დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ნოემბერი, 2019

ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. აფეთქება ღამით, ტაჰრირის მოედანთან მოხდა, სადაც რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[1]

ერაყის რამდენიმე ქალაქში ანტი-სამთავრობო აქციები განახლდა. საპროტესტო აქციები გაიმართა ბაღდადში, კუტში, ნეჯეფში, დივანიაში, ნასირიასა და ბასრაში. აქციებში ათობით ათასი ადამიანი ჩაერთო. ისინი ხიდების დაკავებასა და ავტომაგისტრალების გადაკეტვას ცდილობდნენ.[2]

მორიგ შეტაკებებს ერაყში სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ბაღდადში დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია. საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო – მოსახლეობა უმუშევრობას და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებს.[3]

საპროტესტო აქციები ირანში – ირანში მთავრობის მიერ საწვავის გაძვირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სირჟანში აქციის მონაწილეებმა ნავთობის საცავის დაწვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ირანის ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. კერძოდ, ხელისუფლებამ დააწესა, რომ ერთმა მანქანამ თვეში 60 ლიტრ საწვავზე მეტი არ უნდა მოიხმაროს. მანამდე დაშვებული რაოდენობა 250 ლიტრს შეადგენდა. საწვავის ღირებულება კი 50%-ით გაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ცვლილებების მიზეზი დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის მხარდაჭერაა.[4]

საპროტესტო აქციებმა ქვეყნის 21 ქალაქი მოიცვა. აქციების დროს სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, ქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 19 ნოემბრის მდგომარეობით, ხელისუფლების შეფასებით, ვითარება ნორმალიზებულია.[5]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აქციების ორგანიზებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. მისი თქმით, არეულობა დასრულდა და ქვეყანამ მორიგი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის მხარდამჭერი სპონტანური აქციები, რომლებიც რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ირანელი ხალხის სიძლიერის ნიშანია.[6]

ავღანეთში არსებული ვითარება – მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბულის უნივერსიტეტის გატაცებული პროფესორები გაათავისუფლა. დაჯგუფებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავღანეთის მთავრობამ მოძრაობის 3 დაკავებული მეთაური გაათავისუფლა. ავღანეთის პრეზიდენტმა დაკავებულების გათავისუფლებას მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა. ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი ტყვეობაში 2016 წლის შემდეგ იმყოფებოდნენ.[7]

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე კუნდუზის პროვინციაში თალიბები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. თავდასხმის შემდეგად 13 ჯარისკაცი დაიღუპა.[8]

სირიის კრიზისი – სირიის სასაზღვრო ქალაქ ტელ აბიადში აფეთქებას სულ ცოტა 10 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაზე იყო დამონტაჟებული. აფეთქებას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. ტელ აბიადს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მომხდარში ქურთული დაჯგუფება YPG დაადანაშაულა, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[9]

[1] ANI News; 6 killed as bomb explodes amid protests in Iraq’s Tahrir Square; 16 November, 2019; available at: https://www.aninews.in/news/world/middle-east/6-killed-as-bomb-explodes-amid-protests-in-iraqs-tahrir-square20191116093802/

[2] იმედის ახალი ამბები; ერაყის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო აქციები განახლდა; 18 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/121568/erakis-ramdenime-qalaqshi-antisamtavrobo-demonstratsiebi-ganakhlda

[3] იმედის ახალი ამბები; ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა; 22 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/122007/erakshi-morig-shetakebas-isev-mskhverpli-mohkva

[4] DW; Iran: Deadly protests erupt over shock fuel price hike; 16 November, 2019; available at: https://www.dw.com/en/iran-deadly-protests-erupt-over-shock-fuel-price-hike/a-51275142

[5] Amnesty International; Iran: More than 100 protesters believed to be killed as top officials give green lights to crush protests; 19 November, 2019; available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2019/11/iran-more-than-100-protesters-believed-to-be-killed-as-top-officials-give-green-light-to-crush-protests/

[6] Reuters; Iran’s Rouhani claims victory over unrest; 20 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-gasoline-protests/irans-rouhani-claims-victory-over-unrest-and-blames-foreigners-idUSKBN1XU0YW

[7] BBC; US and Australian hostages freed in Taliban prisoner swap; 19 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50471186

[8] TOLO News; 13 Afghan soldiers killed in Taliban attack in Kunduz; 20 November, 2019; available at: https://tolonews.com/afghanistan/13%C2%A0afghan-soldiers-killed-taliban-attack-kunduz

[9] Reuters; Car bomb kills at least 10 people near Syria’s border with Turkey; 23 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security/car-bomb-kills-at-least-10-people-near-syrias-border-with-turkey-idUSKBN1XX0BS