დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2020

აშშ-ირანის კონფლიქტი – აშშ-მა ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეაჩერა. ამერიკის მოქალაქეებს ურჩევენ, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ. პარალელურად, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც საელჩოს გარეთ იყვნენ შეკრებილნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს. 31 დეკემბერს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო, დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 2019 წლის 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს დაარსდა.[1]

ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, – განაცხადეს პენტაგონში. გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.[2]

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა და ისლამური სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. ერაყის პრემიერმა აშშ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერაყში აშშ-ის სამხედროების ყოფნის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.[3]

აშშ-მა თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია[4] და რეგიონში დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის შესახებ განაცხადა.[5]

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან რაკეტა აფეთქდა. ქალაქის ცენტრში, „მწვანე ზონაში“ რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქებები ქალაქიდან 80 კილომეტრში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებული. მომხდარი ერაყის სამხედრო მეთაურობამაც დაადასტურა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მედიის ცნობით, დაიჭრა 5 ადამიანი.[6]

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანი შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება.[7] ერაყის პარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელიც უცხო ქვეყნების სამხედროებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს.[8] აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყიდან სამხედროებს არ გაიყვანს და ბაღდადს სანქციების დაწესებით დაემუქრა. „ერაყში ძალიან ძვირადღირებული სამხედრო-საჰაერო ბაზა გვაქვს. მის მშენებლობაზე აშშ-ის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ არსად წავალთ, თუ ამ ფულს არ გადაიხდიან. თუ წასვლას გვთხოვენ და ჩვენ ამას ორმხრივი შეთანხმების გარეშე ვიზამთ, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც მათ მანამდე არასდროს უნახავთ. ასეთი სანქციები ირანისთვისაც კი არ დაგვიწესებია“, – განაცხადა ტრამპმა.[9]

ერაყის მთავრობამ თავისი ტერიტორიიდან უცხოელი არმიის გაყვანისთვის მზადება დაიწყო. ქვეყნის შინაგანი ძალების ხელმძღვანელის აბდელ კარიმ ხალიფას თქმით, საერთაშორისო კოალიციის სამხედროებს ხმელეთსა და ჰაერში გადაადგილება შეეზღუდათ. მისივე განმარტებით, საერთაშორისო კოალიციის ძალების მომავალი ფუნქციები მხოლოდ კონსულტაციები, იარაღის მიწოდება და ერაყული ძალების გაწვრთნა იქნება.[10] ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა აშშ-ის არმიისა და პენტაგონის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა.[11]

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ინციდენტი ქალაქ ქვეტაში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა სასაზღვრო სამსახურის ავტომობილის გვერდით გაჩერებულ მოტოციკლეტში ამოქმედდა. დაიღუპა სასაზღვრო სამსახურის ორი თანამშრომელი, 14 კი დაშავდა.[12]

[1] Reuters; US embassy suspends consular operations; 1st January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-diplomacy/u-s-embassy-suspends-consular-operations-idUSKBN1Z01XJ?il=0

[2] US Department of Defense; Statement by the Department of Defense; 2 January, 2020; available at: https://www.defense.gov/Newsroom/Releases/Release/Article/2049534/statement-by-the-department-of-defense/

[3] Reuters; US says terminated top Iran general to thwart attack on Americans; By Ahmed Rasheed, Ahmed Aboulenein, Idrees Ali; 3 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-blast/iran-vows-revenge-after-u-s-kills-top-iranian-commander-soleimani-idUSKBN1Z11K8?il=0

[4] US Embassy and Consulates in Iraq; Security alert – US embassy Baghdad, Iraq; 3 January, 2020; available at: https://iq.usembassy.gov/security-alert-u-s-embassy-baghdad-iraq-january-3-2020/

[5] CNN; US to deploy thousands of additional troops to Middle East following Soleimani killing; 3 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/middleeast/live-news/baghdad-airport-strike-live-intl-hnk/h_e91f3c68f7d8beba7983b7556454b8d4

[6] BBC; Qasem Soleimani: Blasts hit Baghdad area as Iraqis mourn Iranian general; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50995792

[7] AP; Blowback: Iran abandons nuclear limits after IS killing; By Nasser Karimi, Jon Gamdrell and Zeina Karam; 6 January, 2020; available at: https://apnews.com/e043255bd33ab318f71d1947716a5b94

[8] BBC; Qasem Soleimani: Iraqi MPs back call to expel US troops; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50998065

[9] NY Times; Trump threatens Iranian cultural sites, and warns of sanctions on Iraq; 5 January, 2020; available at: https://www.nytimes.com/2020/01/05/us/politics/trump-iran-cultural-sites.html

[10] იმედის ახალი ამბები; ერაყის მთავრობამ ამერიკელ სამხედროებს ქვეყანაში გადაადგილება შეუზღუდა; 6 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125047/erakis-mtavrobam-amerikel-samkhedroebs-qvekanashi-gadaadgileba-sheuzguda

[11] Tehran Times; Majlis designates Pentagon, all its affiliates as terrorists; 7 January, 2020; available at: https://www.tehrantimes.com/news/443873/Majlis-designates-Pentagon-all-its-affiliates-as-terrorists

[12] იმედის ახალი ამბები; პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა; 7 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125110/pakistanshi-apetqebas-mskhverpli-mohkva