სირიის კრიზისი – რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშს 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ავია დარტყმები ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციის რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა. სირიის მთავრობამ რუსეთის მხარდაჭერით ავია იერიშები თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 2 დღის შემდეგ განაახლა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბაშარ ასადსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის გაფორმდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიის პროვინცია იდლიბში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ავიაიერიში უარყო. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, იდლიბში იერიშები 9 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ აღარ განხორციელებულა.[1] [2]
ირანში არსებული ვითარება – ირანის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანი ურანს კიდევ უფრო ინტენსიურად გაამდიდრებს. „ირანზე ზეწოლა გაიზრდება, თუმცა ჩვენ პროგრესს განვაგრძობთ. ბირთვული პროგრამა ახლა უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე შეთანხმების ხელმოწერამდე იყო“, – განაცხადა როუჰანიმ. 16 იანვარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს ნიუ-დელიში შეხვდა და 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების საკითხები განიხილა.
15 იანვარს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა. ეს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს ეკუთვნოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა 14 იანვარს დონალდ ტრამპს ირანთან ახალი შეთანხმების შეთავაზება სთხოვა, რომლის ფარგლებში თეირანს არასოდეს ექნება ატომური იარაღი. ჯონსონის გეგმით, ე.წ. „ტრამპის შეთანხმებამ“ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება უნდა ჩაანაცვლოს. 5 იანვარს თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმების სიკვდილს არ ნიშნავს.[3]
პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი პარასკევის ლოცვას გაუძღვება. ირანის უზენაესი ლიდერი პარასკევის ლოცვას იშვიათად კითხულობს. ბოლოს ეს 2012 წელს, „არაბული გაზაფხულის“ დროს მოხდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას პარასკევის ლოცვის შემდეგ დემონსტრაციაზე გამოსვლა სთხოვა, რათა „მთელმა მსოფლიომ ნახოს ირანელი ხალხის ერთიანობა“. პარალელურად ქვეყანაში მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.[4]
იემენის კრიზისი – იემენის ქალაქ მარიბში სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე იერიში განხორციელდა. თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით მოხდა და მას სულ მცირე 111 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით კი დაიჭრა. ბანაკი დედაქალაქ სანადან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამიზნე იქ მდებარე მეჩეთი იყო და თავდასხმაც ისეთ დროს მოხდა, როცა ხალხი სალოცავად იკრიბებოდა. იემენის ხელისულება თავდასხმაში მეამბოხე ჰუსიტებს ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავია იერიშებით ეხმარება. ჰუსიტები დედაქალაქ სანას და სხვა დიდი ქალაქების უმეტესობას აკონტროლებენ და ირანთან კავშირს უარყოფენ.[5]
ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადსა და ბასრაში საპროტესტო აქციების განახლებას მსხვერპლი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა მათ ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ბაღდადში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით უპასუხეს. საერთო ჯამში, აქციების განახლების შემდეგ, დემონსტრაციებზე 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი პოლიციელია. კიდევ ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა.[6] [7]
[1] BBC; Syria war: Air strikes kill 18 in Idlib city despite truce; 15 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51128651?fbclid=IwAR0ssPDEnN9JfJNV1zz1e_ffFFSy3TVwcRA6h2OxMQy-2rersAGaLx4Gzf8
[2] Reuters; Russian denies bombing civilian targets in Syria’s Idlib – RIA; 16 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/syria-security-russia-idlib-int/russia-denies-bombing-civilian-targets-in-syrias-idlib-ria-idUSKBN1ZF2ME?il=0
[3] Aljazeera; Rouhani: Iran enriching more uranium than before 2015 deal; 16 January, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/01/rouhani-iran-enriching-uranium-2015-deal-200116092747030.html
[4] BBC; Iran plane crash; Khamenei defends armed forces in rare address; 17 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51140806
[5] BBC; Yemen war: Death toll in attack on military base rises to 111; 20 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51166943
[6] The Telegraph; Two police officers killed as Iraq protests break out again; 20 January, 2020; available at: https://www.telegraph.co.uk/news/2020/01/20/two-police-officers-killed-iraq-protests-break/
[7] France 24; Five protesters, two police killed in renewed violence in Iraq; 21 January, 2020; available at: https://www.france24.com/en/video/20200121-fiver-protesters-two-police-killed-in-renewed-violence-in-iraq