ბანგლადეში. ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური ოპოზიცია. ნოემბერი, 2019

ბანგლადეშში პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია მმართველი პარტიის „ავამი ლიგა“ ხელში და მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ის იყენებს ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული სუბიექტების, ასევე კრიტიკულად განწყობილი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიებს. კორუფცია ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და ანტი-კორუფციული ძალისხმევა მნიშვნელოვნადაა შესუსტებული პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. უსაფრთხოების ძალები დაუსჯელად სჩადიან სხვადასხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევებს. ისლამისტური ექსტრემისტული საფრთხე 2016 წლის შემდეგ შემცირებულია – მთავრობამ აამოქმედა მკაცრი მეთოდები, რასაც 15 ათასამდე პირის დაპატიმრება მოყვა.[1]

სამოქალაქო ხელისუფლება ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. ბანგლადეშში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზულ პრობლემებია უკანონო და თვითნებური მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; თვითნებური და უკანონო დაკავებები მთავრობის მიერ ან მისი სახელით; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით პატიმრები; თვითნებური და უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ცენზურა, ინტერნეტ საიტების დაბლოკვა და ცილისწამება; ასევე. მშვიდობიანი შეკრების უფლებების დარღვევა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების აკრძალვები; პოლიტიკური ჩართულობის შეზღუდვა; კორუფცია; ადამიანებით ვაჭრობა; ძალადობა ლგბტი თემის მიმართ და ერთსქესიანთა კავშირის სისხლისსამართლებრივი დევნა; მშრომელთა უფლებების დარღვევები და ბავშვთა შრომის გამოყენება. ვრცელდება ინფორმაციები უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ფართომასშტაბიანი დაუსჯელობის შესახებ. მთავრობა ძალიან ცოტას აკეთებს უსაფრთხოების ძალების მიერ სავარაუდო მკვლელობების ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის.[2]

ბანგლადეშის პარლამენტი 350 წევრისგან შედგება, საიდანაც 300 აირჩევა პირდაპირი წესით. პოლიტიკური პარტიები ირჩევენ საერთო ჯამში 50 მდედრობითი სქესის წევრს მათ მიერ არჩევითი ადგილების განაწილების შესაბამისად. შეიხ ჰასინას მმართველმა „ავამი ლიგამ“ 2018 წლის დეკემბერში გამართული არჩევნები, ზედიზედ მესამედ, უდიდესი უპირატესობით მოიგო და 300 არჩევითი ადგილიდან 288 დაისაკუთრა. არჩევნების დღე და წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა და მინიმუმ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ასევე, ადგილი ჰქონდა მთავრობის ოპონენტების როგორც სამართლებრივი ასევე სხვა მეთოდებით შევიწროვებას. ოპოზიციური პარტიის „BNP“ მტკიცებით, მათი 6 ათასამდე მხარდამჭერი და 10 კანდიდატი არჩევნების წინ დააპატიმრეს და აღნიშნული კანდიდატები ძალადობისა და დაშინების მსხვერპლნი გახდნენ. პარტიის ლიდერი კჰალედა ზია კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და კენჭისყრამდე ჩასვეს ციხეში, შემდეგ კი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს, რამაც პარტია „BNP“ სერიოზულად დააზარალა.

პარტია „BNP“-ის მტკიცებით, „ავამი ლიგამ“ არჩევნები ფართომასშტაბიანი მოსყიდვის და გაყალბების გზით მოიგო. აღნიშნულ პროცესში, მათი თქმით, ჩართულნი იყვნენ, როგორც პარტიის აქტივისტები, ასევე სამართალდამცავი ორგანოები. არჩევნებზე არ დაუშვეს სანდო და სარწმუნო რეპუტაციის მქონე არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი დამკვირვებლები. საარჩევნო კომისიამ, სხვადასხვა დარღვევებისთვის, „ავამი ლიგის“ 3 და „BNP“-ის 141 კანდიდატი მოხსნა არჩევნებიდან.[3]

ბანგლადეშში გრძელდება მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილთა დევნა. მათ შორის არიან როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე ჟურნალისტები, ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი.[4]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Bangladesh, 4 February 2019

 (accessed on 28 November 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Bangladesh, 13 March 2019

 (accessed on 28 November 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Bangladesh, 4 February 2019

 (accessed on 28 November 2019)

[4] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Bangladesh, 17 January 2019

 (accessed on 28 November 2019)