დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 დეკემბერი, 2019

ერაყის პრემიერმა პოსტი დატოვა – ერაყის პარლამენტმა დააკმაყოფილა პრემიერის ადელ აბდელ მაჰდის თხოვნა და ის თანამდებობიდან გადააყენა. პარლამენტის სპიკერის მუჰამედ ალ-ჰალბუსის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, ახლა პრეზიდენტმა მთავრობის ჩამოყალიბება იმ პარტიული ბლოკის კანდიდატს უნდა დაავალოს, რომელიც პარლამენტში მანდატების უმრავლესობას აკონტროლებს. თანამდებობის დატოვების მზადყოფნა ერაყის პრემიერმა 29 ნოემბერს გამოთქვა. მანამდე ერაყელი შიიტების უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, 88 წლის აიათოლა ალი ალ-სისტანიმ განაცხადა, რომ პარლამენტმა, რომელმაც აბდელ მაჰდის ძალაუფლება ჩააბარა, თავისი გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ამ დრომდე არეულობებისა და საპროტესტო აქციების შედეგად  400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.[1]

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მომიტინგეთა დაღუპვის ფაქტი აღიარა – ირანული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ პოლიციელებმა კრიმინალები და მეამბოხეები მოკლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის აბდულრეზა რაჰმანი ფაზლის განცხადებით, საპროტესტო აქციებში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და დემონსტრანტებმა 731 ბანკი, 70 ბენზინგასამართი სადგური და 140 საჯარო დაწესებულება დაწვეს. პროტესტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ფაზლის არ დაუსახელებია. „Amnesty International“-ის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 208 ადამიანი დაიღუპა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 400-ს აღემატებოდეს. ირანში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი ბენზინზე ფასების 50%-დან 100%-მდე ზრდა გახდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სპონტანურად დაწყებული აქციები სწრაფად გადაიზარდა არეულობებში, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ათეული მაღაზია და ბანკის შენობა დაარბიეს.[2]

ინდოეთში ძალადობაში ეჭვმიტანილებმა მსხვერპლს ცეცხლი წაუკიდეს – სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 23 წლის ქალს, რომელიც სასამართლოში საქმის მოსმენაზე მიდიოდა ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში მოხდა. ქალი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის 90%-ის მძიმე დამწვრობა აღენიშნებოდა. ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 კაცი დააკავა. 2 მათგანს დაზარალებული ძალადობაში ადანაშაულებდა. ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ყოველდღე სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.[3]

ინდოეთის პოლიციამ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი მოკლა – შემთხვევა ქალაქ ჰეიდარაბადში მოხდა. დაკავებულები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად წაიყვანეს, რა დროსაც ისინი პოლიციელებს დაესხნენ თავს, მათთვის იარაღის წართმევა და გაქცევა სცადეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ოთხივე ეჭვმიტანილი მოკლეს. შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა. „უცნაური შეგრძნებაა, ბედნიერი ვარ, რომ ისინი მოკლეს, თუმცა ჩემს შვილს ვეღარ დააბრუნებენ. მისი სული ახლა მშვიდადაა. სამართალი აღსრულდა. არ მჯეროდა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ“, – ასე გამოეხმაურა ეჭვმიტანილების მკვლელობას გაუპატიურებული და მოკლული ქალის დედა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ პოლიციის მხარდამჭერი აქცია გამართეს და სამართალდამცველებს ეჭვმიტანილების მკვლელობისთვის მადლობა გადაუხადეს.[4]

ავღანეთში იაპონური ჰუმანიტარული ორგანიზაციის თავმჯდომარე მოკლეს – შემთხვევა ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. იაპონური ჰუმანიტარული ორგანიზაციის „Peace Japan Medical Services“ავტომობილზე თავდასხმას საერთო ჯამში 6 ადამიანი ემსხვერპლა. 73 წლის ექიმი ტეტსუ ნაკამურა სროლის შედეგად მკერდში დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაიღუპა ასევე მისი 3 მცველი, მძღოლი და კოლეგა, რომლებიც ავღანელები იყვნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; ერაყის პარლამენტმა პრემიერი თანამდებობიდან გადააყენა; 1-ელი დეკემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/122673/erakis-parlamentma-premierministri-tanamdebobidan-gadaakena

[2] BBC; Iran protests: State TV acknowledges death during unrest; 3 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50643445

[3] BBC; Unnao rape case: Indian woman set on fire on way to hearing dies; 7 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-50697139

[4] BBC; Hyderabad case: Police kill suspects in rape and murder of Indian vet; 6 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-50682262

[5] BBC; Tetsu Nakamura: Japanese doctor among six dead in Afghan gun attack; 4 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50654985