დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 იანვარი, 2020

აშშ-ირანის კრიზისი – პენტაგონმა დაადასტურა, რომ ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 34-მა ამერიკელმა სამხედრომ ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო. 17 ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა. თუმცა გასულ კვირას პენტაგონში განაცხადეს, რომ ბაზის 11 თანამშრომელს ტვინის შერყევა ჰქონდა. როცა ტრამპს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამის შესახებ ჰკითხეს, მან ჟურნალისტებს შემდეგი პასუხი გასცა: „როგორც ვიცი, თავი სტკიოდათ და კიდევ რაღაც სიმპტომები აღენიშნებათ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სერიოზული არაფერია. ამას სერიოზულ დაზიანებად არ ვთვლი, იმ ტრავმებთან შედარებით რაც ნანახი მაქვს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ტრავმების შესახებ დაუყოვნებლივ არ იყო ინფორმირებული. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა.[1]

ერაყში არსებული ვითარება – ერაყის თავდაცვის ძალებმა ბაღდადის ცენტრში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა ბანაკი დაარბიეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, ამის შემდეგ კი ტაჰრირის მოედნიდან ბარიკადების და კარვები აღება დაიწყეს. მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ანტისამთავრობო აქციები ერაყში რამდენიმე თვეა იმართება. ბოლო დემონსტრაციაზე, რომელიც 24 იანვარს გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში ამერიკული ჯარის ყოფნა გააპროტესტეს.[2]

ერაყის სამხრეთში, დი-ქარის პროვინციის ქალაქ ნასირიაში სამართალდამცველებთან შეტაკებების დროს სულ მცირე 75 დემონსტრანტი დაიჭრა. დაშავებულთა უმეტესობას ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ქალაქის ცენტრში მოხდა.[3]

ბაღდადში, მწვანე ზონაში, აშშ-ის საელჩოსთან 5 რაკეტა ჩამოვარდა. ერაყის მთავრობის ცნობით, არავინ დაშავებულა და არც საელჩოს ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

ერაყის სამხედრო ძალები აშშ-ის თაოსნობით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ოპერაციაში მონაწილეობას განაგრძობს. ამის შესახებ განცხადება ერაყის სამხედრო უწყებამ გამოაქვეყნა. „ახალი ურთიერთობის დამყარებამდე საერთაშორისო კოალიციის დარჩენილი დროის გამოსაყენებლად გადაწყდა, რომ ერთობლივ ქმედებებს განვაგრძობთ“, – ნათქვამია განცხადებაში. კოალიციამ ოპერაციების დიდი ნაწილი აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, 5 იანვარს შეაჩერა. საერთაშორისო ძალების მთავარი მიზანი კოალიციის ბაზების დაცვა გახდა.[5]

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, „თალიბანის“ წინააღმდეგ 25-26 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 51 მებრძოლი მოკლეს. ქვეყნის 9 პროვინციაში სახელმწიფო ძალებმა 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში მიიტანეს. შედეგად, 51 „ტერორისტი“ დაიღუპა, 13 დაიჭრა, 6 კი დააკავეს. მედიის ცნობით, ბალხის პროვინციაში ავია დარტყმებს სულ ცოტა სამი ქალი და ოთხი ბავშვიც ემსხვერპლა.[6]

მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ღაზნის პროვინციაში თვითმფრინავი ჩამოაგდო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.[7] პენტაგონმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.[8]

[1] BBC; Iran raid left 34 US troops with traumatic brain injuries; 24 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-us-canada-51243888

[2] BBC; Iraqi security forces raid Baghdad protest site; 25 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51247833

[3] იმედის ახალი ამბები; ერაყში პოლიციასთან შეტაკებების დროს 75 ადამიანი დაიჭრა; 26 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/126289/erakshi-politsiastan-shetakebebis-dros-75-adamiani-daichra

[4] Anadolu Agency; US embassy in Baghdad hit by missiles; 26 January, 2020; available at: https://www.aa.com.tr/en/middle-east/us-embassy-in-baghdad-hit-by-missiles/1714832

[5] Reuters; Iraq says anti-IS operations with US coalition resume; 30 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/iraq-says-it-resumes-anti-islamic-state-operations-with-u-s-coalition-idUSKBN1ZT23U

[6] Reuters; Afghan forces launch air, ground attacks on Taliban, killing 51; By Abdul Qadir Sediqi; 26 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attacks-surge/afghan-forces-launch-air-ground-attacks-on-taliban-killing-51-idUSKBN1ZP0EG

[7] Reuters; Taliban says has brought down US military plane in Afghanistan; 27 January, 2020; available at: https://uk.reuters.com/article/uk-afghanistan-airplane-crash-taliban/taliban-says-has-brought-down-us-military-plane-in-afghanistan-idUKKBN1ZQ1N8

[8] Military.com; Air force E-11A networking plane has crashed in Afghanistan, top general confirms; By Oriana Pawlyk; 27 January, 2020; available at: https://www.military.com/daily-news/2020/01/27/air-force-e-11a-networking-plane-has-crashed-afghanistan-top-general-confirms.html