ერაყი. ანბარი; რამადიში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2019

ანბარის პროვინცია – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ანბარი ერაყის ყველაზე დიდი პროვინციაა. იქიდან გამომდინარე, რომ პროვინციის ტერიტორიის დიდი ნაწილი უდაბნოა, ანბარი ყველაზე მეჩხერად დასახლებული ტერიტორიული ერთეულია ქვეყანაში. ანბარის პროვინცია იყო ერთერთი პირველი, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მოექცა და წარმოადგენდა უკანასკნელ ბასტიონს, ვიდრე 2017 წლის დეკემბერში ერაყის უსაფრთხოების ძალებმა პროვინციაზე კონტროლი დაიბრუნეს.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ანბარში ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება ინარჩუნებს ე.წ. მიძინებულთა ქსელს ანბარის უდაბნოში, ღადაფის ხეობასა და ალ-ჰუსაინიაში, რუთბაჰის დასავლეთით. დაჯგუფება განაგრძობს ასიმეტრიულ იერიშებს ერაყის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ. მათი აქტიური ქსელი იდენტიფიცირებულია ალქაიმში, უადი ჰორან/რუთბაჰსა და ტბა თართარის მიმდებარედ/ჰით/ რამადი.

პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით მოქმედი რამდენიმე მოქმედი პირია წარმოდგენილი, მათ შორის არმია, პოლიცია, სახალხო მობილიზაციის ძალები, შიიტური დაჯგუფებები, ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებები და ტომთა დაჯგუფებები. 2018 წლის ოქტომბერში პროვინციაში, სირიის საზღვართან, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც გამოწვეული იყო დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმებთან სირიის მხრიდან. არმიისა და სახალხო მობილიზაციის ძალების 30 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება მოხდა სასაზღვრო ზოლზე სირიის ტერიტორიიდან დაჯგუფების თავდასხმების პრევენციის მიზნით.

ანალიტიკური ორგანიზაცია IBC-ის მიერ 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 46 ისეთი ინციდენტი, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა მსხვერპლი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას კაცზე 5.1 იყო (2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 45.3 შეადგენდა). მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების (დაშავება; სიკვდილი) 252 ფაქტს ადასტურებს UNAMI, რაც წინა წელთან შედარებით (822) შემცირებული მაჩვენებელია.

2018 წელს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა დაფიქსირდა ჰადიტიაში (14.1) და ანაში (11.5). უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ ისეთ ინციდენტს, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, ადგილი ჰქონდა რამადისა და ალ-კაიმის რაიონებში.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშების სამიზნეს ძირითადად წარმოადგენდნენ ერაყის უსაფრთხოების ძალები და სახალხო მობილიზაციის ძალები, მათ შორის ადგილი ჰქონდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, პოლიციის განყოფილებებსა და სამხედრო ტრანსპორტზე თავდასხმებს. 2018 წლის განმავლობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი ინციდენტები, რომელთაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, ძირითადად, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული.

ანბარის გამათავისუფლებელი სამხედრო ოპერაციების შედეგად ფართოდ დაზიანდა კერძო და საჯარო ქონება – ხელისუფლება ამ გამოწვევის გადაწყვეტას კვლავაც ცდილობს. დაჯგუფებისგან გათავისუფლებული ტერიტორიები სრულად არაა გაწმენდილი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან. ასეთი ნარჩენებისგან გარდაცვალების მრავალი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც დაჯგუფების მიერ საცხოვრებელ ან სასოფლო-სამეურნეო ზონებში დატოვებულ ნაღმებს ბავშვები ემსხვერპლნენ.

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ანბარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მაჩვენებლით (1 290 606 რეგისტრირებული დაბრუნებული) მეორე იყო ერაყის მასშტაბით. ანბარი ერთერთია იმ პროვინციებს შორის, სადაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა და დახმარებას თითქმის 1.5 მილიონი პირი საჭიროებს.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი, ინდიკატორის შეფასების შედეგად, აღნიშნულ ანგარიშში ასკვნის, რომ განურჩეველ ძალადობას ანბარის პროვინციაში ადგილი აქვს, თუმცა არა მაღალი დონით, შესაბამისად, უფრო მაღალი ინდივიდუალური გარემოებაა საჭირო იმის დასადგენად, რომ პირი, ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი დირექტივის მეთხუთმეტე მუხლის განმარტებით, სერიოზული ზიანის სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.[1]

პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები – ანბარის საოპერაციო სარდლობა რამადის, ფალუჯისა და მიმდებარე უდაბნო ტერიტორიების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. პროვინციის უმეტესი ნაწილის, მათ შორის დასავლეთ რამადის, მდინარე ევფრატის დასავლეთ ხეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჯაზირასა და ბადიას საოპერაციო სარდლობა. ფედერალური პოლიცია ანბარში ორი დანაყოფითაა წარმოდგენილი: მეორე ფედერალური დანაყოფი და მეხუთე ფედერალური დანაყოფი. პროვინციაში ოპერირებს ასევე სწრაფი რეაგირების დანაყოფი და საზღვრის დაცვის სარდლობა.

ანბარის პროვინცია სათანადოდ მოქმედი საპოლიციო ძალის ნაკლებობას განიცდის. ადგილობრივი პოლიციის სისტემა ჩამოიშალა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პროვინციაზე კონტროლი დაამყარა. 2010 წელს ანბარში 28 ათასი პოლიციელი იყო. დაახლოებით 14 ათასი 2014-2016 წლებში გაათავისუფლეს, რადგან მათ ვერ მოახერხეს პროვინციის გარეთ შეკრებილ ჯგუფებში გაერთიანება. 2017 წელს ფედერალურმა მთავრობამ აღადგინა 3 ათასზე მეტი პოლიციელი, მას შემდეგ, რაც გაიარეს სპეციალური სასწავლო კურსი. ფედერალური ხელისუფლება კიდევ 6 ათასი პოლიციელის აღდგენაზე მუშაობს.

ანბარის პროვინციაში მოქმედებს სახალხო მობილიზაციის ძალები. 2017 წლის მაისის მდგომარეობით, ანბარში მათი რაოდენობა 16 ათას მებრძოლს შეადგენს. გარდა აღნიშნული ჯგუფებისა, ანბარის პროვინციაში წარმოდგენილნი არიან ირანის მხარდაჭერილი, პოლიტიკურად ასოცირებული დაჯგუფებები და სუნიტი ტომების დაჯგუფებები.

2018 წლის დეკემბერში „ისლამური სახელმწიფო“ ანბარის პროვინციაში მოიერიშე ქსელს ინარჩუნებდა ალ-ქაიმში, უადი ჰორან/რუთბასა და თართარის ტბის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის დაჯგუფება ერაყში რაიმე ტერიტორიას უკვე აღარ აკონტროლებდა, მაინც განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ნინევაში, სალაჰადინში, კირკუკში, დიალაში, ანბარსა და ბაღდადში. ვრცელდებოდა ინფორმაცია დაჯგუფების მიძინებულთა ქსელის არსებობის შესახებ ანბარის უდაბნოებში. ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი მეომარი ჰყავს შემორჩენილი „ისლამურ სახელმწიფოს“ ანბარში, არ არის ხელმისაწვდომი; ერაყის შეიარაღებული ძალები ვარაუდობენ, რომ საუბარია რამდენიმე ასეულ მებრძოლზე, რომლებიც მცირე დანაყოფებად გადაჯგუფდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დასუსტებულია და აღარ შეუძლია დიდი მასშტაბის იერიშების ორგანიზება, იყო მცდელობა, დაჯგუფების მებრძოლები შესულიყვნენ ანბარის პროვინციაში სირიის მხრიდან, რის გამოც პროვინციაში ანტი-ტერორისტული ძალების მობილიზება მოხდა.

უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება – 2018 წლის განმავლობაში ანბარის პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 46 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 86 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 170 ინციდენტს 761 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 45.3-დან (2017 წელი) 5.1-მდე (2018 წელი) შემცირდა. 2018 წლის განმავლობაში რამადი, ალ-კაიმი და ჰადიტია იყო ის რაიონები, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ანბარში დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლას.

2018 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშები ანბარის პროვინციაში სერიოზულად შესუსტდა. თვეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 9.1 ინციდენტი მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2017 წელს 60.6 იყო. ამის ფონზე გაიზარდა „მაღალი სიმძლავრის“ იერიშების პროცენტული წილი – ყველა იერიშის 49%. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 30% იყო. ჯოელ უინგი ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტენდენციების შესახებ წერდა, რომ 2018 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ამბოხებულებმა დიდწილად დატოვეს ანბარის პროვინცია.

სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი – ანბარის უდაბნოს დიდი ნაწილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიძინებულთა ქსელის მიერ გამოიყენება გადაჯგუფებისა და იერიშების ორგანიზებისთვის, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების კუთხით. ანბარის უსაფრთხოების საბჭომ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ პროვინციაში უსაფრთხოების ძალების ნაკლებობაა. თავის მხრივ, უსაფრთხოების ძალებისთვის პრობლემურია ანბარში მუდმივი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად განადგურდა სამალავები და მოხდა იარაღის კონფისკაცია. არასახარბიელო რელიეფი ართულებს საკონტროლო-გამშვები და სათვალთვალო პუნქტების მოწყობას; მხოლოდ სირიასთან საზღვარი 600 კილომეტრს შეადგენს. ფოროვანი საზღვარი სირიასთან დიდი გამოწვევაა ერაყის ხელისუფლებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ინფილტრაციის პრევენციის კუთხით. ქვეყანაში ექსტრემისტთა შედინების პრევენციის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს შექმნას უსაფრთხოების ღობე ალ-ქაიმში; თუმცა, დიდი ეჭვი არსებობს აღნიშნული ღობის ეფექტურობის შესახებ. საზღვრის მიმდებარედ, სირიის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს იკრეფს; მათ მთლიანად დაიკავეს ქალაქ სოუსას ბაღუზის რაიონი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების რაკეტები უკვე რამდენჯერმე მიწვდა ერაყის ტერიტორიას. ყოველივე ამან, შეიძლება, გავლენა იქონიოს ერაყის სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოებაზე, მათ შორის ქალაქ ალ-ქაიმში.

სახალხო მობილიზაციის ძალები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, სჩადიოდნენ რა უსამართლო მკვლელობებს და სხვა სახის მკვლელობებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს. რწმენის ნაკლებობისა და შიშის გამო ბევრი ადგილობრივი თავს იკავებს უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისგან. აღნიშნული საკითხი საჭიროებს შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ტომთა ლიდერების მხრიდან, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სექტის თუ ტომის წარმომადგენლები არიან.

სახალხო მობილიზაციის ძალები გეგმავდნენ ანბარის დატოვებას „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ; თუმცა, მათ გეგმები შეცვალეს, რაც იმით ახსნეს, რომ პროვინციაში ჯერ კიდევ არის ასაფეთქებელი ნივთიერებები და დანაღმული სახლები. ერაყის მთავრობა 2018 წლის იანვარში გეგმავდა სახალხო მობილიზაციის ძალების ანბარიდან გაყვანას, მაგრამ სირიის საზღვართან დაჯგუფების მოძლიერების და ზოგიერთი საერთაშორისო დანაყოფის ტერიტორიიდან გასვლის გამო, სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობა ანბარში გაძლიერდა. ანბარი ერთადერთი სუნიტური პროვინციაა, სადაც სახალხო მობილიზაციის ძალები კვლავ არიან წარმოდგენილნი.

იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ანბარიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა 201,996 პირს; 52,878 პირი გადაადგილებული იყო პროვინციის შიგნით. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ანბარის პროვინცია იკავებდა მეორე ადგილს დაბრუნებულთა მაჩვენებლის მიხედვით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის, პროვინციაში დაბრუნებულთა რაოდენობა 1,290,606 პირს შეადგენდა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის 2019 წლის მონაცემებით, ნინევას შემდეგ, ანბარი კვლავ მეორე ადგილზე იყო დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით (1,352,562 დაბრუნებული). გავრცელებული ინფორმაციით, თემებისა და ტომების ლიდერები დაბრუნებას უკრძალავენ „ისლამური სახელმწიფოს“  წევრების ოჯახებს. მათ ემუქრებიან, რომ მათ შესახებ აცნობებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიან დიდი ოდენობის თანხას.

გზების უსაფრთხოება – ანბარის პროვინციაში უსაფრთხოებაზე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება აგებს პასუხს. მათ შორისაა, არმია, პოლიცია, სუნიტური ტომების დაჯგუფებები, ასევე სახალხო მობილიზაციის ძალები. სხვადასხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტის ადმინისტრირებას სხვადასხვა დაჯგუფება ახდენს. საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოქმედებენ თვითნებურად, იმის მიხედვით, თუ რა დღის წესრიგი აქვს ამა თუ იმ დაჯგუფებას. ადგილობრივები პროვინციის მილიტარიზაციის მაღალ ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას.[2] [3]

[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 17 December 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 27 March 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation (supplement) – Iraq Body Count – civilian deaths 2012, 2017-2018, February 2019

 (accessed on 27 March 2019)