ერაყი. საპროტესტო აქციები და აშშ-ირანის კრიზისის გავლენა უსაფრთხოებაზე. იანვარი, 2020

საპროტესტო აქციები – საპროტესტო აქციები ერაყში 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობას და კორუფციას აპროტესტებდა. ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება ბაღდადში მოხდა, როდესაც დემონსტრანტები გადაკეტილ ტაჰრირის მოედანზე შესვლას ცდილობდნენ. ქვეყნის მთავრობამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაპირისპირებაში პროვოკატორები დაადანაშაულა.

ერაყის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკების მეორე დღეს კომენდანტის საათი ამოქმედდა. შეზღუდვას იქამდე უნდა ემოქმედა, ვიდრე ახალი ზომების შესახებ არ გახდებოდა ცნობილი. კომენდანტის საათი, ბაღდადის გარდა, ერაყის კიდევ სამ ქალაქში გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო აქციები იმართებოდა. დემონსტრანტები სამუშაო ადგილების სიმცირეს, კორუფციასა და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებდნენ. 2 ოქტომბრის მონაცემებით, ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 3 ოქტომბრის ღამეს შეტაკებების შედეგად კიდევ 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.[1]

5 ოქტომბრისთვის ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 3 000-ს აღემატება. ბაღდადში დიდი მოედნების ჩაკეტვის მიუხედავად, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მაინც გრძელდებოდა. აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდა. მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა. სატელევიზიო მიმართვაში ერაყის პრემიერმა ადელ აბდულ მადიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ესმის, მაგრამ ქვეყანაში არსებული პრობლემების „ჯადოსნური გადაწყვეტა“ არ არსებობს.[2]

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, ფატალური შემთხვევების 70% თავსა და გულმკერდის არეში განხორციელებულმა გასროლებმა გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ. „კომიტეტმა დაადგინა, რომ ოფიცრებმა და მეთაურებმა ქვეშევრდომებზე კონტროლი დაკარგეს, რამაც ქაოსი გამოიწვია. სამართალდამცველებს ხელისუფლებისგან დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუღიათ“, – ნათქვამია ანგარიშში. საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 149 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა. მათი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ქვეყნის პრემიერმინისტრ ადელ აბდულ მადის ბრძანებით კომისია შეიქმნა.[3]

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, 25 ოქტომბერს, ანტისამთავრობო აქციები განახლდა. ერაყის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ჰაერში კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. 30-ზე მეტი დემონსტრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.[4] მოგვიანებით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო, რასაც სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა და 2 ათასამდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 სამართალდამცველი იყო. არსებული ინფორმაციით, შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებში შეჭრა სცადეს.[5] აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებს ითხოვენ და კორუფციას აპროტესტებენ. ერაყის მთავრობა და გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ.[6] 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის პრემიერმა ადელ აბდელ მაჰდიმ სპეცრაზმს ბაღდადის ქუჩებში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაშლა დაავალა. ელიტური კონტრტერორისტული სპეცრაზმის მეთაურმა პრემიერისგან მანიფესტანტების დაშლისთვის „ყველა აუცილებელი ზომის“ მიღების შესახებ დავალება მიიღო.[7] 29 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ქერბალაში, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.[8]

31 ოქტომბერს ერაყის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პრემიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება თუ პარლამენტი მისი შემცვლელის კანდიდატურაზე შეთანხმდება, რათა საკონსტიტუციო ვაკუუმი თავიდან იქნას აცილებული. მისივე თქმით, ახალი არჩევნები მხოლოდ მაშინ გაიმართება, რაც ახალი საარჩევნო კანონი დამტკიცდება. ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობასა და კორუფციას აპროტესტებს. ოქტომბრის ბოლო კვირის განმავლობაში, არეულობის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5 ათასზე მეტი დაშავდა.[9]

პირველ ნოემბერს, ერაყში სადამ ჰუსეინის გადაყენების შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ათობით ათასი ერაყელი ბაღდადის ცენტრში შეიკრიბა და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის გადაყენება მოითხოვა. პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ერაყის ადამიანის უფლებათა კომისიის ინფორმაციით, ერთ მომიტინგე ქალს ცრემლმდენი გაზის ქილა თავში მოხვდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 155-მა ადამიანმა მიიღო.[10]

მომდევნო დღეებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებმა ბაღდადისკენ მისასვლელი გზები გადაკეტეს. აქციის ეპიცენტრი ტაჰრირის მოედანზე იყო. არ მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებები, რადგან მომიტინგეებმა მათთან მისასვლელი გზები დაბლოკეს. აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სასწავლებლებში მჯდომარე აქციას მართავდნენ.[11]

3 ნოემბრის ღამეს დემონსტრანტებმა ქალაქ ქარბალაში ირანის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს. აქციის მონაწილეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ირანისგან ერაყის შიდა საქმეებში ჩარევის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მათ საკონსულოს შენობის ღობეზე გადაძრომა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ცეცხლი უსაფრთხოების ძალებმა გაუხსნეს, თუმცა ასევე ვრცელდება ცნობა შეიარაღებული პირის შესახებ, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ სროლა დაიწყო.[12]

16 ნოემბერს, ბაღდადის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. აფეთქება ღამით, ტაჰრირის მოედანთან მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[13]

მომდევნო დღეებში ერაყის რამდენიმე ქალაქში ანტი-სამთავრობო აქციები განახლდა. საპროტესტო აქციები გაიმართა ბაღდადში, კუტში, ნეჯეფში, დივანიაში, ნასირიასა და ბასრაში. აქციებში ათობით ათასი ადამიანი ჩაერთო. ისინი ხიდების დაკავებასა და ავტომაგისტრალების გადაკეტვას ცდილობდნენ.[14]

აქციების განახლებას შეტაკებები მოჰყვა. მორიგ შეტაკებებს ერაყში სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ბაღდადში დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებების შედეგად უკვე 300-ზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული.[15]

24 ნოემბერს, ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მსვლელობისას პოლიციამ რამდენიმე ქალაქში აქციების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.[16] ერაყის ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საკონსულოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება დემონსტრანტების შეჭრამდე მოასწრეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.[17] ერაყში დემონსტრანტების ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა სულ ცოტა 30-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. გასულ თვეში დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ 28 ნოემბერი ყველაზე სისხლიანი იყო. სულ ცოტა ოცი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ნასირიას სამხრეთით აქციის მონაწილეების მიერ დაკავებული ხიდის გაწმენდის დროს. სამართალდამცველებმა ოთხი მომიტინგე მოკლეს ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში მდინარე ტიგროსთან ახლოს, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ასევე რეზინის ტყვიები გამოიყენეს.[18]

ორი თვის განმავლობაში ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრემიერი ადელ აბდულ მაჰდი თანამდებობიდან გადადგებოდა. ერაყელი შიიტების უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, 88 წლის აიათოლა ალი ალ-სისტანიმ განაცხადა, რომ პარლამენტმა, რომელმაც აბდულ მაჰდის ძალაუფლება ჩააბარა, თავისი გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. „მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით პარლამენტს უახლოეს მომავალში მივმართავ“, – ნათქვამი იყო მაჰდის განცხადებაში.[19]

ერაყის პარლამენტმა დააკმაყოფილა პრემიერის ადელ აბდელ მაჰდის თხოვნა და ის თანამდებობიდან გადააყენა. პარლამენტის სპიკერის მუჰამედ ალ-ჰალბუსის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის ჩამოყალიბება იმ პარტიული ბლოკის კანდიდატისთვის უნდა დაევალებინა, რომელიც პარლამენტში მანდატების უმრავლესობას აკონტროლებს.[20]

2020 წლის 20 იანვარს ბაღდადსა და ბასრაში საპროტესტო აქციების განახლებას მსხვერპლი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა მათ ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ბაღდადში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით უპასუხეს. საერთო ჯამში, აქციების განახლების შემდეგ, დემონსტრაციებზე 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი პოლიციელია. კიდევ ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა.[21] [22]

აშშ-ირანის კრიზისი და გავლენა ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე – 2019 წლის  31 დეკემბერს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ. დემონსტრანტებმა ერთერთ საგუშაგო კოშკს ცეცხლი წაუკიდეს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა კი ხალხის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს შეიქმნა.[23]

ვაშინგტონის განცხადებით, ისინი არ აპირებდნენ საელჩოს ევაკუაციას, პირიქით, შტატებმა რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნა გადაწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. „ირანმა ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, ბევრი დაჭრა. ჩვენ მტკიცედ ვუპასუხეთ და ყოველთვის ასე მოვიქცევით. ახლა კი ირანმა ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა. ისინი სრულად აგებენ პასუხს“, – დაწერა ტრამპმა.[24]

2020 წლის პირველ იანვარს აშშ-მა ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეაჩერა. ამერიკის მოქალაქეებს ურჩევდნენ, საელჩოში მისვლისგან თავი შეეკავებინათ. პარალელურად, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც საელჩოს გარეთ იყვნენ შეკრებილნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს.[25]

2 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, – განაცხადეს პენტაგონში. გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.[26]

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა და ისლამური სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. ერაყის პრემიერმა აშშ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერაყში აშშ-ის სამხედროების ყოფნის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.[27]

აშშ-მა თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია[28] და რეგიონში დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის შესახებ განაცხადა.[29]

5 იანვარს, ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან რაკეტა აფეთქდა. ქალაქის ცენტრში, „მწვანე ზონაში“ რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქებები ქალაქიდან 80 კილომეტრში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებული. მომხდარი ერაყის სამხედრო მეთაურობამაც დაადასტურა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მედიის ცნობით, დაიჭრა 5 ადამიანი.[30]

6 იანვარს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანი შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება.[31] ერაყის პარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელიც უცხო ქვეყნების სამხედროებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს.[32] აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყიდან სამხედროებს არ გაიყვანს და ბაღდადს სანქციების დაწესებით დაემუქრა. „ერაყში ძალიან ძვირადღირებული სამხედრო-საჰაერო ბაზა გვაქვს. მის მშენებლობაზე აშშ-ის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ არსად წავალთ, თუ ამ ფულს არ გადაიხდიან. თუ წასვლას გვთხოვენ და ჩვენ ამას ორმხრივი შეთანხმების გარეშე ვიზამთ, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც მათ მანამდე არასდროს უნახავთ. ასეთი სანქციები ირანისთვისაც კი არ დაგვიწესებია“, – განაცხადა ტრამპმა.[33]

7 იანვარს, ერაყის მთავრობამ თავისი ტერიტორიიდან უცხოური არმიის გაყვანისთვის მზადება დაიწყო. ქვეყნის შინაგანი ძალების ხელმძღვანელის აბდელ კარიმ ხალიფას თქმით, საერთაშორისო კოალიციის სამხედროებს ხმელეთსა და ჰაერში გადაადგილება შეეზღუდათ. მისივე განმარტებით, საერთაშორისო კოალიციის ძალების მომავალი ფუნქციები მხოლოდ კონსულტაციები, იარაღის მიწოდება და ერაყული ძალების გაწვრთნა იქნება.[34] ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა აშშ-ის არმიისა და პენტაგონის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა.[35]

9 იანვარს, ბაღდადის „მწვანე ზონასთან“ სამი რაკეტა ჩამოვარდა. ერთერთი რაკეტა ამერიკის საელჩოს შენობის სიახლოვეს დაეცა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მწვანე ზონაში“ სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული.[36]

12 იანვარს, ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა. შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ბომბები ბაზაზე არსებულ ასაფრენ ბილიკს დაეცა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ 80 კილომეტრში მდებარეობს.[37]

ერაყში რუსეთის სახელმწიფო არხის სააგენტოს „Ruptly“ ოპერატორი სააფ გალი მოკლეს. ოპერატორი დემონსტრაციის შემდეგ მოკლეს, რომელსაც ის ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის აშუქებდა.[38]

14 იანვარს, ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ტაჯის ბაზა ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[39]

[1] BBC; Iraq protests: Curfew imposed in Baghdad amid widespread unrest; 3 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49909774

[2] BBC; Iraq protests: Death toll nears 100 as unrest enters fifth day; 5 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49946325?fbclid=IwAR3LGh2s3QVjeSGbiBf3Lq16qXtMdC_IDxYpyYJhMiSbENTVQWUTkB5u-ww

[3] Iraqi security forces killed 149 protesters, most by shot to head, chest: government inquiry; By Ahmed Rashed, Ahmed Aboulenein; 22 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraqi-security-forces-killed-149-protesters-most-by-shots-to-head-chest-government-inquiry-idUSKBN1X116T

[4] ABC News; Protests rattle the postwar order in Lebanon and Iraq; 26 October, 2019; available at: https://abcnews.go.com/International/wireStory/iraqi-police-fire-tear-gas-protesters-hit-baghdad-66519866

[5] Reuters; At least 40 killed as fresh protests engulf Iraq; 25 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/at-least-27-killed-as-fresh-protests-engulf-iraq-idUSKBN1X32SV

[6] BBC; Iraq protests: 40 dead as mass unrest descends into violence; 25 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50181212

[7] Reuters; Iraqi PM orders deployment of elite troops to end Baghdad protests – sources; 27 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests-cts/iraqi-pm-orders-deployment-of-elite-troops-to-end-baghdad-protests-sources-idUSKBN1X50KH

[8] Deutsche Welle; Iraq protests: Deadly clashes in Karbala; 29 October, 2019; available at: https://www.dw.com/en/iraq-protests-deadly-clashes-in-karbala/a-51030396

[9] Reuters; Iraqi PM will only resign if a replacement is found: president; 31 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests-president/iraqi-pm-will-only-resign-if-a-replacement-is-found-president-idUSKBN1XA215

[10] Reuters; Iraqis pour into streets for biggest protest day since Saddam; By Ahmed Aboulenein, Raya Jalabi; 1st November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraqis-pour-into-streets-for-biggest-protest-day-since-saddam-idUSKBN1XB3X5

[11] იმედის ახალი ამბები; დემონსტრანტებმა ბაღდადისკენ მისასვლელი გზები დაბლოკეს; 3 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/120344/demonstrantebma-bagdadisken-misasvleli-gzebi-dablokes

[12] BBC; Iraq unrest: Protesters attack Iranian consulate in Karbala; 4 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50287644

[13] ANI News; 6 killed as bomb explodes amid protests in Iraq’s Tahrir Square; 16 November, 2019; available at: https://www.aninews.in/news/world/middle-east/6-killed-as-bomb-explodes-amid-protests-in-iraqs-tahrir-square20191116093802/

[14] იმედის ახალი ამბები; ერაყის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო აქციები განახლდა; 18 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/121568/erakis-ramdenime-qalaqshi-antisamtavrobo-demonstratsiebi-ganakhlda

[15] იმედის ახალი ამბები; ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა; 22 ნოემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/122007/erakshi-morig-shetakebas-isev-mskhverpli-mohkva

[16] BBC; Iraq protests: Security forces open fire on protesters; 24 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50536334

[17] Reuters; Iraq protesters torch Iran consulate in Najaf, curfew imposed; By John Davison, Ahmed Aboulenein; 27 November 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraq-protesters-torch-iran-consulate-in-najaf-curfew-imposed-idUSKBN1Y11JI?fbclid=IwAR0PWmyIN49cRzkkOrT1FTYNrZYYOZedLeLZq_K4REmJNVbiTdc7xHsmDig

[18] BBC; Iraq unrest: Nearly 40 killed in fresh wave of protests; 28 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50584123

[19] DW; Iraq Prime Minister Adel Abdul Mahdi says he will resign; 29 November, 2019; available at: https://www.dw.com/en/iraq-prime-minister-adel-abdul-mahdi-says-he-will-resign/a-51469003

[20] იმედის ახალი ამბები; ერაყის პარლამენტმა პრემიერი თანამდებობიდან გადააყენა; 1-ელი დეკემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/122673/erakis-parlamentma-premierministri-tanamdebobidan-gadaakena

[21] The Telegraph; Two police officers killed as Iraq protests break out again; 20 January, 2020; available at: https://www.telegraph.co.uk/news/2020/01/20/two-police-officers-killed-iraq-protests-break/

[22] France 24; Five protesters, two police killed in renewed violence in Iraq; 21 January, 2020; available at: https://www.france24.com/en/video/20200121-fiver-protesters-two-police-killed-in-renewed-violence-in-iraq

[23] BBC; US Baghdad embassy attacked by protesters angry at air strikes; 31 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50956111

[24] Reuters; US has no plans to evacuate embassy in Baghdad, more forces being sent to compound; By Idrees Ali and David Brunnstrom; 31 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-trump/trump-blames-iran-for-orchestrating-attack-on-u-s-embassy-in-iraq-idUSKBN1YZ0TD

[25] Reuters; US embassy suspends consular operations; 1st January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-diplomacy/u-s-embassy-suspends-consular-operations-idUSKBN1Z01XJ?il=0

[26] US Department of Defense; Statement by the Department of Defense; 2 January, 2020; available at: https://www.defense.gov/Newsroom/Releases/Release/Article/2049534/statement-by-the-department-of-defense/

[27] Reuters; US says terminated top Iran general to thwart attack on Americans; By Ahmed Rasheed, Ahmed Aboulenein, Idrees Ali; 3 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-blast/iran-vows-revenge-after-u-s-kills-top-iranian-commander-soleimani-idUSKBN1Z11K8?il=0

[28] US Embassy and Consulates in Iraq; Security alert – US embassy Baghdad, Iraq; 3 January, 2020; available at: https://iq.usembassy.gov/security-alert-u-s-embassy-baghdad-iraq-january-3-2020/

[29] CNN; US to deploy thousands of additional troops to Middle East following Soleimani killing; 3 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/middleeast/live-news/baghdad-airport-strike-live-intl-hnk/h_e91f3c68f7d8beba7983b7556454b8d4

[30] BBC; Qasem Soleimani: Blasts hit Baghdad area as Iraqis mourn Iranian general; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50995792

[31] AP; Blowback: Iran abandons nuclear limits after IS killing; By Nasser Karimi, Jon Gamdrell and Zeina Karam; 6 January, 2020; available at: https://apnews.com/e043255bd33ab318f71d1947716a5b94

[32] BBC; Qasem Soleimani: Iraqi MPs back call to expel US troops; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50998065

[33] NY Times; Trump threatens Iranian cultural sites, and warns of sanctions on Iraq; 5 January, 2020; available at: https://www.nytimes.com/2020/01/05/us/politics/trump-iran-cultural-sites.html

[34] იმედის ახალი ამბები; ერაყის მთავრობამ ამერიკელ სამხედროებს ქვეყანაში გადაადგილება შეუზღუდა; 6 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125047/erakis-mtavrobam-amerikel-samkhedroebs-qvekanashi-gadaadgileba-sheuzguda

[35] Tehran Times; Majlis designates Pentagon, all its affiliates as terrorists; 7 January, 2020; available at: https://www.tehrantimes.com/news/443873/Majlis-designates-Pentagon-all-its-affiliates-as-terrorists

[36] CNN; Small rockets land near Baghdad’s heavily fortified Green Zone; By Kareem Khadder, Ryan Browne and Barbara Starr; 9 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/2020/01/08/politics/rockets-land-in-green-zone/index.html

[37] Reuters; Four wounded in attack on Iraqi military base that houses US forces; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-base/mortar-bombs-strike-iraqi-military-base-of-balad-four-wounded-military-sources-idUSKBN1ZB0I0

[38] იმედის ახალი ამბები; ერაყში რუსული სააგენტოს ოპერატორი მოკლეს; 12 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125349/erakshi-rusuli-saagentos-operatori-mokles

[39] Reuters; Rockets target Taji military base north of Baghdad – statement; 14 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/rockets-target-taji-military-base-north-of-baghdad-statement-idUSKBN1ZD2I2