რუსეთი. ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. იანვარი, 2020

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე იყო 2019 წლის განმავლობაში. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების ქმედებებს პასუხობდა აკრძალვებით, რეპრესიული კანონებით და საჩვენებელი სისხლის სამართლებრივი საქმეებით. რეკორდული რაოდენობის ხალხი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მოსკოვში, როდესაც ოპოზიციის კანდიდატებს უსაფუძვლოდ აუკრძალეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნულ საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირებით, დაპატიმრებებით და სამართლებრივი დევნით უპასუხა. ძლიერმა რეპრესიებმა გამოიწვია ფართოდ გავრცელებული კამპანია „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“, რამაც ხელისუფლებას აიძულა, რამდენიმე პატიმარი გაეთავისუფლებინათ.

ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა სახალხო შეშფოთება გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვაზე ნარჩენების მართვის პროექტებით გამოწვეული გავლენის შესახებ. აღნიშნული საკითხის გამო დაწყებული საპროტესტო აქციებს ხელისუფლება რუტინულად არბევდა და ავიწროვებდა გარემოს დამცველ აქტივისტებს. მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა ინტერნეტზე და მიიღო კანონები, რომლებიც ინტერნეტის რუსული სეგმენტის იზოლაციის საშუალებას იძლევა. კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კვლავ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა კვლავ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით წინასწარი დაკავების ცენტრებსა და ციხეებში. გრძელდება პროცესი იაროსლავლის ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებათ 2018 წელს პატიმრის ცემა. 2019 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოიძიებდა პეტერბურგის წინასწარი დაკავების დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ცნობებს. სექტემბერში სასამართლომ პირველად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელსაც ეჭვმიტანილის წამებაში ადანაშაულებდნენ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ხშირად უყურადღებოდ ტოვებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და არ სჯის პასუხისმგებელ პირებს.

რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს რელიგიური უმცირესობების უსაფუძვლო დევნას, აცხადებს რა მათ ექსტრემისტებად და ამისთვის იყენებს ზოგადად ფართო განმარტების მქონე ანტი-ტერორისტულ კანონს. პოლიცია კვლავ რასობრივი ნიშნით ასხვავებს არა-სლავური გარეგნობის მოსახლეობას და ისინი ხშირად ხდებიან თვითნებური დაკავებების გამოძალვის მსხვერპლნი.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს არანაირი ფორმის შეიარაღებული კონფლიქტი და, შესაბამისად, ადგილი არ აქვს კონფლიქტის თანმდევ განურჩეველ ძალადობას.[1]

[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Russia, 14 January 2020

 (accessed on 20 January 2020)