ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი კამერუნში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) წერდა, რომ ქვეყანა იმართება ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მართვის მრავალპარტიული სისტემა აქვს, კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობა მისი შექმნის დღიდან (1985) მმართველი პარტიაა. პარტიის ლიდერი პოლ ბია 1982 წლიდან მოყოლებული ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზეა. 2011 წელს იგი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მაგრამ დამკვირვებლებს არ სჯერათ, რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შედეგებზე. 2013 წელს შედგა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დამკვირვებლების შეფასებით არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში და ზოგადად იყო თავისუფალი და სამართლიანი.
ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე, მათ შორის – პოლიციასა და ჟანდარმერიაზე. ქვეყანაში არსებული სოციო-პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კონკრეტული ჯგუფების სავარაუდო მარგინალიზაციის გამო დაიწყო, 2016 წლის ბოლოს გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ კონფლიქტს შედეგად მოჰყვა სერიოზული უფლებადარღვევები როგორ სამთავრობო ძალების, ასევე – ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან.
მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს მიეკუთვნებოდა თვითნებური და უკანონო მკვლელობები როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე – შეიარაღებული ანგოლოფონი სეპარატისტების მიერ; იძლებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებთან, ასევე – ტერორისტულ ორგანიზაცია ბოკო ჰარამთან; უსაფრთხოების ძალებისა და ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან წამება; სეპარატისტებთან სავარაუდო კავშირში მყოფ ეჭვმიტანილთა ხანგრძლივი თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მთავრობის მიერ პერიოდულად დაწესებული შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე; მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და დევნის ფაქტები; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების ძალებსა და საჯარო სექტორში სხვადასხვა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაციის, მათ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კუთხით, ამას ხშირად არ მოჰყოლია საჯარო რეალური სანქციები და დამნაშავეები ზოგჯერ დაუსჯელად განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას.[1]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2019 წლის ანგარიშით (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) კამერუნს არა-თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს და ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების ხარისხს 40-დან 7, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებელს 60-დან 12 ქულით აფასებს. ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში, ქვეყნის ანგლოფონურ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტი გაუარესდა, გაიზარდა სამოქალაქო პირთა დაღუპვის და იძულებითი გადაადგილების შემთხვევებიც. არსებობდა სეპარატისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების სამოქალაქო ომში გადაზრდის საფრთხე. მთავრობა აგრძელებდა სადამსჯელო ღონისძიებათა სერიას იმ ჟურნალისტებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რომლებიც აკრიტიკებდნენ ანგლოფონურ რეგიონებში გატარებულ პოლიტიკას.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ქვეყნის ანგლოფონურ რეგიონებში ფაქტიურად ვერ მოხერხდა, რაც განპირობებული იყო აღნიშნულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობით, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეული იყო სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებს შორის არსებული შეტაკებებით. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბოკო ჰარამთან კონფლიქტის ინტენსივობამ იკლო, ტერორისტები კვლავ აგრძლებდნენ თავდასხმების მოწყობას ქვეყნის „უკიდურეს ჩდილოეთი რეგიონში” (the Far North Region). ამას გარდა, სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მიმართ ვრცელდებოდა ბრალდებები, რომ ისინი აწამებდნენ ბოკო ჰარამთან სავარაუდოდ აფილირებულ პირებს, რომელთა უმრავლესობაც უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.[2]
არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კამერუნის შესახებ 2019 წლის ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) მიხედვით, ქვეყანაში, რომელიც წარსულში სტაბილურობით იყო ცნობილი, 2018 წლის განმავლობაში გახშირდა ძალადობისა და სერიოზული უფლებარაღვევების შემთხვევები. კამერუნის 3 ანგლოფონურ რეგიონში მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაციების სეპარატისტების მიმართ, ადგილი ჰქონდა რადიკალური ისლამისტური ჯგუფის – ბოკო ჰარამის მხრიდან თავდასხმებს უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონში და ფიქსირდებოდა ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესება.
ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში, სამთავრობო უსაფრთხოების ძალები ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: კანონს მიღმა სიკვდილით დასჯის შემთხვევები; კერძო ქონების გადაწვა; უკანონო და თვითნებური დაპატიმრებები; დაკავებულთა წამება და ა.შ. International Crisis Group-ის მიხედვით, 2017 წელს კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, როგორც სამთავრობო ძალების, ასევე – სეპარატისტების ქმედებებს 420-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ბოკო ჰარამის და სეპარატისტებით თავდასხმების შედეგად, უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონიდან დაახლოებით 244 000, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებებიდან – 437 500 სამოქალაქო პირი იძულებით გადაადგილდა.[3]
[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Cameroon; published 13 March 2019; available at
[accessed 9 January 2020][2] Freedom House – Freedom in the World 2019 – Cameroon; published 4 February 2019; available at
[accessed 9 January 2020][3] Human Rights Watch – World Report 2019 – Cameroon; published 17 January 2019; available at
[accessed 10 January 2020]