დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 იანვარი, 2020

აშშ-ირანის კონფლიქტი – ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მედიაში იერიშის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. სარაკეტო დარტყმის სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით მდებარე „აინ ალ-ასადის“ ბაზა გახდა. პენტაგონის ცნობით, თავდასხმა 2 ობიექტზე განხორციელდა. ირანში განაცხადეს, რომ იერიში გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიებაა და აშშ-ს საპასუხო ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.[1] ოფიციალურმა ბაღდადმა ირანის მიერ განხორციელებული იერიში გააკრიტიკა და ირანი ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.[2]

ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადის „მწვანე ზონასთან“ სამი რაკეტა ჩამოვარდა. ერთერთი რაკეტა ამერიკის საელჩოს შენობის სიახლოვეს დაეცა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მწვანე ზონაში“ სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული.[3]

ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა. შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ბომბები ბაზაზე არსებულ ასაფრენ ბილიკს დაეცა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ 80 კილომეტრში მდებარეობს.[4]

ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ტაჯის ბაზა ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

ერაყში რუსეთის სახელმწიფო არხის სააგენტოს „Ruptly“ ოპერატორი სააფ გალი მოკლეს. ოპერატორი დემონსტრაციის შემდეგ მოკლეს, რომელსაც ის ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის აშუქებდა.[6]

ირანმა უკრაინული ავიალაინერის შეცდომით ჩამოგდება აღიარა – უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის წევრები და 180 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი სამხედრო ობიექტებთან ახლოს მიფრინავდა და ის „ადამიანური შეცდომის“ შედეგად ჩამოაგდეს. ირანული მხარე პირობას დებს, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.[7]

თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ – ირანის მიერ უკრაინული ლაინერის ჩამოგდების აღიარების შემდეგ თეირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგები გააჟღერებს და გენერალ ყასემ სულეიმანის ფოტოები დახიეს. ისინი ქვეყნის უზენაესის სასულიერო ლიდერის აიათოლა ხამენეის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. თეირანში საპროტესტო აქციები რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს. მომიტინგეები გამოვიდნენ ლოზუნგებით: „ჩვენი ტელევიზია სამარცხვინოა“, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მკვლელობებზეა პასუხისმგებელი“, „ისინი იტყუებიან, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, ჩვენი მტერი აქ არის“. გავრცელდა რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ მიწაზე დახატულ აშშ-ისა და ისრაელის დროშებს ფეხი არ დააბიჯონ. დემონსტრანტები ყველას, ვინც დროშებს აბიჯებდა უყვიროდნენ „სირცხვილია“. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციები ქალაქ ისპაჰანშიც გაიმართა. აქციებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ირანის ლიდერებს – ნუ მოკლავთ დემონსტრანტებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გიყურებთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ გიყურებთ. ჩართეთ ინტერნეტი და ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის უფლება მიეცით. შეწყვიტეთ დიდებული ირანელი ადამიანების დახოცვა“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 180-მდე მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.[8]

პაკისტანში მეჩეთში აფეთქება მოხდა – ინციდენტს, რომელიც ქალაქ ქვეტაში მოხდა, 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 11 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ინციდენტის მიზეზების დადგენა დაიწყო.[9]

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთში აფეთქების შედეგად 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, კანდაგარის პროვინციაში მოხდა. სამხედროები მთიან რეგიონში ახორციელებდნენ პატრულირებას, როცა გზის პირას ბომბი აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.[10]

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო ოპერაციის დროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ ერთი მეთაური მოკლეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ ერთერთი მეთაური მაჰიბულა კუნდუზის პროვინციაში, იმამ-საიბის მხარეში მოკლეს. მაჰიბულა პაკისტანის მოქალაქე იყო.[11]

[1] იმედის ახალი ამბები; ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა; 8 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125117/iranma-erakshi-amerikul-bazaze-saraketo-ierishi-miitana

[2] იმედის ახალი ამბები; ბაღდადმა ირანი საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა; 8 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125166/bagdadma-irani-sakutari-suverenitetis-dargvevashi-daadanashaula

[3] CNN; Small rockets land near Baghdad’s heavily fortified Green Zone; By Kareem Khadder, Ryan Browne and Barbara Starr; 9 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/2020/01/08/politics/rockets-land-in-green-zone/index.html

[4] Reuters; Four wounded in attack on Iraqi military base that houses US forces; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-base/mortar-bombs-strike-iraqi-military-base-of-balad-four-wounded-military-sources-idUSKBN1ZB0I0

[5] Reuters; Rockets target Taji military base north of Baghdad – statement; 14 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/rockets-target-taji-military-base-north-of-baghdad-statement-idUSKBN1ZD2I2

[6] იმედის ახალი ამბები; ერაყში რუსული სააგენტოს ოპერატორი მოკლეს; 12 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125349/erakshi-rusuli-saagentos-operatori-mokles

[7] AP; Under pressure, Iran admits it shot down jetliner by mistake; By Nasser Karimi and Joseph Krauss; 12 January, 2020; available at: https://apnews.com/21f4a92a2dfbc38581719664bdf6f38e

[8] Reuters; “Our enemy is here”: Iran protesters demand that leaders quit after plane downed; By Parisa Hafezi; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-crash/protests-erupt-again-in-iran-after-military-admits-it-hit-plane-idUSKBN1ZA0X6?feedType=RSS&feedName=topNews

[9] Express; Pakistan mosque attack: Explosion at mosque kills at least 13; By Carly Read; 10 January, 2020; available at: https://www.express.co.uk/news/world/1226728/Pakistan-mosque-attack-news-terror-Quetta-India-world-war-3

[10] Reuters; Roadside bomb kills two US personnel, wounds two more in Afghan south; 11 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast-nato/roadside-bomb-kills-two-u-s-personnel-wounds-two-more-in-afghan-south-idUSKCN1ZA0AD

[11] Tolo News; Taliban commander killed in airstrike; 12 January, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/taliban-commander-killed-airstrike