დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 დეკემბერი, 2019

სირიის კრიზისი – სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბანაკზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. დიდი ალბათობით, ავიაიერიში ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს. ავიაიერიშს სულ მცირე 5 სამხედრო ემსხვერპლა. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ირანული ელიტური სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკი ქალაქ აბუ-ქემალში, ელ-ჰამდანის სამხედრო აეროდრომზე მდებარეობს. 4 დეკემბერს ავიაიერიშის სამიზნე ამავე ბანაკის შეიარაღების საწყობი გახდა. აბუ-ქემალი სირიულმა ჯარმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ 2017 წლის ნოემბერში გაათავისუფლა.[1]

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და კაცები საერთო შესასვლელით ისარგებლებენ – აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ. ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“ ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.[2]

თურქეთში ქალთა უფლებადამცველების აქცია დაშალეს – თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ოლქში, კადიკოიში გამართული ქალების საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მონაწილეებზე ქალებზე ძალადობას აპროტესტებდნენ. ქალებს სურდათ ეცეკვათ და ემღერათ „მოძალადეები ჩვენს გზაზე“, რომელიც ჩილელი ჯგუფის „Las Tesis“ მიერ არის შექმნილი. სიმღერა აკრიტიკებს სახელმწიფოს იმის გამო, რომ საკმარისად არ იბრძოლა ქალების ძალადობის წინააღმდეგ. სიმღერის ერთ მონაკვეთში ქალები ამბობენ „მოძალადე შენ ხარ“ და ამით უარყოფენ მოსაზრებას, თითქოს, მსხვერპლი ქალები გარკვეულწილად პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ მათზე ძალადობენ. სტამბოლის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, ასევე რამდენიმე ქალი დააკავა. დაკავებულებს შორის იყო თურქული ფემინისტური ჯგუფის „ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდის პლატფორმას“ (We Will Stop Femicide Platform) ლიდერი.[3]

თურქეთის პარლამენტში ქალების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს – ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ქალებმა მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და ჩილეს ფემინისტური ჯგუფის „Las Tesis“ სიმღერა „Rapist Is You“ (მოძალადე შენ ხარ) შეასრულეს. მათ კოლეგებს კი ხელში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული ქალების სურათები ეკავათ. ამ სიმღერას ფემინისტები და ქალების უფლებების დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. გასულ კვირას ის სტამბოლის ოლქში გამართულ დემონსტრაციაზეც გაჟღერდა, მაგრამ სამართალდამცველებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დეპუტატმა სერა კადეღილმა დარბაზში მყოფ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა და აუხსნა, რომ სიმღერის მიზეზი ქალების წინააღმდეგ ძალადობისკენ ყურადღების გაზრდაა. „მაგრამ თქვენი წყალობით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ პროტესტში მონაწილეობისთვის დეპუტატის იმუნიტეტი უნდა გქონდეს“, – განაცხადა პარლამენტარმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთში მცხოვრები ქალების 38% ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. თურქეთის უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით, 2018 წელს კაცებმა თურქეთში 440 ქალი მოკლეს.[4]

[1] იმედის ახალი ამბები; სირიაში ირანელი სამხედროების ბანაკზე ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა; 8 დეკემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/123191/siriashi-iraneli-samkhedroebis-banakze-aviaierishs-mskhverpli-mohkva

[2] Reuters; Saudi Arabia ends gender-segregated entrances for restaurants; By Stephen Kalin; 8 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-gender/saudi-arabia-ends-gender-segregated-entrances-for-restaurants-idUSKBN1YC0FZ

[3] DW; police break up Istanbul protest of violence against women; 9 December, 2019; available at: https://www.dw.com/en/police-break-up-istanbul-protest-of-violence-against-women/a-51583766

[4] DW; Turkey’s women lawmakers stage Las Tesis “rapist is you” protest; 15 December, 2019; available at: https://www.dw.com/en/turkeys-women-lawmakers-stage-las-tesis-rapist-is-you-protest/a-51684425