სირია. სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. თებერვალი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესის თავისუფლებას; მიუხედავად ამისა, მთავრობა მკაცრად ზღუდავს აღნიშნულ უფლებას და ხშირად ატერორებს, ძალადობს ან კლავს მათ, ვინც ცდილობს აღნიშნული უფლება პრაქტიკაში გამოიყენოს.

კანონი შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებს, რაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მაგალითად, ისეთი გამოხატვა, რომელიც „ასუსტებს ეროვნულ სენტიმენტებს“ ან ცილს სწამებს პრეზიდენტს, სასამართლოს, ჯარს ან საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელს. მთავრობა გამუდმებით ახასიათებს გამოხატვას უკანონოდ და ხალხს არ შეუძლია, რეპრესიების შიშის გარეშე, გააკრიტიკონ მთავრობა საჯაროდ ან პირად საუბრებში. ხელისუფლება ყოველთვის აკვირდება და ამოწმებს პოლიტიკურ შეხვედრებს და იყენებს ინფორმატორების სამსახურს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილია საჯარო საკითხებზე ინფორმაციის მიღების უფლება და აკრძალულია ჟურნალისტების დაპატიმრება, დაკითხვა და ძებნა, პრესისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა ფართოდაა გავრცელებული. მთავრობას კვლავ მძლავრი კონტროლი აქვს დაწესებული ადგილობრივ ბეჭდვით და სამაუწყებლო მედიაზე და კანონი აწესებს მკაცრ სასჯელებს იმ რეპორტიორებისთვის, ვინც არ გაამჟღავნებს წყაროს მთავრობის მოთხოვნის საპასუხოდ. მთავრობა ფლობს რამდენიმე რადიო სადგურს და ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანიების უმეტესობას; ამასთან, ინფორმაციის სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ახალი ამბების ყველა რადიო და სატელევიზიო მაუწყებელს და გასართობ პროგრამებს, რათა ისინი შეესაბამებოდნენ მთავრობის პოლიტიკას.

სამთავრობო ძალები აკავებენ, აპატიმრებენ და ძალადობენ ჟურნალისტებსა და სხვა მწერლებზე, რომელთა საქმიანობა მიჩნეულია სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად. ძალადობა მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა დაშინება, ჟურნალისტების გათავისუფლება და აკრედიტაციის გაგრძელების თხოვნის უგულებელყოფა. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ისინი თვით-ცენზურას იყენებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის, უსაფრთხოების სამსახურებისა თუ ალავიტი რელიგიური ჯგუფების კრიტიკა. მთავრობა აკონტროლებს და ზღუდავს წვდომას ინტერნეტზე და ახდენს ელექტრონული ფოსტისა და სოციალური მედიის ანგარიშების მონიტორინგს.

სირიის მთავრობა ზღუდავს სამეცნიერო თავისუფლებას და კულტურულ ღონისძიებებს. ხელისუფლება, ზოგადად, არ აძლევს აკადემიურ პერსონალს მთავრობის პოლიტიკის საპირისპირო იდეების გამოხატვის უფლებას. განსხვავებული აზრის გამოხატვის ან რეჟიმის ოპონენტების მხარდამჭერი განცხადებების გამო, ხელისუფლება ათავისუფლებს, აპატიმრებს და კლავს კიდეც უნივერსიტეტის პროფესორებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მკაცრადაა შეზღუდული ერთერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის მიერ. სირიის ხელისუფლება კრძალავს რეალურ პოლიტიკურ ოპოზიციას და მძიმედ ზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.

სირიის კონსტიტუცია მხოლოდ ნომინალურად ადგენს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და პრაქტიკაში განსხვავებული სიტუაციაა – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც აკრიტიკებენ სახელმწიფოს, აწყდებიან ცენზურას, დაპატიმრებას, წამებას და შესაძლოა საპატიმროში სიკვდილსაც კი.

სამეცნიერო თავისუფლება მკაცრადაა შეზღუდული. მთავრობა აქტიურად იყენებს თვალთვალის მექანიზმს და მუდმივად თვალს ადევნებს პირად და ონლაინ დისკუსიას და მკაცრად სჯის განსხვავებულ აზრს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არსებული გარემო შედარებით უკეთესია იმ ტერიტორიაზე, სადაც დომინანტური ძალაუფლება არც ხელისუფლებას და არც ამბოხებულებს არ აქვთ; თუმცა, ქურთული ძალები და სხვა ოპოზიციური ფრაქციებიც, გავრცელებული ცნობებით, ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Syria, 13 March 2019

 (accessed on 2 February 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Syria, 4 February 2019

 (accessed on 2 February 2020)