იემენი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. მარტი, 2020

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში იემენის შესახებ წერს, რომ იემენში კონფლიქტი გრძელდება ახალი და განახლებული საბრძოლო კერებით ადენში, დჰალეში, ჰაიაჰში, სადასა და ტაიზში, პროვინციებში, რომლებიც გადაჭიმულია ქვეყნის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა და პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა, ამავდროულად, მისი ძალაუფლება გამოწვევების წინაშეა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც სეპარატისტული ძალები, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერილი სამხრეთის გარდამავალი საბჭო და მისი სამხედრო ფრთა – უსაფრთხოების ქამარი, გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, ეფექტურად აკონტროლებენ ადენს, აბიანს და შაბვას. რამდენიმედღიანი შეტაკებები პრეზიდენტის მომხრე ძალებსა და უსაფრთხოების ქამრის ძალებს შორის გამოიწვია პრეზიდენტის სასახლესთან 2019 წლის 7 აგვისტოს მომხდარმა ინციდენტმა. პრეზიდენტის სასახლესთან ატყდა სროლა მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ამბოხებული ჰუტების მიერ სამხედრო აღლუმზე განხორციელებული ავია იერიშების შედეგად დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა. ამბოხებული ჰუტები აკონტროლებენ დედაქალაქ სანას და იემენის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს.

2019 წლის ოქტომბერში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ ჯარები გაყავდათ ადენიდან. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათ თავიანთი როლი ადენის გათავისუფლებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში უკვე შეასრულეს. ამასთან, მათი თქმით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან საბრძოლველად, ისინი წარმომადგენლობას ტოვებდნენ რამდენიმე პროვინციაში. საუდის არაბეთი საკუთარ თავზე იღებს იემენის სამხრეთში ყველა კოალიციური ძალის და იემენის დასავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების კონტროლს.

კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ჰუტების ძალები, რომლებიც ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ახორციელებენ განურჩეველ ავია იერიშებს საცხოვრებელ ტერიტორიებზე იემენში და ასევე განურჩევ სარაკეტო იერიშებს საუდის არაბეთის მიმართულებით. კოალიციური ძალები კვლავ ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ახორციელებენ განურჩეველ თავდასხმებს, რაც იწვევს ასობით სამოქალაქო პირის სიკვდილის თუ დაშავებას. კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მიმართავს რა თვითნებურ დაკავებებს, იძულებით გაუჩინარებებს, წამებას და სხვა არა-ადამიანურ მოპყრობას. სამიზნეებს, მათ შორის, წარმოადგენენ ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ბაჰაიზმის მიმდევარი საზოგადოება. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა დაუსჯელად ხდება. კონფლიქტს კვლავ მძიმე გავლენა აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. გაჭიანურებული კონფლიქტი კიდევ უფრო ამწვავებს ქალთა და გოგონათა მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში იემენის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტი იწვევს ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისს მსოფლიოში. მონაწილეები მხარეების მიერ ათასობით მშვიდობიანი იემენელი მოკლული ან დაშავებულია. „Yemen Data Project“-ის მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ, 18 ათასამდე სამოქალაქო პირია მოკლული ან დაშავებული; საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულთა მეოთხედი ქალი და ბავშვია. 20 მილიონზე მეტი ადამიანი იემენში მოწყვლადია სურსათის უსაფრთხოების კუთხით. მათგან 10 მილიონი შიმშილის საფრთხის წინაშეა. ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც კონფლიქტამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით დაზიანებულია კონფლიქტის შედეგად. ასობით ათასი ოჯახი მდგრადი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი და ბევრი საჯარო მოხელე, უკვე წლებია, რეგულარულად ვერ იღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას. ქვეყნის მოშლილი ეკონომიკა ამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „კონფლიქტურ პირობებში მყოფი სამოქალაქო პირების ცენტრი“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში იემენის შესახებ წერს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობა იბრძვის გადარჩენისთვის, ისინი მუდმივად აწყდებიან სიკვდილს, დაზიანებებსა თუ საკუთარი სახლების განადგურებას საჰაერო იერიშების, დაბომბვების, სნაიპერების თავდასხმების, ნაღმებისა თუ იძულებითი გაუჩინარებებისა და წამების შედეგად. საომარი მოქმედებები მძიმე დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას და ამწვავებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას ქვეყანაში. გაეროს მტკიცებით, იემენში, მოსახლების თითქმის 80% საჭიროებს მხარდაჭერას და დაცვას; ამასთან, იემენის ორი მესამედი უკვე შიმშილის ზღვარზეა. 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, 3.3 მილიონი პირი კვლავ იძულებით გადაადგილებულია. ACLED-ის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული, პირდაპირ ძალადობას 100 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. დიდია არაპირდაპირი ფატალური შედეგების რიცხვი, რომელსაც კონფლიქტის თანმდევი შიმშილობა და დაავადებები იწვევს.

როგორც ჰუტი ამბოხებულები, ასევე ხელისუფლების მომხრე ძალები იყენებენ აალებად იარაღს, რომელიც ეფექტურია ფართო ტერიტორიაზე. ისინი აზიანებენ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რაც ბევრი ადამიანის იძულებით გადაადგილებას, ასევე, სიკვდილსა და დაშავებებს იწვევს.[3]

2019 წლის ივნისის მდგომარეობით იემენში არსებული ფრონტის ხაზები.

2019 წლის ივნისის მდგომარეობით იემენში არსებული მთავარი საბრძოლო ფრონტები.[4]

[1] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Yemen, 18 February 2020

 (accessed on 10 March 2020)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Yemen, 14 January 2020

 (accessed on 10 March 2020)

[3] Center for Civilians in Conflict (formerly: CIVIC – Campaign for Innocent Victims in Conflict): “We did not know if we would die from Bullets or Hunger”; Civilian Harm and Local Protection Measures in Yemen, January 2020

 (accessed on 10 March 2020)

[4] European Council on Foreign Relations; Mapping Yemen Conflict; available at: https://www.ecfr.eu/mena/yemen# [accessed 10 March 2020]