დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 დეკემბერი, 2019

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის ჩრდილოეთით, ბალხის პროვინციაში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას 15 სამხედრო ემსხვერპლა. მთებში განლაგებულ იზოლირებულ საგუშაგოზე იერიში „თალიბანის“ ათობით მებრძოლმა მიიტანა. დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღო.[1]

„თალიბანმა“ ავღანური ორგანიზაციის „სახალხო მოძრაობა მშვიდობისთვის“ 27 წევრი გაიტაცა. მოძრაობის აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მარშებს აწყობენ და ავღანეთში მძვინვარე კონფლიქტის ყველა მხარეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ მოუწოდებენ. აქტივისტები  ქვეყნის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციაში გაიტაცეს. მოძრაობის ლიდერების თქმით, მათ აქტივისტებს უკვე მეოთხედ იტაცებენ. „თალიბანს“ მომხდართან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.[2]

საუდის არაბეთში ნაადრევი ქორწინება აიკრძალა – ახალი კანონმდებლობით, ქორწინებისთვის მინიმალურ ასაკად 18 წელი განისაზღვრა. მათ, ვისაც 18 წლამდე ასაკში მოუნდება დაქორწინება, სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდება, რომელიც სასამართლომ უნდა გასცეს.[3]

სომალიში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა დედაქალაქ მოგადიშუში მოხდა. დანაღმული ავტომობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 28 დეკემბერს აფეთქდა. დაღუპულთა რიცხვმა 75-ს გადააჭარბა, დაშავებულია 90-მდე ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

უკრაინის კრიზისი – უკრაინის მთავრობამ და პრო-რუსმა სეპარატისტებმა პატიმრების გაცვლა დაიწყეს. საუბარია ყველა პატიმარზე. პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 55 კაცს გადასცემენ, თუმცა უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი პატიმართა გაცვლის პროცესში 80 კაცის გადაცემას ელის. თავის მხრივ, კიევი მზად არის, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული 87 პირი გაათავისუფლოს. ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა 23 დეკემბერს განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.[5]

იემენის კრიზისი – სამხედრო აღლუმზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს ათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია და საჯარო კომენტარი არც ჰუსიტების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.[6]

ერაყში აშშ-ის საელჩოს თავს დაესხნენ – ბაღდადში, აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ. დემონსტრანტებმა ერთერთ საგუშაგო კოშკს ცეცხლი წაუკიდეს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა კი ხალხის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს შეიქმნა.[7]

ვაშინგტონი არ აპირებს საელჩოს ევაკუაცია მოხდინოს, პირიქით, შტატები რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. „ირანმა ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, ბევრი დაჭრა. ჩვენ მტკიცედ ვუპასუხეთ და ყოველთვის ასე მოვიქცევით. ახლა კი ირანმა ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა. ისინი სრულად აგებენ პასუხს“, – დაწერა ტრამპმა.[8]

[1] Reuters; Taliban kill 15 in attack on Afghan security checkpoint: local officials; 24 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-kill-15-in-attack-on-afghan-security-checkpoint-local-officials-idUSKBN1YS0K2

[2] BBC; Afghan People’s Peace Movement marchers kidnapped by Taliban; 25 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50911882

[3] Saudi Gazette; Ministry of Justice bans marriage under 18; 23 December, 2019; available at: http://saudigazette.com.sa/article/585608/SAUDI-ARABIA/Ministry-of-Justice-bans-marriage-under-18?fbclid=IwAR3A67z1p8wzGLCBfSMC766MM2X0rJj7ybj95xbix7SgtkmeYfynHHLi8t8

[4] BBC; Rush-hour vehicle bomb kills dozens in Somali capital; 28 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-50932130

[5] Reuters; Ukraine holds big prisoner swap with pro-Russian separatists; By Pavel Polityuk and Vladimir Soldatkin; 29 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-prisoners-swap/ukraine-and-separatists-begin-all-for-all-prisoner-swap-reports-idUSKBN1YX04N?il=0

[6] Reuters; Missile hits military parade in Yemen, killing at least seven; 29 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-blast/blast-hits-military-parade-in-yemen-idUSKBN1YX047?il=0

[7] BBC; US Baghdad embassy attacked by protesters angry at air strikes; 31 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50956111

[8] Reuters; US has no plans to evacuate embassy in Baghdad, more forces being sent to compound; By Idrees Ali and David Brunnstrom; 31 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-trump/trump-blames-iran-for-orchestrating-attack-on-u-s-embassy-in-iraq-idUSKBN1YZ0TD