ერაყი. სადამის რეჟიმის თანამშრომელთა მდგომარეობა. იანვარი, 2020

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ 1968 წლიდან 2003 წლამდე არაბული სოციალისტური ბაასის პარტია მართავდა ერაყს და ძალაუფლება კონცენტრირებული იყო მისი ლიდერის სადამ ჰუსეინის ხელში. 1980-იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის 10% ბაასის პარტიის წევრი იყო. ბაასის პარტია ავტორიტარული რეჟიმი იყო, რომელიც იყენებდა ძალადობას, წამებას, მკვლელობებს და რეპრესიების სხვადასხვა ფორმას მოსახლეობის კონტროლის მიზნით. 2003 წელს რეჟიმის დამხობის შემდეგ მიღებული ახალი კონსტიტუციით ბაასის პარტია აიკრძალა. ერაყის პარლამენტმა 2016 წელს მიიღო კანონი, რომლითაც არაბულ სოციალისტურ ბაასის პარტიას ოფიციალურად აეკრძალა ნებისმიერი პოლიტიკური ან კულტურული ან ინტელექტუალური ან სოციალური აქტივობა ნებისმიერი სახელით და მედიისა და კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

ექსპერტი ერაყის საკითხებში რენად მანსურის მტკიცებით, მიუხედავად საკონსტიტუციო აკრძალვისა, ყოფილი ბაასის პარტიის ნარჩენები კვლავ აქტიური იყო 2016 წელს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტის პერიოდში. 2018 წლის აპრილში ნიდერლანდები სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ 2018 წლის თებერვალში ერაყის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ძებნილი პირების სიაში რამდენიმე ბაასის პარტიის ყოფილი წევრიც იყო შეყვანილი.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის 13 ივნისს მომზადებულ ინფორმაციაში ერაყის შესახებ წერს 2016 წლის კანონის იმპლემენტაციის თაობაზე. ბაასის პარტია, რომელიც 2003 წლიდან აკრძალულია კოალიციური დროებითი ხელისუფლების განკარგულებით, ოფიციალურად აიკრძალა ერაყის პარლამენტის მიერ 2016 წელს. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟენევის სამართლის საერთაშორისო ცენტრის (GICJ) ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივლისს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უკრძალავს „არაბულ სოციალისტურ ბაასის პარტიას ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ან კულტურულ ან ინტელექტუალურ ან სოციალურ აქტივობას ნებისმიერი სახელით და კომუნიკაციისა ან მედიის ნებისმიერი საშუალებით“. აკრძალვა ასევე ეხება სხვა პარტიებს, ვისაც აქვთ ბაასის პარტიის მსგავსი იდეები და პოლიტიკური გზავნილები. კანონში „ბაასისტის“ კლასიფიკაციის მიხედვით, აკრძალვა ეხება „ბაასის პარტიისადმი კუთვნილებას ნებისმიერი სახელით; ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ან ინტელექტუალურ აქტივობაში ჩართულობა, რომელიც წაახალისებს ბაასის პარტიის იდეებს ან ასეთი ჯგუფის წევრობა; ბაასის პარტიის იდეებისა და მოსაზრებების ნებისმიერი  – აუდიო-ვიზუალური მედია თუ ბეჭდვითი ფორმით გავრცელება; ასევე, ნებისმიერ დემონსტრაციასა და აქციაში მონაწილეობა“. კანონის მერვე მუხლი აწესებს, რომ ნებისმიერი ვინც ეცდება გახდეს ბაასის პარტიის წევრი ან ეცდება ნებისმიერი ფორმით გაავრცელოს პარტიის იდეები, აღმოჩნდება ციხეში 10 წლამდე ვადით; ამასთან, კანონის მეცხრე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი, ვინც ეცდება დაეხმაროს ან წვლილი შეიტანოს ბაასის პარტიის იდეებისა და მოსაზრებების გავრცელებაში მედიის საშუალებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ 6 წლის ვადით.

იგივე წყაროს მტკიცებით, 2016 წლამდე დებაასიფიკაციის პოლიტიკის გამოყენება ხდებოდა იმ 150 ათასზე მეტი უდანაშაულო ერაყელის მკვლელობის ლეგიტიმაციისთვის, ვისაც ბაასის პარტიის წევრობაში სდებდნენ ბრალს. ათასობით სხვა ერაყელი იძულებული იყო დაეტოვებინა ერაყი მუქარებისა და დაშინებების გამო.

2018 წლის 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე მედია საშუალებამ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ერაყელი ამომრჩევლები შიშობდნენ პოლიტიკურ სცენაზე ბაასის პარტიის შესაძლო დაბრუნების გამო. 2018 წლის აპრილში ერაყის სამართლიანობისა და პასუხიმგებლობის კომისიამ 374 კანდიდატს აუკრძალა არჩევნებში მონაწილოება; აკრძალვის მიზეზს წარმოადგენდა მათი წინა მიკუთვნებულობა ბაასის პარტიისადმი. გამორიცხულთა შორის უმეტესობა ყოფილი პრემიერის  ეიად ალავის ეროვნული კოალიციის წევრი იყო; ეიად ალავის ხშირად ედავებიან, რომ მისი სუნიტი მხარდამჭერების უმეტესობა ბაასის პარტიიდანაა. ამავე პერიოდში დამოუკიდებელი პოლიტიკოსი სამი ალ-აკსარი აცხადებდა, რომ ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბაასისტების ადგილი არ არის, განსაკუთრებით სადამის ბაასის პარტიაზე დაწესებული აკრძალვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ალ-სადიქუნის ბლოკის თავმჯდომარე ჰასან სალიმი ამტკიცებდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი ბაასისტი კანდიდატი მიიღებდა მონაწილეობას.

2018 წლის იანვარში ეგვიპტური გაზეთი „ალ-აჰრამი“ წერდა გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის „შერიგების გეგმის“ სამუშაო დოკუმენტზე, რომლის მიზანიც იყო ყოფილი ბაასისტების მიმართ შეზღუდვების შემსუბუქება და 2003 წლიდან მიმდინარე დებაასიფიკაციის პროცესის დასრულება. წყაროს მტკიცებით, გაეროს გეგმა იყო ქვეყნის პოლიტიკური ქაოსის დასრულება. აღნიშნული გეგმის შესახებ ამის შემდეგ სხვა დამატებითი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მუქთადა ალ-სადრმა გააფრთხილა პოლიტიკური ჯგუფები, არ ეცადათ ბაასის პარტიის დაბრუნება მოახლოებულ არჩევნებზე. „თუ ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ არ გამოვიჩენთ მოწყალებას“, – განაცხადა მაშინ შიიტმა სასულიერო ლიდერმა, რომლის კოალიციამაც საბოლოოდ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ასევე წერს სადამ ჰუსეინის ოჯახის წევრების, მისი რეჟიმისა და ბაასის პარტიის ყოფილი წევრების მდგომარეობაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის 2015-2016 წლის ანგარიშში მოხსენიებული იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის 2 ყოფილი წევრის მკვლელობა. 2016 წლის 19 აპრილს ამოუცნობმა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, უნომრო მანქანით, ესროლა და მოკლა ერთი პირი ალ-მაქალის რაიონში, ბასრაში. მსხვერპლი იყო ბაასის პარტიის მაღალჩინოსანი. 2016 წლის 27 სექტემბერს, ასევე ბასრაში, ალ-ჯუნაიანას რაიონში, ბაასის პარტიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი მოკლეს.

2018 წლის 4 თებერვალს საუდის არაბეთის ინგლისურ ენოვანი გაზეთი „არაბ ნიუსი“ წერდა 60-კაციანი სიის შესახებ. ეს იყო ერაყის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველაზე მეტად ძებნილ პირთა სია, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ აქტივობებში უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, მათ შორის იყვნენ ყოფილი ბაასისტებიც.

სტატიაში ნათქვამია, რომ სია ბაასის მაღალჩინოსნებს უკავშირებს „მუჰამედის არმიას“, „ნაქშბანდის არმიას“, „მუჯაჰედინების არმიას“, „ალ-ნუსრას არმიას“, „ალ-ქაედასა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“. აქვე აღნიშნულია, რომ სიაში მოხვედრილი ზოგიერთი პირი ასევე შესულია აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში; აღნიშნულ სიაში არიან სადამის დროის მაღალჩინოსნები, რომლებიც შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი 2003 წლის შემდეგ. სიაში შეყვანილია სადამ ჰუსეინის უფროსი ქალიშვილი რაღად სადამ ჰუსეინი, სადამის ძმისშვილები ომარ და აიმან საბავი და აჰმედ უატბან იბრაჰიმ ალ-ჰასანი; ასევე, მისი ბიძაშვილი რაფეია აბდულატიფ ტელფაჰი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სია ბაასის პარტიის ბევრ ისეთ ლიდერსაც მოიცავს, რომელთაც მოახერხეს 2003 წლის შემდეგ პარტიის საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელება. მათ შექმნეს ფიქსირებული და მობილური ქსელები სირიაში, იემენში, ეგვიპტეში იორდანიასა და კატარში, მაშინ როდესაც სხვები ხელმძღვანელობდნენ ერაყის შიგნით მებრძოლ შეიარაღებულ ჯგუფებს.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის 13 ივნისს მომზადებულ ინფორმაციაში ასევე წერს, რომ ჩატარებული კვლევისას, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითადად ტიკრიტზე, ბაღდადსა და ბასრაზე, არ მოიძებნა ინფორმაცია ბაასის პარტიის მხარდამჭერების მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ონლაინ და მედია აქტივისტების შესახებ, ვინც შეიძლება მხარდაჭერას გამოხატავდეს სადამ ჰუსეინის ან ბაასის პარტიის მიმართ.[2] [3]

მედია საშუალება „France 24“ 2018 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ერაყის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება სადამის დროინდელი ოფიციალური პირების ქონების კონფისკაციის შესახებ. განკარგულება ეხებოდა ყოფილი რეჟიმის 4200-ზე მეტ ოფიციალურ პირს. სია მოიცავდა სადამის ბაასის პარტიის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს, სადამის დროინდელ მინისტრებს, უსაფრთხოების ძალების უფროსებს და პარტიის სხვა პირებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ან გარდაცვლილები ან ციხეში არიან და ან უკვე სიკვდილით არიან დასჯილები. სიის სათავეში იყო თავად სადამ ჰუსეინი და მისი შვილები, შვილიშვილები და ნათესავები.[4]

იგივე წყარო 2018 წლის 22 აპრილს წერდა, რომ სადამის დროინდელი 14 მაღალჩინოსანი, 15 წლის შემდეგ, კვლავ საპატიმროში რჩებოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ იმ 55 პირიდან, რომლებიც კოალიციის მიერ ძებნილთა (Most wanted) სიაში იყვნენ, 6 სიკვდილით დასაჯეს, 6 ბრძოლისას მოკლეს, 8 პატიმრობაში გარდაიცვალა, 5 გაქცეულია და 16 ამერიკელებმა 2011 წელს, ერაყის დატოვებამდე, გაათავისუფლეს. პატიმრობაში დარჩენილებს შორის იყვნენ ყოფილი დიქტატორის თავდაცვის მინისტრი, გენერალი სულთან ჰაშიმ აჰმადი, რომელსაც 2007 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი არ აღასრულეს. დანარჩენები არიან ბაასის პარტიის საშუალო რგოლის კადრები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციას იკავებდნენ შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობაში.[5]

[1] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 16 January 2020)

[2] EASO – European Asylum Support Office: 1. Information on the implementation of the 2016 law against Baathism (2016-2018) 2. Treatment of family members of Saddam Hussein, former members of Saddam Hussein’s regime and former Baath members, in Tikrit, Baghdad and Basra (2016-2018) 3. Treatment of Baath party supporters in Tikrit, Baghdad and Basra, including treatment of online/social media activists who express support for Saddam Hussein/Baath party (2016-2018) [Q82], 13 June 2018

 (accessed on 26 February 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 16 January 2020)

[4] France 24; Iraq orders seizure of assets of Saddam-era officials; 5 March, 2018; available at: https://www.france24.com/en/20180305-iraq-orders-seizure-assets-saddam-era-officials [accessed 16 January 2020]

[5] France 24; 14 Saddam-era officials still jailed in Iraq; 22 April, 2018; available at: https://www.france24.com/en/20180422-14-saddam-era-officials-still-jailed-iraq [accessed 16 January 2020]