ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე რაკეტა აფეთქდა. „კოალიცია ადასტურებს, რომ ერაყში მდებარე ბაზაზე მცირე ზომის რაკეტები აფეთქდა. მსხვერპლი არაა, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი დასავლური კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მაილს კეგინსმა. სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.[1]
სირიის კრიზისი – რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს. რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს. სამთავრობო ძალებმა ალეპოს ძირითად ნაწილზე, 2012 წლის შემდეგ, კონტროლი პირველად დაამყარეს.[2]
ავღანეთში არსებული ვითარება – აშრაფ ღანი ავღანეთის პრეზიდენტად გამოცხადდა. მეორე ადგილზე პრემიერი აბდულა აბდულა გავიდა. არჩევნები ქვეყანაში 2019 წლის 28 სექტემბერს გაიმართა, შედეგები კი 5 თვის შემდეგ გამოცხადდა. ოპოზიცია მთავრობას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.[3]
აშშ და თალიბანი სამშვიდობო შეთანხმებას 19 თებერვალს გააფორმებენ. „მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ „თალიბანთან“ ავღანეთში ძალადობის მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით. ეს დიდი ნაბიჯია მშვიდობამდე მიმავალ გრძელ გზაზე და ყველა ავღანელს მოვუწოდებ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. ეს ინფორმაცია „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმაც დაადასტურა. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ორივე მხარე მაღალი რანგის პირებით იქნება წარმოდგენილი.[4]
აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი – პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინულ პოზიციებზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა. „ის, რაც დღეს მოხდა, პროვოკაცია არ იყო. „ბოევიკებს“ სურდათ სათვალთვალო პუნქტების ხელში ჩაგდება. შედეგად, ჩვენი ერთი სამხედრო დაიღუპა, სამი დაჭრილია, ხოლო კიდევ ორს კონტუზია აქვთ“, – განაცხადა მან. დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა გამთენიისას მიიტანეს. რამდენიმე საათის შემდეგ ბრძოლა დასრულდა, უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა.[5]
თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს – თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 98 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ 98 ადამიანიდან 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. დაკავების ოპერაცია ქვეყნის 15 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში. უკვე დაკავებულია 50 ადამიანი.[6]
პაკისტანში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა – პაკისტანში, ქალაქ კვეტაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის მანქანასთან აიფეთქა თავი.[7]
ინდოეთში ქალი სამხედროები მაღალი თანამდებობების დაკავებას შეძლებენ – ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობების დაკავების უფლება მიეცათ. ქვეყანაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. კომისიისთვის მიმართვის უფლება ნებისმიერ ქალ სამხედროს ექნება. მთავრობა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოსამართლემ მთავრობის არგუმენტებს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული უწოდა. „ქალების ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მათ უფლებებთან არაფერი აქვთ საერთო. ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.[8]
აზერბაიჯანში 100-ზე მეტი აქტივისტი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააკავეს – აქციის მონაწილეები საპარალამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებდნენ. „ნამდვილი პარტიის“, „მუსავატის“ და მოძრაობა „D18-ის“ ლიდერები საკუთარ სახლებში ან პარტიების ოფისებთან დააკავეს. პარალელურად, ქვეყნის საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მოსულ აქტივისტებს აკავებდნენ. სამართალდამცველები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტიამ 125 მანდატიდან 72 მოიპოვა. ოპოზიცია შედეგების გაუქმებას ითხოვს.[9]
[1] Reuters; Rockets hit US coalition base in Baghdad, no casualties; 16 February; 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/blasts-hit-u-s-coalition-base-in-baghdad-damage-unknown-idUSKBN20A00Y
[2] Middle East Eye; Syrian government forces consolidate grip around Aleppo; 16 February, 2020; available at: https://www.middleeasteye.net/news/syrian-government-forces-consolidate-grip-around-aleppo
[3] Reuters; Ghani named winner of disputed Afghan poll, rival also claims victory; By Abdul Qadir Sediqi and Orooj Hakimi; 18 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-election-result/ashraf-ghani-declared-winner-of-afghan-presidential-poll-idUSKBN20C1PZ
[4] Al Jazeera; US-Taliban truce begins, raising hopes of peace deal; By Shereena Qazi; 22 February, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/02/pact-taliban-reducing-violence-start-saturday-200221094340829.html
[5] იმედის ახალი ამბები; პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედრო მოკლეს; 18 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/128247/prorusma-separatistebma-ukraineli-samkhedro-mokles
[6] იმედის ახალი ამბები; თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს; 18 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/128177/turqetshi-giulentan-kavshiris-gamo-100mde-adamianis-dakavebis-orderi-gastses
[7] Reuters; Suicide blast kill 10 in southwestern Pakistan city of Quetta; By Gul Yousafzai; 17 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast/suicide-blast-kill-10-in-southwestern-pakistan-city-of-quetta-idUSKBN20B1B5?il=0
[8] NDTV; Women army officers can get command roles. Top court slams stereotypes; 17 February, 2020; available at: https://www.ndtv.com/india-news/will-women-officers-command-army-units-supreme-court-to-decide-today-2181129?pfrom=home-topscroll
[9] Reuters; Azeri police detain opposition leaders, block protest against election result; 16 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-azerbaijan-election-opposition/azeri-police-detain-opposition-leaders-block-protest-against-election-result-idUSKBN20A0F3