ერაყი. უსაფრთხოების ძალების წევრებისა და პოლიციელთა მდგომარეობა. იანვარი, 2020

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, ქალაქებისა თუ ტერიტორიების დაკავების შემდეგ, მიზანში ამოიღო ერაყის უსაფრთხოების ძალების და პოლიციის წევრები და მათთან ასოცირებული პირები. ისინი, ვინც ერთგულებას არ უცხადებდნენ დაჯგუფებას და მათ მიერ შექმნილ ე.წ. სახალიფოს, აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის სასჯელს, მათ შორის შესაძლო სიკვდილით დასჯასაც. დაჯგუფებამ გამოსცა „სინანულის სერტიფიკატი“, რომლის წარდგენასაც სთხოვდნენ მთავრობასთან ასოცირებულ პირებს მათი დაკავების დროს ან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ძებნილთა სია, სადაც იყვნენ უსაფრთხოების ძალების როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი წევრები ან მათთან ასოცირებული პირები, ვინც უარი თქვა „მონანიებასა“ და დაჯგუფების ერთგულებაზე.

მასობრივად სიკვდილით დასჯის ყველაზე ფართოდ ცნობილი მაგალითი შპაიერის ბანაკის ინციდენტია, რომელიც რელიგიურ კონტექსტს ატარებდა, თუმცა რელიგიური მოტივის მიღმა ბევრ სხვა შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც ერაყის უსაფრთხოების ძალების, სახალხო მობილიზაციის ძალებისა და პეშმერგას დატყვევებული წევრები მასობრივად დასაჯეს სიკვდილით. ასეთი მასობრივი მკვლელობები ხდებოდა 2014 წელს და დაჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიისას 2017 წელს. ერაყის უსაფრთხოების ძალების მოსულის დაბრუნების სამხედრო ოპერაციისას უსაფრთხოების ძალების ბევრი წევრი და ბევრი პოლიციელი იქნა გატაცებული, ნაწამები, დატყვევებული ან მოკლული იმის გამო, რომ ისინი ერაყის უსაფრთხოების ძალების წევრები იყვნენ. წყაროების ინფორმაციით, ამ პერიოდში გატაცებული უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის ყოფილი წევრების უმეტესობა დაჯგუფებამ მოკლა. 2018 წელს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ადრე კონტროლირებად ტერიტორიაზე არაერთხელ აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები.

„ისლამური სახელმწიფოს“, როგორც ტერიტორიული ერთეულის, კოლაფსის შემდეგ, დაჯგუფებამ განაგრძო უსაფრთხოების ძალების წევრებზე იერიშები, უკვე საბრძოლო მდგომარეობების მიღმა. მოსახლეობაში ქაოსის დანერგვის მიზნით, სამიზნეები გახდნენ ის სამოქალაქო პირებიც, რომლებიც თანამშრომლობდნენ უსაფრთხოების ძალებთან ან ხელისუფლებასთან. დაჯგუფება ასეთ იერიშებს სახალხო მობილიზაციის ძალების წინააღმდეგ მოქმედებად აფასებდა. წყაროები აღნიშნავენ, რომ დაჯგუფების ძირითად სამიზნეს უსაფრთხოების ძალები, სახალხო მობილიზაციის ძალები და რიგ შემთხვევებში სამთავრობო ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ.

2014 წლიდან მოყოლებული და 2018 წელსაც წყაროების მიერ ათობით ინციდენტი იქნა აღწერილი, როდესაც დაჯგუფების მხრიდან სამიზნეს უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობა, ადგილობრივი გასამხედროებული ჯგუფების წევრები (რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“) და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები წარმოადგენდნენ.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ როდესაც დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი, მათი სამიზნე გახდა მათი წესების მოწინააღმდეგეთა ფართო სპექტრი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც რისკავდა ყოფილიყო გატაცების მსხვერპლი ან მოკლული დაჯგუფების მიერ. ერაყის უსაფრთხოების ძალების, სახალხო მობილიზაციის ძალების, პეშმერგასა და ადგილობრივი პოლიციის წევრები კვლავ მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ დაჯგუფებისთვის. 2018 წლის განმავლობაში დაჯგუფება განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობის წინააღმდეგ ჩრდილოეთ და ჩრდილო-ცენტრალურ (ნინევა, სალაჰადინი და კირკუკი) და ცენტრალურ (დიალა, ანბარი და ბაღდადი) ერაყში. ქმედებები, რომლებიც ასეთი პროფილის ადამიანების მიმართ ხორციელდება არის იმდენად მწვავე ხასიათის, რომ შეიძლება გაუტოლდეს დევნას. თუმცა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების სამოქმედო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა, აღნიშნული პროფილის ადამიანებისთვის დაჯგუფებისგან მომავალი საფრთხე გასულ წლებთან შედარებით შემცირდა. შესაბამისად, აღნიშნული პროფილის ყველა ადამიანი არ დგას დევნის რეალური საფრთხის მაღალი რისკის წინაშე.

2018 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ფოკუსმა დიდწილად იცვალა მიმართულება და ორიენტირი გახდა ადგილობრივი ხელისუფლება. სოფლის ლიდერებზე იერიშების მიზანი იყო კონკრეტული რაიონების მოსახლეობისგან დაცლა. 2018 წლის განმავლობაში მრავალი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ტომების ლიდერები, სოფლის ლიდერები და სხვა პირები დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს და მოკლეს. ქმედებები, რომლებიც ასეთი პროფილის ადამიანების მიმართ ხორციელდება არის იმდენად მწვავე ხასიათის, რომ შეიძლება გაუტოლდეს დევნას. თუმცა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების სამოქმედო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა, აღნიშნული პროფილის ადამიანებისთვის დაჯგუფებისგან მომავალი საფრთხე გასულ წლებთან შედარებით შემცირდა. შესაბამისად, აღნიშნული პროფილის ყველა ადამიანი არ დგას დევნის რეალური საფრთხის მაღალი რისკის წინაშე.[2]

[1] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 29 January 2020)

[2] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 29 January 2020)