე“ – როგორ ჩაატარა პარტიამ „რუსეთის კომუნისტები“ სადღესასწაულო მიტინგი; 22 ნოემბერი, 2015; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rotfront.su/%D0%BD%D0%B0-%D0%BF%D0%BE%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9-%D0%BF%D0%B0%D0%BD%D0%B5%D0%BB%D0%B8/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[6] პოლიტიკური პარტიის „სახალხო პარტია რუსეთის ქალებისთვის“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://npzhr.ru/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[7] საინფორმაციო სააგენტო „ვედომოსტი“; იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო იმ პარტიების ლიკვიდაცია, ვინც არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის ნორმას ვერ ასრულებენ; 30 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.vedomosti.ru/politics/articles/2019/05/30/802947-minyust-likvidatsii [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[8] პოლიტიკური პარტიის „ცვლილებების პარტია“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://peremen.party/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[9] საინფორმაციო სააგენტო „RBC“; სობჩაკმა „ცვლილებების პარტიის“ დაფინანსება შეწყვიტა; 2 აპრილი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rbc.ru/politics/02/04/2019/5ca1fd0b9a79476ffa589bdb [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[10] საინფორმაციო სააგენტო კომერსანტი; იუსტიციის სამინისტრომ კვლავ არ დააკმაყოფილა „სამოქალაქო ინიციატივისთვის“ სახელის შეცვლის განცხადება; 22 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[11] პოლიტიკური პარტიის „როდინა“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.rodina.ru/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[12] საინფორმაციო სააგენტო „ლენტა“; დმიტრი როგოზინი პარტის „როდინა“ თავმჯდომარეობიდან მიდის; 24 მარტი, 2006 წელი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/news/2006/03/24/rogozin/ [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]

[13] საინფორმაციო სააგენტო „არგუმენტები და ფაქტები“; „როდინა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პუტინს დაუჭერს; 27 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://aif.ru/politics/russia/rodina_podderzhit_putina_na_vyborah_prezidenta_rossii [ნანახია 2019 წლის 20 ნოემბერს]