ირანი. ადამიანის უფლებების დაცვა; დემონსტრაციები; აშშ-ირანის კრიზისი. იანვარი, 2020

ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წლის ინვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2019 წლის განმავლობაში ირანში ათობით ადამიანის უფლებათა დამცველს და მშვიდობიან დემონსტრანტს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეპრესიების გამტარებელი შიგა უსაფრთხოების სააგენტოები, კერძოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კვლავ ავიწროვებდა სამოქალაქო აქტივისტებს, აკავებდა და გავრცელებული ინფორმაციით, აწამებდა დაკავების იზოლატორებში. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ირანელთა საბაზისო მედიკამენტებზე წვდომაზე. ხელისუფლება მკაცრად ახშობს მშვიდობიან აქციებს, მათ შორის დასაქმებასთან დაკავშირებულ პროტესტს.

უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, ირანში სიკვდილით დასაჯეს 227 ადამიანი. 2017 წელს იგივე მაჩვენებელი 253 იყო. წყაროების მტკიცებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებმა.

ირანელი ქალები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და ბავშვზე მეურვეობა. ირანის კანონმდებლობა კვლავ უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას ბაჰაიზმის მიმდევრებს. ხელისუფლება ასევე დისკრიმინაციულია რელიგიური უმცირესობების, მათ შორის სუნიტი მუსლიმების და აზერი, ქურთი, არაბი და ბალუჩი ეთნიკური უმცირესობის მიმართ; უზღუდავს რა მათ კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას.[1]

2019 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები – 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, ირანში მთავრობის მიერ საწვავის გაძვირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სირჟანში აქციის მონაწილეებმა ნავთობის საცავის დაწვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ირანის ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. კერძოდ, ხელისუფლებამ დააწესა, რომ ერთმა მანქანამ თვეში 60 ლიტრ საწვავზე მეტი არ უნდა მოიხმაროს. მანამდე დაშვებული რაოდენობა 250 ლიტრს შეადგენდა. საწვავის ღირებულება კი 50%-ით გაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ცვლილებების მიზეზი დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის მხარდაჭერა იყო.[2]

საპროტესტო აქციებმა ქვეყნის 21 ქალაქი მოიცვა. აქციების დროს სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 19 ნოემბრის მდგომარეობით, ხელისუფლების შეფასებით, ვითარება ნორმალიზებული იყო.[3]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აქციების ორგანიზებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. მისი თქმით, არეულობა დასრულდა და ქვეყანამ მორიგი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის მხარდამჭერი სპონტანური აქციები, რომლებიც რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ირანელი ხალხის სიძლიერის ნიშანია.[4]

2019 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში თეირანმა საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ირანული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ პოლიციელებმა კრიმინალები და მეამბოხეები მოკლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის აბდულრეზა რაჰმანი ფაზლის განცხადებით, საპროტესტო აქციებში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და დემონსტრანტებმა 731 ბანკი, 70 ბენზინგასამართი სადგური და 140 საჯარო დაწესებულება დაწვეს. პროტესტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ფაზლის არ დაუსახელებია. „Amnesty International“-ის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 208 ადამიანი დაიღუპა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 400-ს აღემატებოდეს.[5]

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავება – 2019 წლის 31 დეკემბერს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო, დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 2019 წლის 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს დაარსდა. აშშ-მა ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეაჩერა. ამერიკის მოქალაქეებს ურჩია, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ. პარალელურად, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც საელჩოს გარეთ იყვნენ შეკრებილნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს.[6]

2020 წლის 2 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, – განაცხადეს პენტაგონში. გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.[7]

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა და ისლამური სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. ერაყის პრემიერმა აშშ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერაყში აშშ-ის სამხედროების ყოფნის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.[8]

აშშ-მა თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია[9] და რეგიონში დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის შესახებ განაცხადა.[10]

5 იანვარს, ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან რაკეტა აფეთქდა. ქალაქის ცენტრში, „მწვანე ზონაში“ რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქებები ქალაქიდან 80 კილომეტრში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებული. მომხდარი ერაყის სამხედრო მეთაურობამაც დაადასტურა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მედიის ცნობით, დაიჭრა 5 ადამიანი.[11]

6 იანვარს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანი შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება.[12] ერაყის პარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელიც უცხო ქვეყნების სამხედროებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს.[13] აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყიდან სამხედროებს არ გაიყვანს და ბაღდადს სანქციების დაწესებით დაემუქრა. „ერაყში ძალიან ძვირადღირებული სამხედრო-საჰაერო ბაზა გვაქვს. მის მშენებლობაზე აშშ-ის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ არსად წავალთ, თუ ამ ფულს არ გადაიხდიან. თუ წასვლას გვთხოვენ და ჩვენ ამას ორმხრივი შეთანხმების გარეშე ვიზამთ, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც მათ მანამდე არასდროს უნახავთ. ასეთი სანქციები ირანისთვისაც კი არ დაგვიწესებია“, – განაცხადა ტრამპმა.[14]

7 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა აშშ-ის არმიისა და პენტაგონის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა.[15]

8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მედიაში იერიშის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. სარაკეტო დარტყმის სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით მდებარე „აინ ალ-ასადის“ ბაზა გახდა. პენტაგონის ცნობით, თავდასხმა 2 ობიექტზე განხორციელდა. ირანში განაცხადეს, რომ იერიში გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიებაა და აშშ-ს საპასუხო ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.[16] ოფიციალურმა ბაღდადმა ირანის მიერ განხორციელებული იერიში გააკრიტიკა და ირანი ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.[17]

9 იანვარს, ერაყში, ბაღდადის „მწვანე ზონასთან“ სამი რაკეტა ჩამოვარდა. ერთერთი რაკეტა ამერიკის საელჩოს შენობის სიახლოვეს დაეცა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მწვანე ზონაში“ სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული.[18]

12 იანვარს, ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა. შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ბომბები ბაზაზე არსებულ ასაფრენ ბილიკს დაეცა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ 80 კილომეტრში მდებარეობს.[19]

14 იანვარს, ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ტაჯის ბაზა ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[20]

11 იანვარს ირანმა უკრაინული ავია ლაინერის შეცდომით ჩამოგდება აღიარა. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის წევრები და 180 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი სამხედრო ობიექტებთან ახლოს მიფრინავდა და ის „ადამიანური შეცდომის“ შედეგად ჩამოაგდეს. ირანულმა მხარემ პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.[21]

ირანის მიერ უკრაინული ლაინერის ჩამოგდების აღიარების შემდეგ თეირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგები გააჟღერებს და გენერალ ყასემ სულეიმანის ფოტოები დახიეს. ისინი ქვეყნის უზენაესის სასულიერო ლიდერის აიათოლა ხამენეის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. თეირანში საპროტესტო აქციები რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს. მომიტინგეები გამოვიდნენ ლოზუნგებით: „ჩვენი ტელევიზია სამარცხვინოა“, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მკვლელობებზეა პასუხისმგებელი“, „ისინი იტყუებიან, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, ჩვენი მტერი აქ არის“. გავრცელდა რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ მიწაზე დახატულ აშშ-ისა და ისრაელის დროშებს ფეხი არ დააბიჯონ. დემონსტრანტები ყველას, ვინც დროშებს აბიჯებდა უყვიროდნენ „სირცხვილია“. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციები ქალაქ ისპაჰანშიც გაიმართა. აქციებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ირანის ლიდერებს – ნუ მოკლავთ დემონსტრანტებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გიყურებთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ გიყურებთ. ჩართეთ ინტერნეტი და ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის უფლება მიეცით. შეწყვიტეთ დიდებული ირანელი ადამიანების დახოცვა“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 180-მდე მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.[22]

[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Iran, 14 January 2020

 (accessed on 31 January 2020)

[2] DW; Iran: Deadly protests erupt over shock fuel price hike; 16 November, 2019; available at: https://www.dw.com/en/iran-deadly-protests-erupt-over-shock-fuel-price-hike/a-51275142

[3] Amnesty International; Iran: More than 100 protesters believed to be killed as top officials give green lights to crush protests; 19 November, 2019; available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2019/11/iran-more-than-100-protesters-believed-to-be-killed-as-top-officials-give-green-light-to-crush-protests/

[4] Reuters; Iran’s Rouhani claims victory over unrest; 20 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-gasoline-protests/irans-rouhani-claims-victory-over-unrest-and-blames-foreigners-idUSKBN1XU0YW

[5] BBC; Iran protests: State TV acknowledges death during unrest; 3 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50643445

[6] Reuters; US embassy suspends consular operations; 1st January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-diplomacy/u-s-embassy-suspends-consular-operations-idUSKBN1Z01XJ?il=0

[7] US Department of Defense; Statement by the Department of Defense; 2 January, 2020; available at: https://www.defense.gov/Newsroom/Releases/Release/Article/2049534/statement-by-the-department-of-defense/

[8] Reuters; US says terminated top Iran general to thwart attack on Americans; By Ahmed Rasheed, Ahmed Aboulenein, Idrees Ali; 3 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-blast/iran-vows-revenge-after-u-s-kills-top-iranian-commander-soleimani-idUSKBN1Z11K8?il=0

[9] US Embassy and Consulates in Iraq; Security alert – US embassy Baghdad, Iraq; 3 January, 2020; available at: https://iq.usembassy.gov/security-alert-u-s-embassy-baghdad-iraq-january-3-2020/

[10] CNN; US to deploy thousands of additional troops to Middle East following Soleimani killing; 3 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/middleeast/live-news/baghdad-airport-strike-live-intl-hnk/h_e91f3c68f7d8beba7983b7556454b8d4

[11] BBC; Qasem Soleimani: Blasts hit Baghdad area as Iraqis mourn Iranian general; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50995792

[12] AP; Blowback: Iran abandons nuclear limits after IS killing; By Nasser Karimi, Jon Gamdrell and Zeina Karam; 6 January, 2020; available at: https://apnews.com/e043255bd33ab318f71d1947716a5b94

[13] BBC; Qasem Soleimani: Iraqi MPs back call to expel US troops; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50998065

[14] NY Times; Trump threatens Iranian cultural sites, and warns of sanctions on Iraq; 5 January, 2020; available at: https://www.nytimes.com/2020/01/05/us/politics/trump-iran-cultural-sites.html

[15] Tehran Times; Majlis designates Pentagon, all its affiliates as terrorists; 7 January, 2020; available at: https://www.tehrantimes.com/news/443873/Majlis-designates-Pentagon-all-its-affiliates-as-terrorists

[16] იმედის ახალი ამბები; ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა; 8 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125117/iranma-erakshi-amerikul-bazaze-saraketo-ierishi-miitana

[17] იმედის ახალი ამბები; ბაღდადმა ირანი საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა; 8 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125166/bagdadma-irani-sakutari-suverenitetis-dargvevashi-daadanashaula

[18] CNN; Small rockets land near Baghdad’s heavily fortified Green Zone; By Kareem Khadder, Ryan Browne and Barbara Starr; 9 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/2020/01/08/politics/rockets-land-in-green-zone/index.html

[19] Reuters; Four wounded in attack on Iraqi military base that houses US forces; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-base/mortar-bombs-strike-iraqi-military-base-of-balad-four-wounded-military-sources-idUSKBN1ZB0I0

[20] Reuters; Rockets target Taji military base north of Baghdad – statement; 14 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/rockets-target-taji-military-base-north-of-baghdad-statement-idUSKBN1ZD2I2

[21] AP; Under pressure, Iran admits it shot down jetliner by mistake; By Nasser Karimi and Joseph Krauss; 12 January, 2020; available at: https://apnews.com/21f4a92a2dfbc38581719664bdf6f38e

[22] Reuters; “Our enemy is here”: Iran protesters demand that leaders quit after plane downed; By Parisa Hafezi; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-crash/protests-erupt-again-in-iran-after-military-admits-it-hit-plane-idUSKBN1ZA0X6?feedType=RSS&feedName=topNews