სომალი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება სომალილენდში. დეკემბერი, 2019

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი (ACCORD) სომალიში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2019 წლის დეკემბრის ანგარიშში წერს, რომ სახელმწიფო სომალი 1960 წელს შეიქმნა, როდესაც ბრიტანული სომალილენდი და ყოფილი იტალიური სომალილენდი გაერთიანდნენ და გამოცხადეს დამოუკიდებლობა. 1969 წელს მოჰამედ სიად ბარემ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და დაამხო ავტორიტარული სოციალისტური რეჟიმი, რომელიც დისიდენტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნით, დაპატიმრებებითა და წამებით ხასიათდებოდა. შეიარაღებულმა ოპოზიციამ ბარეს რეჟიმი 1991 წელს დაამხო და სომალი ჩათრეული აღმოჩნდა სამოქალაქო ომსა და ანარქიაში.

სომალიში არ არის ერთიანი ცენტრალური მმართველობა. ჩრდილოეთით, სომალილენდმა სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევე დამოუკიდებლობა გამოაცხადა (სომალილენდი არ უღიარებია არცერთ ქვეყანას). სომალის ჩრდილო-დასავლეთით, პუნტლენდმა 1998 წელს გამოაცხადა ავტონომია. სომალილენდისგან განსხვავებით, პუნტლენდი არ ცდილობს დამოუკიდებლობის მიღებას.

სომალიში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება 2019 წელსაც ძალადობრივია. ალ-შაბააბი განაგრძობს ძალადობას, მათ შორის სამთავრობო ინფრასტრუქტურასა და პერსონალზე, უსაფრთხოების ძალებზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და საჯარო სივრცეებზე იერიშებს.

2019 წლის 10 ივლისს, სანააგში, დუბთან ახლოს შეტაკება მოხდა სომალილენდის სამხედროებსა და 2018 წელს პუნტლანდში გაქცეული პოლკოვნიკ არეს მომხრეებს შორის, რასაც სომალილენდის მხრიდან 3 და არეს სამხედროების მხრიდან ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 26 ივლისს არეს ძალებმა სოფელი კარინი დაიკავეს, რასაც მომდევნო დღეებში ახალი დაპირისპირება მოყვა, რასაც სომალილენდის მხრიდან ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

სომალილენდისა და პუნტლენდის შეიარაღებული ძალები 14 ივნისს სანააგის რეგიონში, ქალაქ ბადჰანთან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორივე ადმინისტრაციის განცხადებით, შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 7-8 ივლისს, სომალილენდსა და პუნტლენდს შორის სადავო სანააგის რეგიონში დაპირისპირებული კლანების დაჯგუფებებს შორის, დუდ არალესა და ელ აფვეინში დაპირისპირების შედეგად 25 პირი დაიღუპა. 50 პირი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა კლანებს შორის დაპირისპირების შედეგად სომალილენდსა და პუნტლენდს შორის სადავო სულის რეგიონში, დუმარის რაიონში. კლანებს შორის დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა ასევე გალგადოდსა და ჰირაანში.

სომალის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ ალ-შაბააბი რჩება. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მომხრე ელემენტების აქტიურობის შესახებ მოგადიშუში. სულის სადავო რეგიონში, დაძაბულობა გრძელდება ქალაქ ტურკარაქსა და მის შემოგარენში, რასაც ახლავს არარეგულარული შეიარაღებული დაპირისპირებები სომალილენდისა და პუნტლენდის უსაფრთხოების ძალებს შორის. ტერორისტული ინციდენტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოგადიშუში, ხოლო ყველაზე დაბალი – შაბელესა და ჰირაანის რეგიონში ფიქსირდება. ალ-შაბააბი ინარჩუნებს სამოქმედო სიძლიერესა და შესაძლებლობებს, მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმდინარე ინტენსიური სახმელეთო და საჰაერო შეტევებისა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო ანგარიშში, ასევე, საუბრობს როგორც ალ-შაბააბისა და ისლამური სახელმწიფოს, ისე სამთავრობო და საერთაშორისო სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებზე. აღნიშნულ ქვეთავებში არ არის საუბარი სომალილენდის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების შესახებ.[1]

სომალილენდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მრავლად წერს სხვადასხვა არაოფიციალური წყარო – პირები, რომლებიც საქმიანი ან ტურისტული ვიზიტებით იმყოფებოდნენ სომალილენდში. ასეთი წყაროების შეფასებით, სომალილენდში ვითარება სტაბილური და მშვიდია. სომალილენდი არაღიარებული ქვეყანაა, ამიტომ ოფიციალური სტატისტიკა კრიმინალის ან ტერორიზმის რისკის შესახებ არაა ხელმისაწვდომი. არსებული ციფრები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია იყენებს, მთლიანად სომალის შესახებაა, მაშინ როცა სომალისა და სომალილენდს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა პოლიტიკური მდგომარეობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. სომალის დედაქალაქ მოგადიშუში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია. 2017 წელს მოგადიშუში ერთ ტერორისტულ აქტს 300 ადამიანი ემსხვერპლა. სომალილენდში ბოლო ტერაქტს ადგილი ჰქონდა 2008 წელს და მას შემდეგ მთავრობამ მოახერხა, ქვეყანაში მეტწილად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, თუმცა სომალილენდში გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე სომალიში, რაც სომალილენდის მოგადიშუსგან დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის შედეგია. სომალის 1991 წლის შემდეგ არ ჰყოლია ერთიანი მთავრობა; სომალილენდმა მოახერხა შეექმნა საკუთარი მთავრობა, პარლამენტო და კანონის უზენაესობა და საკმაოდ წარმატებითაც ქვეყნისთვის, რომელიც არაა აღიარებული და არ აქვს მონეტარული საშუალებები, ბიუჯეტი ან საერთაშორისო დახმარება.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები სომალილენდში 2017 წლის ნოემბერში ჩატარდა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მეტწილად დემოკრატიულად და მშვიდობიანად შეფასდა. ხალხმა მოახერხა ორგანიზება და წესრიგისა და მშვიდობის დამკვიდრება და მიგრანტებიც ბრუნდებიან აღმშენებლობაში დახმარების გასაწევად, ვიდრე ქვეყანა საერთაშორისო აღიარებას ელოდება. მიუხედავად ყველაფრისა, სომალილენდი, რა თქმა უნდა, სრულად უსაფრთხო კრიმინალისგან არაა. საფრთხე ძირითადად მოდის შეიარაღებული ჯგუფებისგან, არსებობს გატაცებისა და ტერორიზმის საფრთხეც, თუმცა აღნიშნული საფრთხე სომალილენდში დაბალია, განსხვავებით სომალისგან, სადაც ალ-შაბაბი აქტიურია, განსაკუთრებით მოგადიშუში. სომალილენდში კი მსგავსი ფაქტები წლებია არ დაფიქსირებულა.[2] [3]

[1] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: ecoi.net featured topic on Somalia: Security Situation, 4 December 2019

 (accessed on 6 December 2019)

[2] Once in a Lifetime Journey; Safety in Somaliland – Is Somaliland safe to visit? Written by Mar; 21 May, 2018; available at: https://www.onceinalifetimejourney.com/reviews/everything-else/safety-in-somaliland-is-somaliland-safe-to-visit/ [accessed 6 December 2019]

[3] The Candy Trail; Hargeisa – capital of a country that isn’t – Somaliland; By Michael Robert Powell; 03 October, 2019; available at: https://www.thecandytrail.com/hargeisa-somaliland/ [accessed 6 December 2019]