დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-29 თებერვალი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – აშშ-მა და „თალიბანმა“ ავღანეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა. ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბანის“ ლიდერი ესწრებოდნენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში, 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ, მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.[1]

სირიის კრიზისი – იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. „იდლიბში ასადის რეჟიმის მხარდაჭერებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ჩვენს სამხედროებზე. თავდასხმის შედეგად ჩვენი 33 სამხედრო დაიღუპა“, – განაცხადა ხათაის პროვინციის გუბერნატორმა, რახმი დოგანმა. მისივე თქმით, თურქ სამხედროებს შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც.[2]

ინციდენტის შესახებ საუბრისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. „27 თებერვალს, დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში თურქი სამხედროები სირიის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. თურქი სამხედროები ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ „27 თებერვალს ტერორისტთა დაჯგუფება „ჰაიატ ტახრირ ან-შამი“ იდლიბის დეესკალაციის ზონაში შეეცადა, შეტევა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე განეხორცილებინა“. ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარის მიერ დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრისთვის გადმოცემული კოორდინატების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები არ იყვნენ და არ უნდა ყოფილიყვნენ დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში.[3]

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვალდებულები არ ვართ, ამდენი მიგრანტი მივიღოთ. ევროპა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერს აკეთებს. ამიტომ გუშინ ჩვენ საზღვრები გავხსენით“, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, გუშინ ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, დღეს კი ამ რიცხვმა შესაძლოა 30 ათასს მიაღწიოს. ერდოღანის განცხადებით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს. იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე, თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა დევნილებისა და ლტოლვილების ტალღას, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აღარ შეაჩერებს. თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. 2016 წლის შეთანხმებით, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით.[4]

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა – საავადმყოფოებში 200 დაშავებულია მოთავსებული. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებს და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. კანონი მოქალაქეობის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. თუმცა კანონი მხოლოდ არა მუსლიმებზე ვრცელდება, რაც ინდოეთის მოსახლეობის ნაწილის პროტესტს იწვევს.[5]

[1] BBC; Afghan conflict: US and Taliban sign deal to end 18-year war; 29 February, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-51689443

[2] იმედის ახალი ამბები; სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა; 28 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/129408/siriashi-idlibis-provintsiashi-sahaero-dartkmis-shedegad-33-turqi-samkhedro-daigupa

[3] იმედის ახალი ამბები; რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ; 28 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/129438/rusetis-tavdatsvis-saministro-siriashi-turqi-samkhedroebi-boevikebs-shoris-imkopebodnen

[4] Daily Sabah; Erdogan vows to keep gates open for refugees to enter EU; 29 February, 2020; available at: https://www.dailysabah.com/politics/eu-affairs/erdogan-vows-to-keep-gates-open-for-refugees-to-enter-eu

[5] The Guardian; Delhi protests: death toll climbs amid worst religious violence for decades; 26 February, 2020; available at: https://www.theguardian.com/world/2020/feb/26/delhi-protests-death-toll-climbs-amid-worst-religious-violence-for-decades