დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 დეკემბერი, 2019

პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილი მიუსაჯეს – პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, გენერალ ფერვეზ მუშარაფს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გადაწყვეტილება 3-კაციანმა კოლეგიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. მუშარაფი ქვეყნის ღალატში ცნეს დამნაშავედ. საქმე 2007 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, როცა მუშარაფმა ქვეყნის კონსტიტუცია გააუქმა, რითაც მმართველობა გაიხანგრძლივა. გენერალმა მუშარაფმა ძალაუფლება 1999 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად მოიპოვა და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 იკავებდა. ამჟამად ის დუბაიში იმყოფება, სადაც 2016 წელს გამოძიების ნებართვით მკურნალობის მიზნით ჩავიდა. მუშარაფი პაკისტანის პირველი სამხედრო ლიდერია, ვინც სასამართლოს წინაშე წარდგა.[1]

პაკისტანში პროფესორს მკრეხელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – 33 წლის ჯუნაიდ ჰაფეეზი 2013 წლის მარტში, სოციალურ მედიაში წინასწარმეტყველ მუჰამედის წინააღმდეგ დამამცირებელი ტექსტების გამოქვეყნების გამო დააპატიმრეს. ჰაფეეზის განაჩენი ქალაქ მულტანში გამოცხადდა, სადაც ის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. Amnesty International-ის შეფასებით, ჯუნაიდ ჰაფეეზის სიკვდილით დასჯის განაჩენი სამართლიანობის უხეში დარღვევაა და უკიდურეს იმედგაცრუებას იწვევს. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს და უზრუნველყოს როგორც დაკავებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება.[2]

2019 წელს მსოფლიოში 49 ჟურნალისტი მოკლეს – 389 ჟურნალისტს თავისუფლება შეუზღუდეს, ხოლო 57 მძევლად აიყვანეს და ტყვეობაში რჩება. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებით, ჟურნალისტის პროფესია საფრთხეებს შეიცავს, თუმცა 2019 წელს მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა, ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. ჟურნალისტები ძირითადად კონფლიქტის ზონებში დაიღუპნენ. 17 ჟურნალისტი საომარ მოქმედებებს სირიაში, ავღანეთსა და იემენში ემსხვერპლა. 2019 წელს ჩინეთსა და თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს.[3]

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 170-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 260 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ამ დროისთვის 171 ადამიანი უკვე დააკავეს. როგორც პოლიცია განმარტავს, ეს ადამიანები იყენებდნენ აპლიკაციას „ByLock“. მთავრობა მიიჩნევს, რომ 3 წლის წინ ორგანიზატორები მისი დახმარებით მოქმედებდნენ. 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს. 2016 წლიდან დღემდე გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 500000-ს აჭარბებს.[4]

ინდოეთში ყოფილ დეპუტატს გაუპატიურების საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა – ინდოეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, „ინდოეთის სახალხო პარტიის“ ყოფილ წევრ კულდიპ სენგარს გაუპატიურების საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 51 წლის სენგარმა კომპენსაციის სახით 2,5 მილიონი რუპია (35 ათასი დოლარი) უნდა გადაიხადოს. ყოფილ დეპუტატს ბრალი 17 წლის გოგოს გაუპატიურებაში ედებოდა. საუბარია 2017 წლის ივნისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც გოგომ სენგარს დასაქმების თხოვნით მიმართა, ის კი გაიტაცეს. ერთი კვირის განმავლობაში მას როგორც სენგარი, ასევე სხვა პირები აუპატიურებდნენ. გასული წლის ივლისში გაუპატიურების მსხვერპლი საეჭვო ავტოავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას გოგოს ორი დეიდა ემსხვერპლა, თავად დაზარალებულმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ გოგოს დედამ ავტოსაგზაო შემთხვევაში კულდიპ სენგარი დაადანაშაულა. საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება „ინდოეთის სახალხო პარტიაში“ კულდიპ სენგარის წევრობას, ის პარტიიდან მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში გარიცხეს.[5]

სირიის კრიზისი – სირიის პროვინცია იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისი შაბათს მომხდარი ავია იერიშების შემდეგ კი უფრო გამწვავდა. ავია იერიშებმა ათასობით ადამიანს აიძულა სახლების დატოვება. შაბათს ქალაქ სარაქებში ავია იერიშებს სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა, ამ კვირაში შეტაკებების შედეგად კი დაახლოებით 140 ადამიანი დაიღუპა. ეს ტერიტორია სირიის არმიისა და რუსეთის ძალების სამიზნე გახდა. გაერომ „დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ“ მოუწოდა მხარეებს. გაეროს განცხადებით, სირიის შეტევების გამო იდლიბის პროვინციაში 60 ათასამდე ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილდა. ჯამში რეგიონში 3 მილიონამდე მაცხოვრებელია. იდლიბის პროვინციაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავება განსაკუთრებით მას შემდეგ შეინიშნება, რაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს. რეზოლუცია კიდევ ერთი წლით უზრუნველყოფდა საზღვარგარეთის დახმარებას პროვინციისთვის.[6]

ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ისევ ძალას იკრებს – ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფი, ორი წლის წინ ქვეყანაში ბოლო ტერიტორიების დატოვებისა და დაკარგვის შემდეგ, ძალებს იკრებს. ამის სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს. ქურთები და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ISIS-ის წევრები ერაყში უფრო დახვეწილად მოქმედებენ და მათი თავდასხმები იზრდება. ქურთი მაღალჩინოსნის ლაჰურ თალაბანის განცხადებით, მებრძოლები ახლა უფრო მეტად გაწვრთნილები და გაცილებით საშიშები არიან ვიდრე „ალ-ქაიდას“ წევრები. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას ოქტომბერში მოკლეს. მოგვიანებით „ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ხალიფა აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014-2015 წლებში დაიკავა. მათმა ძლევამოსილებამ პიკს 2014 წელს მიაღწია. ამის შემდეგ რადიკალების წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკანასკნელი კონტროლირებადი ტერიტორია, სირიაში არსებული დასახლება ბაღუზი, 2019 წლის მარტში დაკარგა.[7]

ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სიკვდილი მიუსაჯეს – საუდის არაბეთში ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალდებულს 5 პირს სიკვდილი მიუსაჯეს. საქმის კიდევ სამ ფიგურანტს 24-24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულთა ვინაობა არ სახელდება. ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. 8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს.[8]

[1] BBC; Pervez Musharraf: Pakistan ex-leader sentenced to death for treason; 17 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50819772

[2] France 24; Pakistani professor sentenced to death for blasphemy; 21 December, 2019; available at: https://www.france24.com/en/20191221-pakistani-professor-sentenced-to-death-for-blasphemy

[3] Reporters Without Borders; RSF yearly round-up: “historically low” number of journalists killed in 2019; 16 December, 2019; available at: https://rsf.org/en/news/rsf-yearly-round-historically-low-number-journalists-killed-2019

[4] Anadolu Agency; ByLock operation in the capital: 171 detention; 17 December, 2019; available at: https://www.aa.com.tr/tr/15-temmuz-darbe-girisimi/baskentte-bylock-operasyonu-171-gozalti/1675619#

[5] BBC; Unnao rape case: Former BJP lawmaker Kuldeep Sengar gets life in jail; 20 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-50864968

[6] DW; Syria: Fears of humanitarian crisis rise after cross-border aid vetoed; 22 December, 2019; available at: https://www.dw.com/en/syria-fears-of-humanitarian-crisis-rise-after-cross-border-aid-vetoed/a-51769940

[7] BBC; ISIS in Iraq: Militants getting stronger again; By Orla Guerin; 23 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50850325

[8] Bloomberg; Five sentenced to death in Khashoggi murder, royal aides cleared; By Donna Abu-Nasr; 23 December, 2019; available at: https://www.bloomberg.com/news/articles/2019-12-23/saudi-arabia-finds-11-guilty-in-jamal-khashoggi-murder