სომალი. შიდა გადაადგილების ალტერნატივა სომალილენდში. იანვარი, 2020

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ სომალილენდმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც სომალის სახელმწიფოებრიობა ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ სომალილენდი საერთაშორისოდ აღიარებული არაა, მას აქვს საკუთარი პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები და საკუთარი ვალუტა. სომალილენდმა მეტწილად აიცილა თავიდან ის ქაოსი და ძალადობა, რომელმაც სომალი მოიცვა. სომალილენდის მოსახლეობა, დაახლოებით, 3.5 მილიონია და ქალაქი ჰარგისა გამოცხადებულია დედაქალაქად. სომალილენდის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მომთაბარე ან ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. სომალილენდი ესაზღვრება ჯიბუტს დასავლეთით, ეთიოპიას სამხრეთით და პუნტლენდს (სომალის კიდევ ერთი, ასევე არ აღიარებული ნაწილი). გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, სომალელი იძულებით გადაადგილებული პირების თითქმის 3% სომალილენდში ცხოვრობს.

ისააქი სომალილენდის მთავარი კლანია. სომალილენდში ასევე დირი, დარუდი და სხვა კლანები ცხოვრობენ. კლანური სისტემა სომალილენდში უფრო ერთგვაროვანია, ვიდრე სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში. თუმცა, ის მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომალილენდში არ მიაჩნიათ, რომ კლანებზე დაფუძნებული სახელმწიფო აქვთ და ადმინისტრაციული საზღვრებიც ადრე კოლონიური პერიოდის საზღვრებია და არა კლანებს შორის საზღვარი.

ურთიერთობა სომალისა და სომალილენდს შორის დაძაბულია. ფედერალური მთავრობა იბრძვის ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად, მათ შორის სომალილენდზე, რომელიც თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

ტერიტორიის კონტროლი – სახელმწიფო აქტორები – სომალილენდის მთავრობა კონტროლს ახორციელებს თავისი ტერიტორიების უმეტეს ნაწილზე. ბორამა-ჰარგისა-ბერბერა-ბურაოს ზონა, რომელიც სომალილენდის უდიდეს ქალაქებს აერთიანებს, შედარებით მშვიდი და უსაფრთხოა. თუმცა, სომალილენდის აღმოსავლეთ ბოლოები და სასაზღვრო ზონები პუნტლენდთან მოწყვლადია ალ-შაბაბის და სხვა ტერორისტული ჯგუფების ინფილტრაციისადმი. ეს ის ადგილებია, სადაც სომალილენდის პოლიციას, არმიას და სადაზვერვო სამსახურს ყველაზე დიდი გამოცდა აქვთ.

სომალილენდს ჰყავს საკუთარი პოლიცია და შეიარაღებული ძალები, რომლებიც ფედერალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. გაეროს სომალის მხარდაჭერის მისიის პოლიციის (UNSOM) ოფიცრები, რომელთაც სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის მხარდაჭერა ევალებათ, პუნტლენდში არიან განლაგებულნი. სომალილენდში ყველა კლანს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს. მშვიდობიანი მოსახლეობა აწყდება ინტენსიურ დაპირისპირებებს და დავებს სხვადასხვა კლანის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რა დროსაც ისინი სისტემატურად იყენებენ მძიმე არტილერიასაც.

არა-სახელმწიფო აქტორები – დაჯგუფება ალ-შაბაბმა ვერ მოახერხა ფეხის მოკიდება სომალილენდში და არ აღიარებულ სახელმწიფოში დიდი მასშტაბის ტერაქტი 2008 წლის შემდეგ არ განუხორციელებია. სომალილენდში არ დაფიქსირებულა რაიმე აღსანიშნავი აქტივობა ალ-შაბაბის მხრიდან, რაც იმის დამსახურებაა, რომ სომალილენდის მთავრობა გაცილებით სტაბილური და უკეთესად სტრუქტურირებულია, ვიდრე დანარჩენი სომალის შემთხვევაში. კონტროლი დაწესებულია ყველა გზაზე და გადაადგილებისას, ვინც ცდილობს სომალილენდში შესვლას, პასპორტი უნდა წარადგინოს. უსაფრთხოების აპარატი სომალილენდში ეფექტურად მუშაობს. გასულ წლებში იყო იერიშების მცდელობები, თუმცა ისინი ეფექტურად იქნა ჩაშლილი. სომალილენდის მოსახლეობა უფრო ჰომოგენური, ერთგვაროვანია, ვიდრე სომალის სხვა ნაწილებში. აქ წარმოდგენილია ერთი დომინანტი კლანი მასში შემავალი კლანებით. სომალილენდში მკაცრი სოციალური კონტროლია;  საზოგადოებრივი მეთვალყურეობის სისტემა აქტიურად გამოიყენება – ხალხმა ზუსტად იცის, რა ხდება სამეზობლოში.

სანააგი და სოოლი (Sanaag and Sool) – სანააგი და სოოლი სომალილენდსა და პუნტლენდს შორის სადავო ტერიტორიებს წარმოადგეს უკვე ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე. კონფლიქტი აღვივებს არა-სტაბილურობას, ზრდის იძულებით გადაადგილებას და ალ-შაბაბსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს რეგიონში შეღწევის საშუალებას აძლევს. კონფლიქტის მიზეზი რეგიონში კლანების განაწილებაა. სომალილენდს თავისი საზღვრები კოლონიური დაყოფის შესაბამისად აქვს ორგანიზებული, პუნტლენდში კი საზღვრები კლანური განაწილების მიხედვითაა დაწესებული. სანააგსა და სოოლის ნაწილში ცხოვრობენ ის კლანები, რომლებიც პუნტლენდს მიეკუთვნება, თავად რეგიონები კი კოლონიური ეპოქაში ფორმალურად სომალილენდის შემადგენლობაში მოიაზრებოდა. გარდა ამისა, გარკვეულ როლს თამაშობს ასევე რესურსები, რომელთა გამოც ასევე ადგილი აქვს კლანებს შორის დაპირისპირებას.

2018 წელი განსაკუთრებით ძალადობრივი გამოდგა სადავო ტერიტორიებზე. იანვარი-ივნისის პერიოდში ადგილი ჰქონდა 20-მდე შეიარაღებულ კონფრონტაციას. 2018 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კონფრონტაციები ორივე მხარეს, რამაც ათობით მსხვერპლი და დაახლოებით 2500 პირის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. ერთერთი წყარო 200-დან 300-მდე მსხვერპლს ითვლის 2018 წლის იანვარი-მაისის პერიოდში. 2018 წლის იანვარში, ქალაქი ტუკარაქი სოოლის რეგიონში, რომელსაც 2007 წლიდან პუნტლენდი აკონტროლებდა, სომალილენდის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 2019 წლის განმავლობაში სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობის მატება გაგრძელდა.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში ადგილი ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 45 ინციდენტს სანააგსა და სოოლში, მათ შორის 35 ორთაბრძოლას, სამოქალაქო პირებზე ძალადობის 8 შემთხვევას და 2 აფეთქებას. ძირითადი აქტორები იყვნენ სომალილენდის შეიარაღებული ძალები, სამოქალაქო პირები და დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები.

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება სომალილენდში – სომალილენდი სომალის ყველაზე სტაბილურ ნაწილს წარმოადგენს. წყაროები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავარ გამოწვევებად სომალილენდისთვის მიიჩნევენ სასაზღვრო კონფლიქტს პუნტლენდთან და ზოგად კრიმინალს. იშვიათად, სომალილენდში ფიქსირდება იერიშები ალ-შაბაბისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან. საერთო ჯამში 124 ინციდენტი 2018 წლის მარტიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში, რამაც 99 ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია სომალილენდში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სომალის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით. საშუალოდ, აღნიშნულ პერიოდში, ყოველთვიურად ადგილი ჰქონდა 10-მდე ინციდენტს, რასაც 8-მდე ადამიანის მსხვერპლი ახლდა.

სომალილენდი შედარებით მშვიდი და სტაბილური რეგიონია, განსხვავებით სომალის დანარჩენი ტერიტორიისგან, სადაც აფრიკული შეიარაღებული ძალები ეხმარებიან მთავრობას ალ-შაბაბისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია ავდალსა და სელალში ახალი შეიარაღებული დაჯგუფების ავალეს შექმნის შესახებ. გავრცელებული იფნრომაციით, აღნიშნული დაჯგუფება ემუქრებოდა სომალილენდის მთავრობას და უცხოელებს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სომალილენდი. 2019 წლის ნოემბერში სომალილენდის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 37 ინციდენტს ჰქონდა ადგილი სომალილენდში (ავდალი (Awdal), ტოგდჰირი (Togdheer) და ვოქუი გალბიდი (Woqooyi Galbeed)), მათ შორის 11 ორთაბრძოლას, სამოქალაქო პირებზე ძალადობის 16 შემთხვევას და 10 აფეთქებას. ძირითადი აქტორები იყვნენ სამოქალაქო პირები, დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები და სომალის საპოლიციო ძალები. დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო რამდენიმე იერიშზე სომალიში, მათ შორის სომალილენდში თუმცა წყაროებს სომალილენდში ასეთი თავდასხმები არ დაუდასტურებიათ.

იძულებით გადაადგილებული პირები – წყაროები 2019 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ინფორმაციებში აღნიშნავენ, რომ სომალილენდში იძულებით გადაადგილებული პირების დაცვის კუთხით სამართლებრივი ვაკუუმია. ისინი განიცდიან ჯანდაცვის საბაზისო მომსახურებაზე, განათლებაზე, მიწაზე, თავშესაფარსა და დასაქმებაზე წვდომის ნაკლებობას. ისინი აწყდებიან მიწებიდან გაძევებას. ქალები და გოგონები აწყდებიან მათი უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევას და არიან სექსუალური გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ობიექტები.[1]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სომალილენდში 594 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. სომალილენდში ძირითადად ჩადიან ლტოლვილები იემენიდან და დევნილები სამხრეთ და ცენტრალური სომალიდან. სომალილენდის ხელისუფლება თანამშრომლობს გლუკთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან რათა მხარდაჭერა აღმოუჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებს, დაბრუნებულ ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. სომალილენდის პრეზიდენტის აპარატში ფუნქციონირებს ასევე მრჩევლის ოფისი უმცირესობების პრობლემებზე. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგადად სერიოზული შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ სომალილენდში, თუმცა კლანების პოლიტიკა, კონცენტრირებული ძალადობა და ტრადიციებთან თუ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები, ხანდახან პრობლემებს უქმნის არასამთავრობო სექტორის საქმიანობას სომალილენდში.

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბანდების მიერ ჩადენილი გაუპატიურებები კვლავ რჩება პრობლემად ურბანულ ზონებში. დამნაშავეები ძირითადად ახალგაზრდა ბანდები და მამრობითი სქესის სტუდენტები არიან. დანაშაულის ადგილს ძირითადად ღარიბი უბნები წარმოადგენს და უფრო ხშირია იმიგრანტებს, დაბრუნებულ ლტოლვილებს და გადაადგილებულ მოსახლეობას შორის, რომელიც ურბანულ ზონებში ცხოვრობს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა სომალილენდში ქალაქებს გარეთ არის განსახლებული. ადგილობრივები საუბრობენ გავრცელებულ კრიმინალზე, ძირითადად გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ და გენდერზე დაფუძნებულ ძალადობაზე. გამოხატვის თავისუფლებასთან, უმცირესობების უფლებებთან და გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ცენტრშია. ქალების მიმართ ძალადობა რჩება სერიოზულ პრობლემად და ქალები განიცდიან უთანასწორობას როგორც შარიათის, ასევე ჩვეულებითი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში. გარდა ამისა, კულტურული ბარიერები ზღუდავს ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას.[2]

სომალილენდში არსებული ეკონომიკური ვითარების მოკლე მიმოხილვა – სომალილენდის მოსახლეობის 55% მომთაბარე ან ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა; 45% კი ურბანულ ცენტრებსა და პერიფერიულ ქალაქებში ცხოვრობს. სომალილენდის მოსახლეობის 73% სიღარიბეში და 43% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. უმუშევრობა ფართოდაა გავრცელებული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებლით სომალილენდი ბოლო ათეულშია. დასაქმების მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 28%, ხოლო ქალებს შორის 17%-ია. 2010 წელს 15-35 წლის ახალგაზრდობაში უმუშევრობა 75% იყო.[3]

ფრენები სომალილენდის მიმართულებით – სომალილენდის დედაქალაქ ჰარგისაში მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ხორციელდება ფრენები დუბაის, ჯიბუტის და სხვა ქალაქების გავლით და მიმართულებით. საერთაშორისო აეროპორტი არის ასევე ბერბერაში, სადაც ასევე ხორციელდება ბევრი საერთაშორისო ფრენა, ძირითადად დუბაის გავლით. ეთიოპიის ავიახაზებს აქვს პირდაპირი რეისი ადის აბებადან ჰარგისას მიმართულებით. სომალილენდიდან და სომალილენდში ყველა ფრენა ძვირია და არ ხორციელდება დაბალ-ბიუჯეტიანი ფრენა.[4] [5] [6]

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები სომალილენდში – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ სომალილენდის მთავრობა მკაცრად ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ისეთ საკითხებზე, რომელიც განსხვავებული მოსაზრებისაა ან ზოგადად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟურნალისტების თვითნებურ დაკავებებს და მედია საშუალებების დროებით დახურვის ფაქტებს. 2019 წლის თებერვალში ჰარგისას სასამართლომ ერთი წლით შეაჩერა გაზეთის „Foore“ საქმიანობა და რედაქტორი სამი მილიონი სომალილენდური შილინგით (300$) დააჯარიმა. გაზეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს, მას შემდეგ, რაც მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ჰარგისაში ახალი საპრეზიდენტო სასახლის შესახებ. გაზეთის საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა აგვისტოში გააუქმეს. მთავრობა ასევე თვითნებურად აკავებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მქონედ მიჩნეულ პირებს. იანვარში თვითნებურად დააკავეს პოეტი აბდირაჰმან იბრაჰიმ ადანი და დაადანაშაულეს პოლიციის შეურაცხყოფაში, მას შემდეგ, რაც მან სომალილენდში პროცესუალურ დარღვევებს გაუსვა ხაზი. ის მოგვიანებით გაამართლეს და თებერვლის ბოლოს გამოუშვეს.[7]

[1] EASO – European Asylum Support Office: Somalia – Security situation in Puntland and Somaliland (January –15 November 2019): 1. Short description of the region 1.1 Somaliland 1.2 Puntland 2. Control of territory and presence / activities of non-state armed groups 2.1 Somaliland 2.2 Puntland 3. Recent security trends, impact on the civilian population and overview of documented incidents with civilians casualties 3.1 Sanaag and Sool 3.2 Somaliland 3.3 Puntland [Q39], 12 December 2019

 (accessed on 23 January 2020)

[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Somalia: Treatment of returnees in Somaliland by authorities and society; ability of an individual to relocate to Somaliland, including access to employment, housing, and social services (2018-March 2019) [SOM106246.E], 19 March 2019

 (accessed on 24 January 2020)

[3] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Somalia: Treatment of returnees in Somaliland by authorities and society; ability of an individual to relocate to Somaliland, including access to employment, housing, and social services (2018-March 2019) [SOM106246.E], 19 March 2019

 (accessed on 24 January 2020)

[4] KAYAK; Flight tickets; Tbilisi – Hargeisa; available at: https://www.kayak.com/ [accessed 24 January 2020]

[5] Cheapflights; Flight tickets; Tbilisi – Hargeisa; available at: https://www.cheapflights.com/ [accessed 24 January 2020]

[6] Agoda; Flight tickets; Tbilisi – Hargeisa; available at: https://www.agoda.com/?pv=0# [accessed 24 January 2020]

[7] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Somalia, 14 January 2020

 (accessed on 23 January 2020)