ერაყი. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების მდგომარეობა. დეკემბერი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ მედია ქვეყანაში აქტიურია და გამოხატავს სხვადასხვა შეხედულებებს, ძირითადად მფლობელის პოლიტიკური ხედვის შესაბამისად. მედია თვითცენზურის ობიექტია, რადგან ეშინია მთავრობის მიერ „საჯარო წესრიგის დარღვევის“ წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების და ასევე რეპრესიების პოლიტიკური პარტიების, შეიარაღებული დაჯგუფებების, ტერორისტული ჯგუფების, კრიმინალური ჯგუფების და კერძო პირების, მათ შორის პოლიტიკური ფიგურების მხრიდან. ის მედია საშუალებები, რომლებიც ვერ ახერხებენ რეკლამიდან მიღებული ფინანსებით არსებობას, ძირითადად პოლიტიკური ჯგუფებისგან მიღებულ დაფინასებაზე არიან დამოკიდებული, რაც მიკერძოებულ მაუწყებლობას იწვევს. პოლიტიკური პარტიები აკონტროლებენ რამდენიმე ასეული ყოველდღიური და ყოველკვირეული ბეჭდვითი გამოცემების, ისევე როგორც ათობით რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობების უმეტესობას.

სამთავრობო ძალები ხანდახან ხელს უშლიან ჟურნალისტებს საქმიანობაში, რასაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით ხსნიან. ზოგიერთი მედია ორგანიზაციის მტკიცებით ადგილი აქვს ჟურნალისტების შევიწროვებას და მათ დაპატიმრებებს. გარდა ამისა, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, ხელი შეუშალოს ჟურნალისტებს პოლიტიკურად მგრძნობიარე თემების გაშუქებაში. 2018 წლის ივნისში პოლიციამ დააპატიმრა რეპორტიორი ფალუჯაში, რომელიც იძიებდა ფალუჯის მერიის ხელმძღვანელის კავშირს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სკანდალთან.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში არცერთი ჟურნალისტი არ მოუკლავთ (2017 წლის განმავლობაში 8 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტი მოკლეს). თუმცა ადგილი ჰქონდა ძალადობას და დაშინებებს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტური საქმიანობა კვლავ რთული და საშიშია. უსაფრთხოების მხრივ სერიოზული საფრთხის წინაშე არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ შეიარაღებულ დაპირისპირებებს სამთავრო ძალების, დაჯგუფებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მონაწილეობით. უსაფრთხოების მიზნებით, სამხედრო ოფიციალური პირები ხშირად უკრძალავენ ჟურნალისტებს აქტიური სამხედრო მოქმედებების ზონაში გადაადგილებას.

2018 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც პოლიციამ ან სახალხო მობილიზაციის ძალებმა დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აშუქებდნენ. ივლისში პოლიციამ სავარაუდოდ ელექტროშოკი გამოიყენა და სამი საათის განმავლობაში დააკავა სამი ჟურნალისტი ნეჯაფში, რომლებიც აეროპორტში მიმდინარე აქციას აშუქებდნენ. გავრცელებული ცნობით, სამივე მათგანი იდენტიფიცირებული იყო როგორც ჟურნალისტი, როდესაც მათ პოლიცია თავს დაესხა. ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მინიმუმ 6 ჟურნალისტი დააკავეს ანტი-სამთავრობო აქციების გაშუქებისთვის სხვადასხვა ქალაქში. ამასთან, დემონსტრანტებმა რამდენიმე მედია საშუალების ოფისს ცეცხლი წაუკიდეს.[1] [2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ერაყი ჟურნალისტებისთვის ერთერთი ყველაზე საშიში ადგილია: ისინი ხშირად არიან შეიარაღებული პირების (როგორც სამთავრობო დაჯგუფებების, ასევე ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან) სამიზნეები. ჟურნალისტების მკვლელობა რჩება დაუსჯელი. მაშინაც, როდესაც საქმე აღიძვრება, შედეგი როგორც წესი არ დგება. 2018 წლის ნოემბერში წყაროები წერდნენ, რომ სახალხო მობილიზაციის ძალების სამიზნეს წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები. ასეთი თავდასხმები კი, საერთო ჯამში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახალხო მობილიზაციის ძალების კრიტიკოსთა გაჩუმებაში. ხშირად შიიტური დაჯგუფებები დაშინების ტაქტიკად გატაცებებს იყენებენ. ჟურნალისტები, ასევე შეიძლება იყვნენ ამ ტაქტიკის სამიზნეები თუ მათი სტატიები ერთდროულად კრიტიკული და ფართო აუდიტორიის მქონეა.[3]

2019 წლის ოქტომბერში ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა დაიწყო. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კორუფციას, სამუშაო ადგილების ნაკლებობას და არასათანადო საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებდა. დემონსტრაციები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის განმავლობაშიც მიმდინარეობს. ინტერნეტ მედია საშუალებები, ისევე როგორც საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პერიოდულად წერენ ჟურნალისტური საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ჟურნალისტები დაშავდნენ და ისინი დააკავეს და მაუწყებლობები დახურეს მას შემდეგ, რაც ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა. ორგანიზაციამ დაგმო ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებზე თავდასხმები და მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ობსტრუქციებისგან თავისუფალი გარემო პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის.[4]

ინტერნეტ გამოცემა „Middle East Eye“ 2019 წლის 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ერაყელი ჟურნალისტები, საპროტესტო აქციების გაშუქების გამო, ხელისუფლების მხრიდან რისხვას აწყდებიან. გამოცემა წერს, რომ მედიისთვის შეზღუდვების დაწესება ერაყის ხელისუფლების ტაქტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა პროტესტის ასალაგმად.[5]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წლის 9 დეკემბერს ავრცელებს ინფორმაციას 22 წლის ერაყელი ფოტოგრაფის გატაცების შესახებ. ორგანიზაცია წერს, რომ ზაიდ მოჰამედ აბიდ ალ-ხაფაჯი ბაღდადში, მისი სახლის წინ იდგა, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ოთხმა პირმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა და გაიტაცა. ოჯახმა მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა, რომელთაც განაცხადეს, რომ შემთხვევას გამოიძიებენ. 22 წლის ფოტოგრაფი პირველი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ერაყში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თითქმის ყოველდღე დადიოდა აქციებზე და იღებდა ფოტოებს. ზაიდის ოჯახის განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, იღებდა თუ არა ზაიდი მუქარებს გატაცებამდე.[6]

ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე 2019 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ერაყში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. სტატიის მიხედვით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ერაყში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ. პირველი ფატალური შემთხვევის მსხვერპლი იყო თავისუფალი ფოტოგრაფი ჰიშამ ფარეს ალ-აადჰამი, რომელსაც არაფორმალური დაჯგუფების წევრმა ალ-ხილანის მოედანზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას, მკერდში ესროლა. მეორე მსხვერპლი იყო ამჯედ ალ-დაჰამატი, მწერალი და ჟურნალისტი, რომელსაც 7 ნოემბერს დაუდგენელმა პირმა, მაისანის პროვინციაში, სახლთან ესროლა. უკანასკნელი ფატალური ინციდენტის მსხვერპლი გახდა ფოტოგრაფი აჰმად მუჰანნა, რომელსაც დაუდგენელმა პირმა 6 დეკემბერს, ბაღდადში, ალ-ხილანის მოედანზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას, ზურგში ესროლა.[7]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq, 13 March 2019

 (accessed on 17 December 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019

 (accessed on 17 December 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 17 December 2019)

[4] Committee to Protect Journalists; Journalists injured and detained, broadcasters banned as protests resume in Iraq; 29 October, 2019; available at: https://cpj.org/2019/10/journalists-injured-and-detained-broadcasters-bann.php [accessed 17 December 2019]

[5] Middle East Eye; Iraqi journalists face wrath of authorities over protest coverage; By Azhar Al-Rubaie; 29 November, 2019; available at: https://www.middleeasteye.net/news/journalists-iraqi-authorities-crosshairs-over-protest-coverage [accessed 17 December 2019]

[6] AI – Amnesty International: Photographer abducted outside his home: Zaid Mohammed Abid al-Khafaji: First UA: 170/19 [MDE 14/1539/2019], 9 December 2019

 (accessed on 17 December 2019)

[7] Reporters Without Borders; Iraq: Another Iraqi journalist killed, third since start of protests; 10 December, 2019; available at: https://rsf.org/en/news/iraq-another-iraqi-journalist-killed-third-start-protests [accessed 17 December 2019]