ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, სირიის მთავრობა მეტწილად აკონტროლებდა ქვეყნის დიდ ტერიტორიას და ინარჩუნებდა ძალაუფლებას. ამბოხებულები დამარცხდნენ უმეტეს ნაწილში, თუმცა მაინც ინარჩუნებდნენ კონტროლს იდლიბის პროვინციაზე და მოსაზღვრე ზონებზე ალეპოსა და ჰამაში. სირიის ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვართან, აფრინიდან ჯარაბულსამდე, თურქეთის მოკავშირე ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ქურთული ძალები აკონტროლებდნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ხოლო აშშ-ის და ადგილობრივი ამბოხებულების ძალები აკონტროლებდნენ ტერიტორიას ტანფის გარშემო და უდაბნოს ერაყის, იორდანიის და სირიის საზღვარზე. დანარჩენი ტერიტორია სირიის მთავრობის და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ იყო.
2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიის დატოვება დაიწყეს და გზა გაუხსნეს თურქეთის სამხედრო ძალების მიერ გამოცხადებულ სამხედრო ოპერაციას. 2019 წლის 9 ოქტომბერს თურქულმა ძალებმა, მოკავშირე მეამბოხეებთან ერთად შეტევა დაიწყეს და დაიკავეს ტელ აბაიდი რაქაში და რას ალ-აინი ჰასაკაში; ასევე, მ4 საერთაშორისო მაგისტრალი, რომელიც ქურთულ ძალებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ქურთები სირიის მთავრობას შეუთანხმდნენ და სირიის სამთავრობო ძალები რეგიონში შევიდნენ თურქული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. 17 ოქტომბერს მხარეები 5-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ დროის განმავლობაში ქურთებს თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრით უნდა დაეხიათ, რათა თურქეთს ამ ტერიტორიაზე „უსაფრთხო ზონა“ შეექმნა.
2019 წლის 21 ოქტომბერს ქურთულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ყველა ქურთი მებრძოლი ევაკუირებული იყო ქალაქ რას ალ-აინიდან.
2019 წლის 23 ოქტომბერს თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივი პატრულირების ხელშეკრულებას, ქურთების მიერ დატოვებულ, ე.წ. „უსაფრთხო ზონაში“. თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად 20 ოქტომბრისთვის 170 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 74 ათასი ბავშვი იძულებით გადაადგილდა ალეპოდამ, ჰასაკადან და რაქადან. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 18 500 პირი დაბრუნდა, ძირითადად, ტელ აბიადში (რაქა) და ქამიშლიში (ჰასაკა).
2019 წლის სექტემბრის ბოლოს სირიის არმიამ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა კონტროლი დაამყარეს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, ქალაქ დიერ ეზ ზორთან ახლოს მდებარე ქალაქებზე სალიჰია, ჰატლაჰი, ჰუსეინია და ტაბიია. 14 ოქტომბრისთვის სირიის არმია შესული იყო ქალაქ აინ ისაში, რაქას პროვინცია. 15 ოქტომბრისთვის სირიის არმია უკვე შევიდა აქამდე ქურთების მიერ კონტროლირებად მანბიჯში, ალეპოს პროვინცია. 16 ოქტომბერს სირიის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ალეპოს პროვინციის ქალაქ კობანეში, რომელიც ქურთების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის არმიას ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პროცესში თან ახლდა რუსული არმია.
სრული მონაცემები და სტატისტიკა ძალადობრივი ინციდენტებისა და კონფლიქტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტი ცდილობს, აღწეროს სირიაში მომხდარი კონფლიქტთან დაკავშირებული ინციდენტები. არსებული ინფორმაცია ორ ძირითად ტენდენციაზე მეტყველებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალადობის მაჩვენებელი კლებულობს – 2018 წელს ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა და კონფლიქტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე კონფლიქტის საწყის წლებში. იგივე ტენდენცია ნარჩუნდება 2019 წლის განმავლობაში. მეორე ტენდენცია, რომელზეც მონაცემები მეტყველებს არის გეოგრაფიული განსხვავება. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათ შორის დამასკოში, სამხრეთის პროვინციებში და ლიბანთან სასაზღვრო მონაკვეთში 2019 წლის პირველ ნახევარში, წინა წლებთან შედარებით, ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ტერიტორიებზე. ფრონტის ხაზის სიახლოვეს – იდლიბის პროვინციაში ვითარება განსხვავებულია და ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა მაღალია, ისევე როგორც თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქურთების მიერ კონტროლირებად ზონებში.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საერთო რაოდენობა 2018 წელს 31 ათასს აჭარბებდა. წლის დასაწყისში საშუალო მაჩვენებელი თვეში 4 ათასი იყო; აგვისტოდან მოყოლებული კი 1500-მდე იკლო. ACLED-ის მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ, ინციდენტის რაოდენობის მატება მოხდა 2019 წლის ზაფხულში. ძალადობრივი ინციდენტები შემდეგ კატეგორიებად იყოფა: საბრძოლო მოქმედებები, ძალადობა სამოქალაქო პირების მიმართ; აფეთქებები; არეულობები და პროტესტი; სტრატეგიული განვითარებები.
კონფლიქტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალადობრივი ინციდენტების დინამიკის შესაბამისია. საერთო ჯამში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა მონაცემს ავრცელებს, თუმცა ყველა მათგანის მონაცემი აჩვენებს შემცირებას – 2012 წლიდან მოყოლებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდებოდა და 2018 წელს 7500 შეადგინა (ზოგიერთი წყარო აღნიშნულ მაჩვენებელს 20 ათასამდე ვარაუდობს). 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში დაფიქსირებული მაჩვენებელია 1300. სხვა წყაროებიც 2019 წლის პირველ 5 თვეში დაახლოებით იგივე მონაცემებს ავრცელებენ.[1]
[1] EASO – European Asylum Support Office: Syria Security situation, 1 November 2019