უკრაინა. დონბასის კრიზისი და დევნილთა მდგომარეობა. იანვარი, 2020

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში – საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საომარმა მოქმედებებმა მეექვსე წლის ათვლა დაიწყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს მნიშვნელოვანი კლება იყო სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის თვალსაზრისით. მსხვერპლის გამომწვევს ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა საარტილერიო იერიშები და ნაღმმტყორცნები, მსუბუქი იარაღიდან ცეცხლი, ნაღმები და ომის აალებადი ნარჩენები. 2019 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა იერიშები სკოლებზე, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. კონფლიქტის ექვსი წლის მანძილზე  სულ 147 ბავშვი იქნა მოკლული.[1]

მედია საშუალება „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო ჯარმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანის პროცესი დაიწყეს. აღნიშნული ფაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ დაადასტურა. „დასახლება ზოლოტეში ძალების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა მან. ძალების გაყვანას ოქტომბრის დასაწყისში ხელმოწერილი „შტაინმაიერის ფორმულა“ ითვალისწინებს. შეთანხმების პირობების შესრულებას ეუთო გააკონტროლებს. „შტაინმაიერის ფორმულა“ დონბასში კონფლიქტის დარეგულირების კომპლექსურ გეგმას წარმოადგენს, რომელიც რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე ეუთოს მონიტორინგით არჩევნები გაიმართება. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ეს სტატუსი დროებითი იქნება, ეუთოს მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ კი სტატუსი მუდმივი გახდება. უკრაინაში დოკუმენტის მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.[2]

მედია საშუალება „როიტერის“ ცნობით, დონბასიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი 2019 წლის ნოემბერში სოფელ პეტროვსკოესთან გაგრძელდა. მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, ეს ბოლო წერტილია, რომელშიც ძალების გაყვანა უნდა მოხდეს. პროცესს ეუთოს წარმომადგენლები აკვირდებიან. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ძალების გაყვანა უახლოეს მომავალში დასრულდება.[3]

მედია საშუალება „როიტერის“ ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის მთავრობამ და პრო-რუსმა სეპარატისტებმა პატიმრების მასშტაბური გაცვლა დაიწყეს. საუბარია ყველა პატიმარზე. პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 55 კაცს გადასცემენ, თუმცა უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი პატიმართა გაცვლის პროცესში 80 კაცის გადაცემას ელის. თავის მხრივ, კიევი მზად არის, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული 87 პირი გაათავისუფლოს. ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა 23 დეკემბერს განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ პატიმრების პირველი ნაკადი 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.[4]

2019 წლის ოქტომბერში უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობა პრეზიდენტს კაპიტულაციაში ადანაშაულებდა და იმ გეგმას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც დონბასში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს და რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს. აქციები ვეტერანთა ასოციაციების და ნაციონალისტური პარტიების ორგანიზებით დაიწყო და მასში ათასობით ადამიანი ჩაერთო.[5]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2020 წლის 5 იანვარს დონბასის რეგიონში სამხედრო დავალებაზე მყოფი ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი სამხედრო სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შედეგად გარდაიცვალა. მეორე კი სამხედრო ავტომობილში დაიღუპა, როდესაც ლუჰანსკის რეგიონში, ცეცხლის ხაზთან მდებარე ქალაქ ხუტირ ვილნისთან ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა. სამხედრო ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი სამხედრო მძიმედ დაშავდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა მოიცავდა 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნიდან ცეცხლის, ხელყუმბარების, მძიმე საავტომობილო იარაღისა და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ხუტირ ვილნი, რომელიც ასევე ცნობილია ზოლოტეს სახელით, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. ქალაქში ამჟამად 20-ზე ნაკლები მოსახლეა.[6]

იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა – საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ მთავრობა კვლავ განაგრძობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს სთხოვს იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციას და რეგულარულად მისვლა-მოსვლას – რეგისტრაციას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმისთვის, რომ ამ ხალხს წვდომა ჰქონდეს სოციალურ სარგებელზე. აღნიშნული რეგულაცია უქმნის სირთულეებს მოხუც ხალხს პენსიის მიღების კუთხით; ბევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ახერხებს რეგულარულად გადაკვეთოს გამყოფი ხაზი და საერთოდ პენსიის გარეშეა დარჩენილი. 2018 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პენსიონერებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციის მოთხოვნა იყო დამატებითი ტვირთი პენსიაზე წვდომის კუთხით. 2018 წლის დეკემბერში კი უზენაესმა სასამართლომ პენსიონერებისთვის განსახლების დადასტურების მოთხოვნა არაკონსტიტუციურად ცნო.

საბაზისო საჭიროებებსა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომა რჩება პრობლემად გამყოფი ხაზის ზოგიერთ წერტილში. 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში მინიმუმ 19 ადამიანი, ძირითადად მოხუცები, დაიღუპნენ გამყოფი ხაზის გადაკვეთისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ საშვებს, რითიც ხდება გამყოფი ხაზის გადაკვეთა, ვადა აღარ გასდის. 2019 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ შემოიღო ელექტრონული ბარათი, რომლის მეშვეობითაც ხდება მოხუცი ხალხისა და შშმ პირების ტრანსპორტირება და გადაყვანა ლუჰანსკის სადგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. 2019 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები გამყოფ ხაზთან დანგრეულ ხიდზე, რითიც მნიშვნელოვნად შეამცირა საფრთხეები გამყოფი ხაზის გადაკვეთის პროცესში.

2019 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა ლუჰანსკის რეგიონში დააპატიმრეს სტუდენტი სერგეი რუსინოვი, რომელიც სოციალურ მედიაში პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებდა, და ტერორიზმის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წლის დეკემბერში, პატიმრების გაცვლის პროცესში, სეპარატისტებმა უკრაინას გადასცეს ჟურნალისტები სტანისლავ ასეევი და ოლეგ ჰალაზიუკი, რომლებიც 2017 წლიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ დონეცკში.[7]

[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Ukraine, 14 January 2020

 (accessed on 21 January 2020)

[2] BBC; Ukraine conflict: Front-line troops begin pullout; 29 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-europe-50221995

[3] Reuters; Ukraine, Russian-backed rebels begin Donbass village withdrawal; 9 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-withdrawal/ukraine-russian-backed-rebels-begin-donbass-village-withdrawal-idUSKBN1XJ07M

[4] Reuters; Ukraine holds big prisoner swap with pro-Russian separatists; By Pavel Polityuk and Vladimir Soldatkin; 29 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-prisoners-swap/ukraine-and-separatists-begin-all-for-all-prisoner-swap-reports-idUSKBN1YX04N?il=0

[5] Reuters; Thousands rally in Kiev to protest autonomy plan for eastern Ukraine; 6 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-rally/thousands-rally-in-kiev-to-protest-autonomy-plan-for-eastern-ukraine-idUSKCN1WL0E8 [accessed 22 January 2020]

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Two Ukrainian Soldiers Killed In Eastern Conflict Zone, 6 January 2020

 (accessed on 21 January 2020)

[7] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Ukraine, 14 January 2020

 (accessed on 21 January 2020)