ერაყი. ვასიტის პროვინციაში არსებული ვითარება. ნოემბერი, 2019

ერაყის სამხრეთი პროვინციები (ქარბალა, ბაბილი, ვასიტი, ნაჯაფი, ქადისია, დიქარი, მისანი, მუთანა და ბასრა) – ერაყის სამხრეთი პროვინციები ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სრული უმრავლესობა შიიტები არიან; თუმცა, ასევე წარმოდგენილნი არიან ფეილი ქურთები, ქრისტიანები და საბეან მანდეანელები. ქალაქი ბასრა, რომელიც ერაყის სამხრეთით მდებარეობს, სიდიდით მესამე ქალაქია. ბასრაშია ერაყში ნავთობის ყველაზე დიდი საბადოები. აღნიშნული მარაგების მსოფლიო ბაზრისთვის გახსნა სადამის რეჟიმის შემდეგ, იყო დიდი ხნის ნანატრი ბიძგი ერაყის ეკონომიკისთვის.

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – საერთო ჯამში, სამოქალაქო პირებს შორის 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთის პროვინციებშია. 2018 წელს სამხრეთის პროვინციებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბასრაში და შეადგენდა 4.62-ს, დიქარში – 2.52, მისანში – 1.71 და ბაბილში – 1.43.

სამხრეთის პროვინციებს არ შეხებია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტი. სამხრეთის პროვინციებიდან დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად 2014 წელს ათასობით პირი წავიდა. სამხრეთის პროვინციები ერაყის ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაა, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს; აღნიშნული პრობლემები დაკავშირებულია კრიმინალთან, ნარკოდანაშაულთან, შიიტურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაჯგუფებების მხრიდან; ასევე, გატაცებებთან, გამოძალვასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობასთან. სამხრეთ პროვინციებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან ცოტა ინციდენტი ფიქსირდება და მათი უმრავლესობაში ჩართულნი არიან თომები, სახალხო მობილიზაციის ძალები, ბანდები ან ყველა ერთად. ძალადობა სხვადასხვა შიიტურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სამხრეთის პროვინციებში ხდება და წარმოადგენს ტერიტორიასა და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლას. შიგა შიიტური დაპირისპირებები ძირითადად გავლენას ახდენს იმ ხალხის უსაფრთხოებაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დაჯგუფებებში ან ტომთა ჯგუფებში.

რეგიონის სტაბილურობაზე ნეგატიურად მოქმედებს ტომებს შორის დაპირისპირება. ადგილობრივი პოლიცია უგულებელყოფს ან საერთოდ უძლურია, აღკვეთოს ასეთი კონფლიქტები. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინტერვენცია მიზანშეწონილია, პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ხშირად ერთერთი კონფლიქტურ მხარესთან არიან დაკავშირებულები, არ ერევიან შემდგომი რეპრესიების შიშით.

სამხრეთის პროვინციებში 2018 წელი მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებით გამოირჩეოდა. მოსახლეობა აპროტესტებდა ელექტროენერგიის დეფიციტს, სასმელი წყლის დაბალ ხარისხს, მწირ საჯარო სერვისებს, უმუშევრობას და ფართოდ გავრცელებულ კორუფციას. მთავრობა ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას, თუმცა ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, პროტესტი გრძელდებოდა. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული.

სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი – ტომებს შორის დაპირისპირება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამხრეთ ერაყის ეკონომიკაზე, რადგან რიგმა უცხოურმა კომპანიებმა და ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა; დასაქმებული მუშახელი უარს აცხადებდა სამსახურში გასვლაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უსაფრთხოების ძალების მცდელობას, მოეგვარებინათ ტომებს შორის კონფლიქტური ვითარება, დიდი შედეგი არ მოუტანია.

ნავთობის სექტორში ფართოდაა გავრცელებული კორუფცია და გამოძალვა. ბასრას ლიდერი კლანი რეკეტის სქემით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის სანაცვლო კომპენსაციადაა შენიღბული, 105 მილიონ აშშ დოლარზე მეტს იღებს. ნავთობის მარაგები ბასრაში ისეთ ტერიტორიებზეა, სადაც ძლევამოსილი, ხშირ შემთხვევაში შეიარაღებული ტომები სახლობენ და ნავთობის სფეროს სუბიექტებმა იციან, რომ უნდა დაიქირაონ გავლენიანი ტომების ლიდერები სხვადასხვა სახის კამათისა და დაპირისპირებების მოსაგვარებლად.

უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია დაპირისპირებული შეიარაღებული ჯგუფებს შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რაც ზოგადად უსაფრთხოების კუთხით გარკვეულ ნაპრალებს ქმნის. კრიმინალურმა ბანდებმა ბასრაში გამოიყენეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ხარვეზები და შედეგად გაიზარდა ძარცვის, გატაცების, მკვლელობების და ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტები.

იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება – 2019 წლის იანვრის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული პირების დაახლოებით 3% იმყოფება სამხრეთის პროვინციებში; მათგან თითქმის ყველა ნაჯაფის პროვინციაში. გაეროს სააგენტოების მონაცემებით, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა პროვინციებში ასეთი იყო: ნაჯაფი (28,069), ქერბალა (25,497), ბაბილი (23,853), ქადისია (15,206), ვასიტი (13,529), ბასრა (8,088), დიქარი (4,171), მისანი (2,966) და მუთანა (1,290). „Human Rights Watch“-ის ერთერთი მკვლევარის მტკიცებით, ბაბილი ერთადერთი პროვინციაა, სადაც არავინ დაბრუნებულა.[1] [2]

ვასიტის პროვინცია – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ვასიტის პროვინციას ერაყის მთავრობა აკონტროლებს. პროვინციაში სახალხო მობილიზაციის ძალები მძლავრად არიან წარმოდგენილნი და ერაყის უსაფრთხოების ძალებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. სამხრეთის პროვინციებში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სახალხო მობილიზაციის ძალების ირანის მიერ მხარდაჭერილი დანაყოფები აქტიურად იყვნენ პროცესებში ჩართულნი და იცავდნენ პოლიტიკურ წესრიგს და ირანის ინტერესებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც შიიტური დაჯგუფებები (ასოცირებულნი შიიტურ სასულიერო ლიდერთან ალ-სისტანთან) პროცესებში არ ჩართულან. ისევე როგორც სამხრეთის უმეტეს პროვინციაში, ვასიტში პრობლემები დაკავშირებულია ტომთა შორის ძალადობასთან და ადგილობრივ ანტი-სამთავრობო არეულობებთან, რასაც წყლის დეფიციტი და სიღარიბე ემატება. არეულობები ბასრაში დაიწყო და გავლენა იქონია სხვა სამხრეთ პროვინციებზე, მათ შორის ვასიტზე. სხვა პრობლემები პროვინციაში დაკავშირებულია ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებთან.

ორგანიზაცია „IBC“-ის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში, ვასიტის პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 5 ინციდენტი (რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლს) დაფიქსირდა, რომელთაგან ოთხს ადგილი ჰქონდა კუტის რაიონში. სიკვდილიანობის მაჩვენებელმა აღნიშნული ინციდენტების შედეგად შეადგინა 0.6 ასი ათას პირზე. იგივე მაჩვენებელი 2017 წელს 0.3 იყო. უშუალოდ კუტის რაიონში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1.2 შეადგინა. „IBC“-ის მიერ აღწერილი ინციდენტები მოიცავდა მკვლელობებს და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას.

ვასიტის პროვინციაში 11 706 იძულებით გადაადგილებული პირია დაფიქსირებული. მონაცემები დაბრუნებისა და ხელახალი გადაადგილების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი მიიჩნევს, რომ არსებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ვასიტის პროვინციაში ადგილი არ აქვს მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(c) მუხლის განმარტების შესაბამის შეიარაღებულ კონფლიქტს. გამონაკლისად შეიძლება მიჩნეული იქნეს რაიონი კუტი.

ინდიკატორების შეფასებით, წყარო მიიჩნევს, რომ განურჩეველი ძალადობა, რომელსაც ადგილი აქვს კუტის რაიონში, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ არ არსებობის რეალური რისკი იმისა, რომ პირი პირადად დაზიანდეს მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(c) მუხლის განმარტების შესაბამისი განურჩეველი ძალადობის მიზეზით. ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ელემენტი ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.[3]

[1] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 27 March 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation (supplement) – Iraq Body Count – civilian deaths 2012, 2017-2018, February 2019

 (accessed on 27 March 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 28 November 2019)