დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2020

ერაყის პრემიერად მუჰამედ ალავი დაინიშნა – მის კანდიდატურაზე ქვეყნის პარლამენტის ფრაქციები შეთანხმდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა ვადა 1-ელ თებერვლამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობაზე სალეჰის მიერ შერჩეული ადამიანი დაინიშნებოდა. 65 წლის ალავის, რომელიც კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 1 თვე აქვს. ერაყის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 2019 წლის ნოემბერში გახდა, როცა საპროტესტო აქციების გამო პოსტი აბდელ მაჰდიმ დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ალავიმ პირობა დადო, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს გაითვალისწინებს. პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრის. არეულობა ერაყში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციის დასრულებას ითხოვენ. საპროტესტო აქციების მსვლელობისას 500-მდე ადამიანი დაიღუპა.[1]

სირიის კრიზისი – აშშ-მა სირიაში არსებული ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზის გაფართოება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯით ვაშინგტონს რეგიონის ნავთობის საბადოებთან თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნება სურს. საუბარია ჰასაკის პროვინციაში არსებულ „ომარის“ და „თალ ბაიდარის“ ბაზებზე. ამერიკელმა სამხედროებმა ბაზების გაფართოების სამუშაოები უკვე დაიწყეს. კერძოდ, „ომართან“ უკვე განლაგებულია შესაბამისი ტექნიკა. „თალ ბაიდარის“ გაფართოების მიზნით კი ვაშინგტონმა ბაზის მახლობლად მდებარე ტერიტორია შეიძინა.[2]

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ბაშარ ასადის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ავია იერიშებს 9 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 7 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. სირიის სამთავრობო ძალების იერიშებს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა ქალაქ ბინიშში, ხოლო რუსი სამხედროების რეიდს ქალაქ ატარებში ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო პერიოდში, მოსკოვის მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა გააძლიერეს დარტყმები იმ რეგიონში, სადაც ჯიჰადისტები დომინირებენ. ავია დარტყმების შედეგად ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.[3]

იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა. თურქეთის ცნობით, საპასუხო ცეცხლს 35 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. იდლიბში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ არსებულ ბოლო დასახლებულ პუნქტში, სირიის სამთავრობო ძალებისა და მისი მხარდამჭერი რუსი სამხედროების იერიშების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა სახლი. დევნილთა ნაწილმა თურქეთის საზღვრებისკენ გადაინაცვლა, რომელიც მხარს ოპოზიციის ძალებს უჭერს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა რეჟიმის მხარდამჭერი 46 სამხედრო ამოიღეს მიზანში და შეუტიეს. მისი თქმით, ჯამში 30-35 სირიელი განეიტრალდა. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ის განცხადებით კი თურქეთის იერიშებს სირიის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთი და თურქეთი იდლიბში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ 2018 წლის შეთანხმდნენ. მორიგი შეთანხმება კი მხარეებმა სოჭში, 2019 წელს გააფორმეს, როცა თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახორციელა, თუმცა იდლიბში იერიშები ორივე მხრიდან გრძელდება.[4]

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური დამასკოსგან იდლიბის პროვინციაში სირიული ჯარის თურქული საგუშაგოების ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვს. მან სირიის მთავრობას ჯარის გასაყვანად დრო თებერვლის ბოლომდე მისცა. „იმედი გვაქვს, რომ ჯარის გაყვანის პროცესი თებერვლამდე დასრულდება. თუ რეჟიმი ამ დროისთვის ამას ვერ მოახერხებს, თურქეთს ამ საქმის გაკეთება თავად მოუწევს“, – განცხადა პრეზიდენტმა. სირია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით იდლიბში მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებს. ეს უკანასკნელი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ. ერთერთი ოპერაციის დროს სირიელმა ჯარისკაცებმა 8 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარამ საპასუხო დარტყმა განახორციელა და ახალი, მყისიერი ქმედებებით დაიმუქრა. ერდოღანის თქმით, შეტევების შედეგად თურქეთისკენ და მის მიერ კონტროლირებად სირიულ ტერიტორიისკენ უკვე თითქმის მილიონი ადამიანი მოძრაობს. „არავის აქვს უფლება ასეთი ტვირთი დაგვადოს მხრებზე“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ე.წ. „დეესკალაციის ზონაში“ 12 საგუშაგო აქვს, რომლებიც 2017 წლის ხელშეკრულებით არის განთავსებული. ერდოღანის თქმით, 2 საგუშაგო სირიის სამთავრობო ძალების საფრონტო ხაზს მიღმა მოექცა.[5]

იემენში ალ-ქაიდას ერთერთი დამფუძნებელი მოკლეს – ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ყასიმ ალ-რიმი მოკლეს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ მეთაურობდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ალ-რიმის ამერიკელების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, მისი სიკვდილი კი „ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ყასიმ ალ-რიმი „ალ-ქაიდას“ ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყასიმ ალ-რიმი იემენის ქალაქ მარიბში დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლეს.[6]

[1] DW; Iraqi president appoints Mohammed Allawi as PM; 1st February, 2020; available at: https://www.dw.com/en/iraqi-president-appoints-mohammed-allawi-as-pm/a-52227661

[2] იმედის ახალი ამბები; აშშ სირიაში სამხედრო ბაზებს აფართოებს; 2 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/126781/anadolu-ashsh-siriashi-arsebul-samkhedro-bazebs-apartoebs

[3] France 24; Air strikes in northwest Syria kill 9 civilians; 2 February, 2020; available at: https://www.france24.com/en/20200202-air-strikes-in-northwest-syria-kill-9-civilians-monitor

[4] BBC; Turkish soldiers killed in Syrian army shelling in Idlib; 3 February, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51354545

[5] Reuters; Turkey’s Erdogan demands Syrian forces in Idlib withdraw; 5 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey/turkeys-erdogan-demands-syrian-forces-in-idlib-withdraw-idUSKBN1ZZ14L

[6] White House; Statement from the President; 6 February, 2020; available at: https://www.whitehouse.gov/briefings-statements/statement-from-the-president-13/